“ჩორჩანის ტყეში ბაზისმაგვარი რამ შენდება, ეს სტანდარტული საგუშაგო არაა, ამ მასშტაბებს უკვე გასცდნენ“
თამთა ჩაჩანიძე
(10.10.2019)

 „რომ არა ბლოკპოსტი, ჩორჩანაში მდგომარეობა ასეთი ტემპერატურააწეული არ იქნებოდა, არ იქნებოდა ოკუპანტების საგუშაგოები წნელისი- ჩორჩანას ტყეში, ეს ტერიტორია ყურადღების მიღმა დარჩებოდა და აღარ განხორციელდებოდა ის ღონისძიებები, რაც მანამდე ხორციელდებოდა" - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც განიხილეს ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების საინჟინრო სამუშაოები, რომელიც მუდმივ რეჟიმშია.

„ხელისუფლების მიმართ კითხვა არაერთხელ დამისვავს, რომ რამ განაპირობა ჩორჩანა-წნელისის ტყეში ქართული მხარის მიერ საგუშაგოს დადგმა ისე, რომ ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო. ერგნეთის შეხვედრები, ოკუპაციაზე რეაგირების მექანიზმია, რომ ინციდენტები არ უნდა დაუშვან და „ქართულმა ოცნებამ" რატომ გააკეთა ის, რაც 2012 წლიდან მოყოლებული არ გაუკეთებია, ეს გაუგებარია.

„ასეთ რაღაცეებს „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, ფაქტის წინაშე აყენებდა ხოლმე ოსურ ან აფხაზურ მხარეებს, შემდეგ ისინი შესაბამისად პასუხობდნენ და კიდევ უარეს მდგომარეობაში აგდებდნენ ქართულ მხარეს.

„ქართულმა ოცნებამ" მისი მმართველობის პერიოდის განმავლობაში პირველად გადადგა ასეთი ნაბიჯი ისე, რომ ეს საკითხი არ განიხილა არც ჟენევაში, არც ერგნეთში და უცებ წნელისთან ახლოს განათავსა ქართული საგუშაგო, მათ ვერ გათვალეს შესაძლო რეაქცია და შედეგები, ეს რა თქმა უნდა, მათ არაკომპეტენტურობაზე და არაკვალიფიცირებაზე მეტყველებს.

„სულ ვამბობდი, რომ რუსები ბლოკპოსტის დადგმას ასე უპასუხოდ არ დატოვებდნენ, ვამბობდი, რომ ჩვენი ბლოკპოსტის გარშემო სულ ცოტა 2-3 საგუშაგოს მაინც ჩადგავენ მეთქი და ზუსტად ასე უპასუხეს.

"ქართული მხარე წინდაუხედავად მოიქცა და ასეთ უსიამოვნო და უხერხულ შედეგებს ახლა ვიმკით - რუსეთის მხრიდან გააქტიურებული და გაათკეცებულია აგრესია და საპასუხო ნაბიჯები. იმედია, ჟენევაში ეს საკითხები თავის დროზე უნდა განხილულიყო, მაგრამ იმედია ახლა მაინც განიხილება და გარკვეულ მექანიზმზე შეთანხმდებიან, რათა აღარ გაგრძელდეს ამ ტიპის მოქმედებები" - განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, საერთასორისო თანამეგობრობა მხარს ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად ქართულმა მხარემ არასწორი ნაბიჯის გამო, ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის საქართველოს მხარესაა და იცავს მის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის სიმართლე, ჩვენი მხარე ყოველთვის შესაბამისად იქცევა, როგორც აღებული აქვს ვალდებულებები.

"საქართველოს ერთადერთი ძალა სიმართლეა, რომ ის სწორად იქცევა და არ აყენებს საერთაშორისო თანამეგობრობას უხერხულ მდგომარეობაში - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისინი ხმამაღლა ვერ გვიცავენ იმიტომ, რომ იციან, რომ აქ ქართული მხარის რაღაც გარკვეული ნაბიჯებიცაა გადადგმული.

„გულახდილად გეტყვით, ამ ეპიზოდს არაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში ასე რომ არ გაგრძელდეს, საჭიროა ქართული მხარე ყოველთვის თავისი ხალხის წინაშე მართალი იყოს და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„დასავლეთს პრობლემები სხვა მიმართულებებით აქვს, იგი საქართველოს მიმართ საკმაოდ ჩამოყალიბებულია, ის ცალსახად იცავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, იგი ფიქრობს რომ (ამ კონკრეტული ეპიზოდის გარდა) საქართველო საკმაოდ კორექტულად იქცევა, დასავლეთი ცოტა თვითონაც დაიბნა იმიტომ, რომ საქართველოსგან წინდაუხედავ ნაბიჯს არ ელოდა. შესაძლოა დასავლეთს სირიაში ან სხვაგან პრობლემები აქვს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მკაფიოდ გამოხატულ მხარდაჭრას აფიქსირებს.

„რომ არა ბლოკპოსტი, მდგომარეობა ასეთი ტემპერატურააწეული არ იქნებოდა - არ იქნებოდა საგუშაგოები წნელისი-ჩორჩანას ტყეში, ეს ტერიტორია ყურადღების მიღმა დარჩებოდა და აღარ განხორციელდებოდა ის ღონისძიებები, რაც მანამდე ხორციელდებოდა, უკეთესობა არ იქნებოდა, მაგრამ არც ასეთი დაძაბულობა იქნებოდა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„რეზონანსი" ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებისა და ბოლო ცნობების გასარკვევად ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას დაუკავშირდა, იგი ჩორჩანიდან  დავით გარეჯში ვითარების გასარკვევად გაემგზავრა, მან ორივე ლოკაციის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. 

