თეონა ვეშაგური
(14.05.2022)

რუსეთის ხელისუფლებამ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე პოზიცია შეიცვალა - ახლა ეს მოსკოვისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ანალიტიკოსთა შეფასებით, სავარაუდოდ, ეს ასევე ეხება მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი ნაკლებად უწევს ანგარიშს რუსეთის მოსაზრებებს და უფრო პრინციპულია გადაწყვეტილების მიღებისას.

განცხადება რუსეთის პოზიციის ცვლილების შესახებ თავდაპირველად გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დმიტრი პოლიანსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, მარტის ბოლოს სტამბულში გამართული მოლაპარაკებისას რუსეთის პოზიცია განსხვავებული იყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აქტიური პრო-უკრაინული პოზიცია დაიკავა და პრაქტიკულად უკრაინისათვის შეიარაღების მთავარი მიმზწოდებელი გახდა. ყველაფერს კი, პოლიანსკის თქმით, საბოლოო წერილი დაუსვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა თავისი ცნობილი განცხადებით.

„იმ მომენტისთვის (იგულისხმება მოლაპარაკება სტამბულში) ჩვენ მაინცდამაინც არ ვღელავდით ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ბატონი ბორელის განცხადების შემდეგ, რომ „ეს ომი მოგებული უნდა იქნეს ბრძოლის ველზე". ვფიქრობ, რუსეთის პოზიცია კიევის სურვილზე შეუერთდეს ევროკავშირს, ახლა მსგავსია იმ პოზიციისა, რომელიც მოსკოვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აქვს," - აღნიშნა პოლიანსკიმ.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა ამავე თემაზე დამატებითი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ მილიტარისტულ მოთამაშედ გადაიქცა" და აქედან გამომდინარე, „უკრაინის ამ სურვილის უწყინარობა, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, სერიოზულ ეჭვებს იწვევს".

როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რუსეთი კვლავ ცდილობს წარმოაჩინოს თავისი უპირატესობა და დაარწმუნოს ყველა, თითქოს სწორედ მის ნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს რომელიმე დამოუკიდებელი ქვეყანა. მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინაში შეჭრამდე უწევდა ანგარიშს რუსეთს, ახლა კი ისინი უფრო პრინციპულები და ერთიანები არიან.

„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ევროკავშირი არის აგრესიული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპებს. ამის შესხებ ორი დღის წინ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და გააკრიტიკა ევროკავშირი.

„გარდა ამისა, მათ სურთ ძალის დემონსტრირება და თავისივე მოქალაქეების დარწმუნება, რომ თითქოს, რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული რომელიმე ქვეყნის მიღება-არმიღების საკითხი ევროკავშირში. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ მათი გადასწყვეტი არ არის რომელ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყანა.

„სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთისგან წამოსული მსგავსი კრიტიკული განცხადებები, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ეროკავშირის გადაწყვეტილებებზე. ევროკავშირი და ნატო უკრაინაში შეჭრამდე უფრო მეტ ანგარიშს უწევდა რუსეთს, ვიდრე ახლა. დღეს ევროპა უფრო ერთიანია და უფრო პრინციპული პოზიცია უკავია თითოეულ ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს საკითხზეც და განმარტა, თუ რამდენად გვაქვს შანსი ივნისში ევროკავშირის წერვობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჯერჯერობით მაინც არ განიხილავს ევროკავშირი. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები, უკან სწევს ჩვენს პერსპექტივებს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა საკითხები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს.

„ამ ეტაპზე სტატუსის მონიჭებას ნაადრევად ჩათვლის ევროკავშირი. იქნება ახალი მოთხოვნები და შემდგომ მოხდება დაკვირვება, თუ რამდენად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს",- განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე