შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები საბოლოო დეტალებს თბილისსა და მოსკოვში მარტის ბოლოს შეათანხმებენ
თიკო ოსმანოვა
(13.02.2017)

 საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის მონაკვეთზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც საზღვრის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, თბილისსა და მოსკოვს ბოლო ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად მარტის ბოლოეს ეწვევიან. ამას თბილისში და მოსკოვში განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომლითაც რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს პრაქტიკულად საქართველოს ნაწილად აღიარებს. შვეიცარიელი მებაჟეები კი, რომლებიც როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუსთან დადგებიან, გარკვეული თვალსაზრისით ქართველი მებაჟეების შემცვლელები იქნებიან.

რუსული მხარის ინტერპრეტაცია კი ასეთია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დათბობა გრძელდება და ახლა მხარეები პირდაპირი ვაჭრობისათვის ახალი კორიდორების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, შვეიცარიელები კი სწორედ ამ კორიდორების თავსა და ბოლოში იდგებიან. ქართული მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორების გახსნას დათანხმდა, რაც ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვასა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლას გააიოლებს.

ორივე ამ ინტერპრეტაციაში პოლიტიკური მიდგომები ჩანს. ოფიციალური თბილისი ერიდება იმაზე აქცენტირებას, რომ შვეიცარიელი მებაჟეები არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთთან დადგებიან - ფსოუსა და როკის გვირაბზე, არამედ ოკუპაციის ხაზთანაც - ზუგდიდსა და გორში.

რუსული მხარე კი ისეთ სურათს ხატავს, რომ შვეიცარიელებს მარტო იმ ტვირთის გაკონტროლების უფლება ექნებათ, რომლი ოკუპირებულ ტერიტორიებს ტრანზიტით გაივლის. ანუ შეამოწმებენ მხოლოდ იმ ტვირთს, რომელიც, ვთქვათ, სოჭიდან ქუთაისში მიდის, მაგრამ ვერ შეამოწმებენ სოჭიდან მომავალ ტვირთს, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილიც სოხუმია. რეალურად, შვეიცარიელ მებაჟეებს ნებისმიერი ტვირთის აღრიცხვის უფლება აქვთ, რომელიც საზღვარზე გაივლის, მიუხედავად მათი დანიშნულების ადგილისა..

ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის, 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.

აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ამ საკითხზე საუბარი, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორისაც შედგა. როგორც აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი.

"ხელშეკრულებაში დეტალურადაა ყველაფერი გაწერილი - პარამეტრები, თუ სად და როგორ დადგებიან შვეიცარიელები. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და უნდა მოხდეს კონტრაქტზე ხელმოწერა.

"მესაზღვრები იდგებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართულებით საზღვრის ორივე მხარეს. ასევე ჩვენთან ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშკერულებაში. თუმცა, ძალიან ბევრი ნიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას აბაშიძე.

სავაჭრო დერეფნის ამოქმედების დეტალებზე კარასინმა გამომცემლობა "კომერსანტთან" ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა გადაწყვიტეს მხოლოდ იმ საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტა, პრინციპში, შესაძლებელია "წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე" (მოსკოვისა და თბილისისთვის ესაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი, ასევე ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების ყოფნა).

კარასინი ამბობს, რომ საუბარია, 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად, კი კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება. მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში სოფელ ნართან აიღებს გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა, კარასინი აქვე განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კორდინატებზე უნდა შეთანმხდნენ.

"ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკული განხრით. ახლა გავაგრძელებთ მოქმედებას იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ამუშავდეს.", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გამარტივებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, კორიდორების გახსნა ამ ხელშეკრულებასთან კავშირში არ არის.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი განმარტებითაც, საუბარია 3 სავაჭრო დერეფანზე და მოხდება აბსოლუტურად ყველა სატრანსპორტო ტვირთის შემოწმება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს გაივლის.

"ზუსტად არ მახსოვს კორდინატები, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში დადგებნიან ფსოუს ჩრდილოეთით, სამხრეთ ოსეთის შეთხვევაში - როკის გვირაბის ჩრდილოეთით. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ეს არის ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორია და ცხინვალის შემთხვევაში - გორთან. ასევე იქნება მესამე დერეფანი ყაზბეგში ზემო ლარსის ორივე მხარეს. იქ მოკლე კოორიდორია და იქნებიან აქეთ და იქით საზღვარის გასწვრივ.

"ასე რომ, განხორციელდება ყველა ტვირთის შემოწმება, რომლებიც ამ დერეფნებს გაივლის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ოპერატორი მიიღებს ინფორმაციას და გაატარებს ერთობლივ ბაზაში, რომელიც შეიქმნება. ბუნებრივია, მონიტორები თვითონ წყვიტენ რისკების მენეჯმენტის საკითხს. ვალდებულებაა, რომ ყველა ტვირთი აღჭურვილი იყოს ჯი-პი-ესით, რომ მიადევნონ თვალი, სად და როგორ მიდის.

"ხელშეკრულებაში სპეციფიურად წერია, რომ საუბარია ყველა ტვირთზე, რომელიც შედის ან ტოვებს მონიტორს. ეს არ იძლევა აზრთა სხვადასხვაობის და ბუნდოვანების საბაბს.

"რუსეთს თავის დროზე უნდოდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაეწერა ისეთი რამ, რომ არ მომხდარიყო სოჭიდან სოხუმში მიმავალი ტვირთის შემოწმება. თუმცა ეს პრინციპული საკითხი იყო და ეს არ დავუშვით. ახლა კი ამის შეცვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში წერია, მისი შეცვლის მექანიზმი კი არ არსებობს. გამორიცხულია, რომ მონიტორინგი სოხუმისა და ცხინვალის ტვირთებს არ შეეხოს", - გვითხრა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა ქართულ-რუსული პირდაპირი ვაჭრობის გამარტივება, თუმცა გარკვეულწილად ამასაც მოიცავს.

"ეს ხელშეკრულება თუ ამოქმედდა, სრულად გამარტივდება პირდაპირი და ტრანზიტული ვაჭრობა. ეს ხელშეკრულება აწესებს მონიტორინგის მექანიზმს, სადაც არსებობს ვაჭრობა.

"რაც შეეხება კორიდორის გახსნას, ეს ცალკე გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღონ მთვარობებმა. ასე რომ, სატრანსპორტო კორიდირების გახსნა არის დამოუკიდებელი ამ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულება ეხება მარტო ტვირთის მონიტორინგს", - განუცხადა "მთელ კვირას" კაპანაძემ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს ხედავს.

"ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ტვირთი, რომელიც უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექვემდებარება შემოწმებას. მაგრამ

"ჩვენ ამით მხოლოდ პოლიტიკური ქულები დავიწერეთ, თორემ, ობიექტურად რომ გითხრათ, ამას რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ექნება. უბრალოდ, პოლიტიკურად ხაზი გაესმევა, რომ ტერიტორიები არის უკონტროლო და აქედან გამომდინარე ახორციელებენ ტვირთების შემოწმებას. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ საავტომობილო ტვირთს. მართალია, ცხინვალში სხვა გზით ტვირთი ვერ მოხდება, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს არ ეხება საკრინიზგო ტვირთს.

"რუსულ პრესაში წერენ, რომ ამას რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ტყუილია. ამას მთვარი აქვს პოლიტიკური დატვირთვა. რუსეთს კი არ უნდა უბრალოდ ამის გამოაშკარვება და ამის ხაზგასმა. ქართულ მხარეს კი ზუსტად ეს სჭირდება", - გვითხრა არეშიძემ.

ჩაწერა სახელი