თამარ შუკვანი
(12.02.2019)

 „ეს არის ორმხრივი ურთიერთობის და ცალკე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება. ეს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. ბერლინში შეხვედრა 19-21 თებერვალს შედგება. მანამდე, 17-19 თებერვალს, ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისრაფიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა. განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება.

მენაღარიშვილი ამ ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის აქტივიზაციას გამოიწვევს და ამასთანავე, ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობას გააღრმავებს.

„ბუნებრივია, სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა ქვეყნის წამყვანი პარტნიორი სახელწიფოების ლიდერებთან ყოველთვის ხაზგასმულად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ. მითუმეტეს არც გერმანიის და არც საფრანგეთის ლიდერები არ გახლავთ უბრალოდ პარტნიორი სახლემწიფოები, ისინი არიან ევროპისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები. ხოლო ევროკავშირი საქართველოს თავის სტრატეგიულ მიზნად აქვს არჩეული და აქედან მოდის სრულიად ნათელი ამოცანა, რომელიც ამ ვიზიტებს ექნება.

„არსებობს ამგვარი შეხვედრების დღის წესრიგში სხვა ნუსხაც, კერძოდ, ორმხრივი თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გერმანია საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებს შორის წამყვანი პარტნიორია. საფრანგეთიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპულ სცენაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი პარტნიორია," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ჩაწერა სახელი
2019 (13.02.2019)
ვიზიტები ფასდება შედეგებით და უკვე მომაბეზრებელია თითქოს მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ნატოს კარი ღიაა, ამისთვის არც თანხები უნდა იხარჯებოდეს და არც დრო...