იგი ამბობს, რომ ჩორჩანის ტყეში ოკუპანტები შეუჩერებლად ახორციელებენ სამხედრო ბაზის მშენებლობას, რომლის შესახებაც მოძრაობა უახლოეს მომავალში საზოგადოებას დოკუმენტურ მასალას შესთავაზებს.

„ჩორჩანაში საინჟინრო სამუშაოების პროცესი არ ჩერდება, ჩვენ ამის შესახებ მალე დავდებთ შესაბამის დოკუმენტურ მასალას, ბუნებრივია ექსპერტებსაც მოვთხოვთ, რომ შეაფასონ იმ მშენებლობის და სამუშაოების მასშტაბები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს. შევეცდებით შევაფასოთ ის მიწის და ტყის მოცულობის დანაკარგი, რომლებიც რუსებმა დაიკავეს და რომლებსაც უმიზნებენ.

„ვფიქრობთ, რომ ჩორჩანის ტყეში ბაზისმაგვარი რამ შენდება, ეს სტანდარტული საგუშაგო არაა, ამ მასშტაბებს უკვე გასცდნენ" - განაცხადა მან.

ქაცარავამ დავით გარეჯში მიმდინარე ვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და იქ ჩასულებს მათთვის სრულიად მიუღებელი ვითარება დახვდათ.

„დღეს ჩვენ დავით გარეჯში განვაახლეთ პატრულირება, რომელიც ჩორჩანის კრიზისის პერიოდში იძულებულები ვიყავით, რომ შეგვეწყვიტა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ 15 სექტემბრისთვის აღდგებოდა სტატუსკვო, ანუ აღდგებოდა წვდომა ჩიჩხიტურის უდაბნოსა და აღდგომის ტაძრებთან, სამწუხაროდ ხელისუფლების დაპირება არ შესრულდა.

„პირიქით, ჩვენ მივიღეთ თავის დროზე ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება იმის შესახებ, რომ შენდებოდა სამხედრო ბაზა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ამ ინფორმაციას მალავდა, შემდგომში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს დროებითი ბაზაა, რომლის დემონტაჟიც მალევე უნდა მომხდარიყო, მაგრამ რამდენიმ დღის წინ სანაცვლოდ მივიღეთ საზეიმოდ გახსნილი თანამედროვე, საკმაოდ დიდი, სტაციონალური, აღჭურვილი სამხედრო ბაზა, რომელიც განლაგებულია უდაბნოსა და აღდგომის ტაძრების მისასვლელთან.

„ოფიციალური ბაქოს მიერ გაჟღერებულია გზავნილი, რომ ეს ბაზა გაკეთდა იმისთვის, რომ დაიცვას აზერბაიჯანის მიწა-წყალი, ამას დაემატა აზერბაიჯანულ მედიაში საკმაოდ აგრესიული რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიებს არ დათმობენ, რომელშიც დავით გარეჯი იგულისხმება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი არაა, მხოლოდ მივიღეთ ის, რომ პრემიერ-მინისტრი ბაქოში ჩავიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ჩემთვის უცნობია, იმედია, რომ ამის შედეგად სტატუსკვო მაინც აღდგება, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დასრულებამდე მაინც.

„ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პროცესი, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, სანამ დელიმიტაციის კომისია მუშაობას არ დაასრულებს, სადაო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არანაირი მოქმედების განხორციელება არ შეიძლება, რასაც აზერბაიჯანი ცალმხრივად და უხეშად არღვევს და ჩვენ შეზღვუდვებს გვიწესებს, ისინი ძალიან გაღიზიანებული ტონით გვეურთიერთებიან" - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე დრონის საშუალებით ვითარების გადაღების საშუალებას არ აძლევს, რადგან, მისივე თქმით, ეს ფაქტი მათ აღიზიანებთ.

„ჩვენ აზერბაიჯანულმა მხარებ შემოგვითვალა, რომ თუკი დრონი შემთხვევით მათ საჰაერო სივრცეს გადაკვეთს, ისინი ამას ესვრიან და ისინი მოითხოვენ, რომ ჩვენს კონტროლირებად საჰაერო სივრცეშიც არ მოხდეს დრონის ფრენა, ვინაიდან ეს მათ აღიზიანებთ, ქართული მხარე კი ყველა მათ კაპრიზს პირნათლად ასრულებს.

„დღეს ჩიჩხიტურის ტაძრის მიმდებარედაც კი არ მიგვიშვეს, საუბარი არაა ტაძარში შესვლაზე, არამედ მიმდებარედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი.

„მინდა საზოგადებას შევახსენო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჰუჯაბის მონასტერი სომხებს დაუთმო, დღეს მონასტერი მოქცეულია სომხეთის სახელმწიფო საზღვრის შიგნით, ფაქტობრივად სამუდამოდ დაიკარგა ქართული ხუროთმოძრღვრების ძეგლი. ეს პოლიტიკა გრძელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ და ეს სადამდე მიგვიყვანს, ძალიან რთულად წარმოსადგენია." - განაცხადა ქაცარავამ.

ჩაწერა სახელი