ტატა შოშიაშვილი
(18.08.2019)

 უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აგვისტოს ოდესის აეროპორტში უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი დააკავა, რომელსაც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამ ინფორმაციას რუსული მედია დონბასელი სეპარატისტებზე დაყრდნობით ავრცელებენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა ქართულ-უკრაინული ურთიერთობის დასაზიანებლად გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყოს. მითუმეტეს, რომ თავად უკრაინის ხელისუფლებაზ ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსული მედიის მონაცემებით, საუბარია უკრაინის საზღვაო ქვეითთა 503-ე ბატალიონის 36-ე ბრიგადის ოფიცერზე, რომელიც საქართველოში გამართულ ნატო-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა და 9 აგვისტოს დაბრუნდა უკრაინაში. მას იმაში სდებენ ბრალს, რომ საქართველოში ყოფნისას ქართულ დაზვერვას გასაიდუმლოებული ინფორმაცია გადმოსცა უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შესახებ.

ამასთან, დონბასელი სეპარატისტების ინფორმაციით, დაკავებული ოფიცერი დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინულ მხარეს მებრძოლ ქართულ ბატალიონში მსახურობდა და ქართული დაზვერვის მიერ მისი გადაბირებაც იმ პერიოდში მოხდა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ზუსტი განმარტებების გაკეთება იქამდე, სანამ თავად უკრაინული უშიშროების სამსახური არ გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით, რთულია, თუმცა შესაძლებელი რამდენიმე ჰიპოთეტური ვერსიის დასახელება, რომლის გამოც, შესაძლოა, უკრაინელი სამხედრო დააკავეს:

„ეს ინფორმაცია ცოტათი უცნაურია და, ალბათ, უმჯობესია, რომ დაველოდოთ უკრაინის უშიშროების სამსახურის მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი და რას ნიშნავს ეს.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ჩვენი სადაზვერვო ინტერესები გვაქვს უკრაინაში, მაგრამ ის, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შესახებ მოვიძიოთ ინფორმაცია - ეს ფანტასტიკაში გადადის, რადგან საქართველოს უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ათასი წელი არ სჭირდებოდა. თუ მართლა მოიპოვეს, ჰიპოთეტურად, დასავლეთისთვის სპეცსამსახურების სასარგებლოდ, მაინც არ სჭირდებათ, რადგან უკრაინა ისედაც თანამშრომლობს დასავლეთთან.

„შესაბამისად, ამ შემთვევაში იკვეთება რამდენიმე ვარიანტი: ეს ან დეზინფორმაციაა, რაც სტრატეგიული კომუნიკაციური ხრიკია, რომელიც მიზნად საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაუარესებას ისახავს, რაც ორგანიზებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რადგან დონბასელი სპეცსამსახურები პირდაპირ არიან დამოკიდებულნი რუსეთზე.

„მეორე შემთხვევაში, თუ ამ ფაქტს მართლა ჰქონდა ადგილი, ალბათ, სასურველია, რომ უკრაინის ოფიციალურმა მხარემ გააკეთოს განცხადება ამის შესახებ, რადგან თუ რამეა, უკრაინის მხარე არ დამალავს იმას, თუ რა მიზნები იყო ამ ფაქტის უკან.

„აღსანიშნავია, რომ თუ ეს მართლა მოხდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებს სულ მცირე ნახევრიდან წელიწადნახევრამდე უფრო ადრე ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ.

„კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ თუ ასეთ ფაქტს მართლა ჰქონდა ადგილი შეიძლება, რომ უკრაინულმა მხარემ ეს არ გააჟღეროს, რადგან საქართველო სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარია უკრაინის. თუ ეს ფაქტი მართლა მოხდა, შეიძლება, რომ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია არ გააჟღერონ", - განაცხადა მან.

ვახტანგ მაისაია საუბრობს კიდევ ერთ ვარიანტზე, რომელიც შესაძლოა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხებოდეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ქართული ბატალიონის წევრთა ნაწილთან:

„12 ქართველი ლეგიონერია კიდევ დაკავებული, რომელთაგან სამს ბრალი ბრალდება ანტისამთავრობო ქმედებების და აგიტაციის მუხლით უკვე წარუდგინეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს მიხეილ სააკაშვილთან და მის პრორუსულ საქმიანობასთან, რადგან „ქართულ ლეგიონს" მთლიანად ის აკონტროლებს.

„როგორც წავიკითხე, გამოდის, რომ ამ ჰიპოთეტური ჯაშუშის საქმე უკავშირდება „ქართულ ლეგიონს", რომელთა მიმართ თავად უკრაინელ სპეცსამსახურებს გააჩნიათ კითხვები. ეს ეხება ლეგიონის იმ ნაწილს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. თან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შემჩნეული იყო პოროშენკოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელიც უკანაც რუსეთი დგას და სააკაშვილსვე მიღებული აქვს ხუთასი ათასი დოლარი დონბასელი სეპარატისტების დამფინანსებელ და რუსეთის სპეცსამსახურების კოორდინატორ სერგეი კურჩენკოსაგან, მაშინ ისმის შეკითხვა - რატომ გადაუხადა კურჩენკომ ეს თანხა სააკაშვილს? იმისთვის ხომ არა, რომ მან საკმაოდ ფასეული ინფრომაცია მიაწოდა კურჩენკოს მეშვეობით რუსეთის სპეცსამსახურბს? მათ შორის უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შესახებ, რომლის ინტერესი შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს?

„ძალიან დიდი ეჭვით დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს აინტერესებდათ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება. რეალურად ეს ინფრიმაცია, პირველ ყოვლისა, აინტერესებს რუსეთის სპეცსამსახურებს. გამოდის, რომ თუ ეს ადამიანი გადაიბირეს „ქართული ლეგიონის" მებრძოლებმა და სთხოვდნენ ამ ინფორმაციის მათთვის მიწოდებას, ეს ინფორმაცია წავიდოდა არა ვაშინგტონში და თბილისში, არამედ მოსკოვში", - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ჩაწერა სახელი
ucnobi (19.08.2019)
ქართველებს ჯაშუში გვყავს? რას როშავთ ხალხო,რისი თავი გვაქვს,სასაცილოა უბრალოდ.

ბესოო (19.08.2019)
ეტაი მაგის თავი გვქონდეს რო უკრებთანაც გვყავდეს აგენტურა:)