"ბევრი ურეკავდა მეგობრებს, ძალიან ძვირია და არ ჩამოხვიდეთო..."
მარიამ აფციაური
(04.09.2014)

 60 000 სტუმრის ნაცვლად, 12 000 ვიზიტორი, 40-მილიონიანი შემოსავლის მაგიერ ვალები. ანაკლიელები ფესტივალ "კაზანტიპის" შედეგებით უკმაყოფილონი არიან. შედარებით სტაბილურია ვითარება სასტუმროებში. ადგილობრივებისგან განსხვავებით, ისინი ზარალში არ გადავარდნილან, თუმცა არც ფინანსურ მოგებაზე საუბრობენ.

"კაზანტიპმა" ანაკლიელები ვალში გადააგდო. ისინი ფესტივალს ჩავარდნილად მიიჩნევენ. ამის მიზეზი პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასი, ლარსის ჩაკეტვა და საქმის არასწორი მართვა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიას 12 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, თუმცა როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, ეს ციფრი 5000-ს არ აღემატებოდა.

შედარებით უკეთესი ვითარებაა ანაკლიაში მდებარე სასტუმროებში. ორგანიზატორებმა ყველა ნომერი ერთი თვით ადრე დაჯავშნეს, შესაბამისად, მოულოდნელ შედეგებს მათ მუშაობაზე არ უმოქმედია. მიუხედავად ამისა, რაიმე განსაკუთრებულ შემოსავალზე საუბარი ზედმეტია. სასტუმროს წარმომადგენლების ინფორმაციით, სტუმრების რაოდენობა და მოგება წინა ზაფხულის ანალოგიური იყო.

"შარშანდელ აგვისტოს თვეს თუ შევადარებთ, სხვაობა არ ყოფილა. ჩვენი მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. სასტუმრო პატარაა, სულ 42 ნომრისგან შდგება. იგი სრულად იყო დაჯავშნილი. ეს მოხდა წინასწარ, სანამ "კაზანტიპი" დაიწყებოდა. ჩვენთან იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები, ცხოვრობდნენ უკრაინელები, ამერიკელები და ინგლისელებიც. ქართველი არ გაჩერებულა, მხოლოდ უცხოელები ქირაობდნენ.

ორადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით ჩვენთან 201 ლარი ღირს, ლუქსის ფასი 318 ლარს შეადგენს. ფასები და დატვირთვა იგივე იყო, რაც 2013 წლის აგვისტოში", - აცხადებს სასტუმრო "ანაკლიას" აღმასრულებელი მენეჯერი შორენა უჩანეიშვილი.

სასტუმროები "კაზანტიპის" პერიოდში 100%-იანი დატვირთვით მუშაობდნენ, თუმცა როგორც "რეზონანსს" გაუმხილეს, სტუმრების რაოდენობა და ფინანსური მოგება წინა წელსაც იგივე ყოფილა.

ერთადერთი სასტუმრო, რომელსაც ფესტივალის შედეგად შემოსავალი გაეზარდა "პალმა ბიჩი" იყო. მის მუშაობას წლევანდელ სეზონზე ის გამოარჩევდა, რომ რესტორანი 24 საათის განმავლობაში ჰქონდათ ღია, რამაც შარშანდელთან შედარებით მოგება მცირედით გაზარდა.

"სტუმრის შემოსვლა და თანხის გადმორიცხვაც ჩვენთან ჩვეულებრივად მოხდა. დამსვენებლები მხარჯველები იყვნენ, რადგან რესტორანი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. წინა წლებში ასე არ იყო, ამიტომ შემოსავალი წელს შედარებით მეტი გამოგვივიდა. ჩვენთან ფესტივალის დამსწრეები კი არა, უშუალოდ მონაწილეები ცხოვრობდნენ.

ზოგადად, დატვირთვის თვალსაზრისით, წლევანდელ სეზონზე არაფერი შეცვლილა, რაც იყო შარშან, წელსაც იმდენივე სტუმარი მივიღეთ. სხვაობა ის იყო, რომ ახლა ფესტივალის ხალხი გვყავდა, ხოლო 2013 წელს უბრალო დამსვენებლები. ჩვენი სასტუმრო შარშანაც 100%-იანი დატვირთვით მუშაობდა", - აცხადებს სასტუმრო "პალმა ბიჩის" მენეჯერი ლელა სულეიმანიშვილი.

სასტუმროების მფლობელებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივები. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნეს, მათი მოლოდინი არ გამართლდა. სტუმრების სიმცირეს ანაკლიელები ლარსის ჩაკეტვას და პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასის რადიკალურ ცვლილებას უკავშირებენ.

ანაკლიაში მაცხოვრებლებმა ჩვენთან იმ ხარჯზეც ისაუბრეს, რაც ფესტივალის წინ გაიღეს. ზარალი ძალიან შთამბეჭდავია, რადგან ხალხმა კარგი სტუმარ-მასპინძლობისთვის ბანკიდან კრედიტი აიღო. მოლოდინიც დიდი იყო, იმედგაცრუება კი კიდევ უფრო დიდი.

"რასაც ამბობდნენ, იმ რაოდენობასთან შედარებით ხალხი ძალიან ცოტა მოვიდა. მაგალითად, თუ ელოდებოდნენ 20 000 კაცს, მხოლოდ 5000 გვესტუმრა (მონაცემს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამბობენ, რომ 5000 სტუმარი ჩამოვიდაო). მე როგორც ვიცი, ამ ფესტივალის ჩატარების მიზანი ტურისტების მოზიდვა უნდა ყოფილიყო და მოხდა პირიქით.

იყო ლარსის ფაქტორი, მაგრამ ამასთანავე ტურისტები ფასებმა დააფრთხო. ბევრი ურეკავდა მეგობრებს, ძალიან ძვირია და არ ჩამოხვიდეთო. აქედან გამომდინარე, არ მივიღეთ ის შედეგი, რასაც რეგიონი ელოდა.

ხალხმა კრედიტი აიღო. ზოგმა რემონტი გააკეთა. ვისაც ერთი აბაზანა ჰქონდა, ორი და სამი მიამატა იმისთვის, რომ სახლი უკეთ გაექირავებინა. ვიღაცამ მცირე ბიზნესი წამოიწყო. ყველა ერთიანად ვალში გადავარდა", - ამბობს ანაკლიის ადგილობრივი მკვიდრი ლელა სულეიმანიშვილი.

სტუმრების სიმცირეზე, ფინანსურ ზარალზე ისაუბრეს სხვებმაც. ადგილობრივები ელოდებოდნენ, რომ შემოსავალი მაღალი, ბრუნვა კი დიდი იქნებოდა, თუმცა როგორც რესპონდენტებმა "რეზონანსთან" აღნიშნეს, ყველაფერი უკუღმა მოხდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ფესტივალი თავიდან ბოლომდე ძალიან არასწორად იყო ორგანიზებული და ამიტომაც ჩავარდა.

ადგილობრივებმა ფინანსურ ზარალზე სააგენტო "ბიპიენთანაც" ისაუბრეს. ანაკლიის ერთ-ერთი მკვიდრი ელზა ჭანტურია სხვების მსგავსად შედეგით უკმაყოფილოა.

"20 სტუმრის მოყვანას დამპირდნენ და მხოლოდ 12 ჩამოვიდა. სტუმრების ამ რაოდენობაზეც თანხის მხოლოდ ნაწილი გადამიხადეს, არადა დიდი მოლოდინი გვქონდა. ჩემ დღეში ბევრი ადამიანია", - აღნიშნა ელზა ჭანტურიამ.

ჩაწერა სახელი