ბექა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება, იქცა მსხვილი ბიზნესის ასოციაციად და მათ ლობისტად
თამარ მუკბანიანი
(08.09.2020)

საქართველოში მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი იქნება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი კომიტეტზე გუშინ განიხილეს. 

საქართველოში პირველად იქმნებოდა შესაძლებლობა, რომ დადგენილიყო მინიმალური ხელფასის გამოთვლისა და განსაზღვრის წესი. მისი ოდენობა ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავდა საქართველოს მთავრობა, ანუ ხელფასის ზღვარი ყოველწლიურად გადაიხედებოდა. 

კანონპროექტი ადგენდა მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასად არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინა წლის მე-3 კვარტალში დადგენილი საშუალო ანაზღაურების 45%- ზე ნაკლები. 

კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კენჭი უყარეს, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა. ამიტომაც მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

დამოუკიდებელი დეპურატის, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება, იქცა მსხვილი ბიზნესის ასოციაციად და მათ ლობისტად. 

"ორი არგუმენტია კანონპროეტი რატომაც ჩავარდა: ერთი არის ის, რომ ოპოზიციამ შეიტანა, ანუ ამ შემთხვევაში მე. როგორც წესი, "ოცნებამ" დანერგა ეს მანკიერი პრაქტიკა, რომ ოპოზიციის შეატნილ ცვლილილებებს მხარს არ უჭერს. მეორე კი ისაა, რაც ასევე ძალიან მანკიერი რამაა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება იქცა მხსხვილი ბიზნესის ასოციაციად და მათივე ლობისტად. მხოლოდ მათ მოთხოვნებს ითვალისწინებს და ასე დგამს ყველა ნაბიჯებს. ვინც მხარს არ უჭერს ასეთ ცვლილებას, საკუთარ სინდისთან ვერ მოდიან თანხვედრაში. 

მთავრობის მხრიდან, დაწუნების მიზეზი, ტექნიკური დეტალები გახდა და არა შინაარსობრივი. ალბათ ამითაც თვალსაჩინოა საზოგაოდებისათვის, რასთან გვაქვს საქმე. ეს იყო ისტორიული პროცესი, როცა მინიმალური ხელფასის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო და სხდომას მხოლოდ 7 დეპუტატი დაესწრო“, - განუცხადა "რეზონანსს" ნაცვლიშვილმა. 

კომიტეტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტის თანაავტორ ორგანიზაციაში, ,,სოლიდაროდბის ქსელში” კი აცხადებენ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არ არის დაფასებული მშრომელები, არ არსებობს დემოკრატია და არც განვითარება. პროფკავშირში, ამბობენ, რომ კანონპროექტის ჩაგდების ერთადერთი მიზეზი, ბიზნესის მხრიდან ლობირებაა. 

,,საქართველოში მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია 1999 წლის შემდეგ, როცა ეს ოდენობა მაშინდელმა პრეზიდენტმა განსაზღვრა. ქვეყანაში დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან და 229 ათასი დასაქმებულის ხელფასი თვეში 250 ლარზე ნაკლებია. მათ შორის არიან მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები და მომსახურების სფეროში დასაქმებულებიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღმდეგია, ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი და თითქმის 21-ჯერ უფრო ნაკლები გვაქვს განსაზღვრული მინიმალური ზღვარი ჩვენს შემდეგ ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის მქონე ქვეყანასთან შედარებით. 

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არ იზრდება, თუმცა როგორც ვხედავთ, თუნდაც ჰოსპიტალურ სექტორში „ევექსის“ მოგება წლიდან წლამდე ასობით მილიონით მატულობს, ხოლო ექთნების ანაზღაურება წლებია 140-დან 400-ლარამდე მერყეობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანში მინიმალური ხელფასი, რომელიც იქნება სტანდარტი და რომელზეც დაბალი ანაზღაურება არ შეიძლება იყოს, ეს არის 500 ლარი თვეში.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა ღირსეულად დაფასდეს მშრომელების შრომა და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ, სოციალურად ძლიერი სახელმწიფოს არსებობას. იქ, სადაც დასაქმებულები არ არიან დაფასებული, არ არსებობს დემოკრატია და არც განვითარება! სამწუხაროა, მაგრამ ეს პარლამენტი არ არის დასაქმებულიების უფლებების კანონშემოქმედი”, - აღნიშნა "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა ,,რეზონანსთან” საუბრისას. 

კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კენჭი უყარეს, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრებს შორის, ორი ცნობილი ბიზნესმენი -ისკო დასენი და კახა ოქრიაშვილი არიან, ასევე, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ნატო ჩხეიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე