ელზა პაპოშვილი
(13.05.2022)

მარიუპოლში იერიშები „აზოვსტალზე“ კვლავ გრძელდება, უკრაინელი სამხედროები ბრძოლას განაგრძობენ. ისინი ბლოკადაში რჩებიან. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ იქ გარდაცვლილთა ცხედრებია, რომელთა დამარხვასაც „აზოველები“ ვერ ახერხებენ, რამაც შესაძლოა ეპიდემია ეს გამოიწვიოს.

„აზოვსტალზე“ საჰაერო იერიშების რაოდენობა იზრდება, და ეს ქარხნისთვის დამანგრეველია. მტრის არტილერიის, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დახმარებით ქვეითები ცდილობენ ჩვენი პოზიციების გარღვევას. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის, დენეერ-ის კოლაბორანტებისა და ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ. ამ დროისთვის სიტუაცია უკიდურესად მძიმეა,“ - აცხადებს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.     

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გრძელდება საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.

თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა პუტინს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების თურქეთში გადაყვანა დაუშვას. ამის შესახებ ყირიმელი თათრების ლიდერმა, მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აპრილის ბოლოს, აზოვის მეთაურისგან ერდოღანისადმი მიმართვა მიიღო, და აღნიშნული დოკუმენტი მაშინვე გადაეცა თურქეთის მეთაურს.

„ერთი კვირის წინ ერდოღანის მრჩეველი უკრაინაში იმყოფებოდა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა კეთდება ჩვენი გმირებისთვის. ერდოღანი ორჯერ ელაპარაკა პუტინს. ვინაიდან მარიუპოლის პორტი დანაღმულია, მან შესთავაზა გემის გაგზავნა ბერდიანსკის პორტში, თურქ დამკვირვებლებთან ერთად და თურქული მხარე იქნება გარანტი იმისა, რომ ეს მებრძოლები ომის დასრულებამდე იქნებიან თურქეთის სტუმრები. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედროები კი ტყვედ უნდა ჩაბარებულიყვნენ,“ - განაცხადა ჯემილევმა.

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლების გადასარჩენად ვარიანტების ძიება გრძელდება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის,- ამის შესახებ განცხადება თავად უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ მედიასთან გააკეთა. როგორც ზელენსკი ამბობს, ის მზად არის ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, შუამავლების გარეშე დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით.

„რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების საკითხი ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება, ბევრი ადამიანი დაიღუპა. როდესაც ამ ადგილების დეოკუპაციას ვახორციელებთ, ვხედავთ ჩაგვრის, წამების, სიკვდილით დასჯის და განადგურების კვალს, რაც დარჩა რუსი სამხედროებისგან. ეს ართულებს მოლაპარაკებას. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ პუტინთან სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ მასთან,  შუამავლების გარეშე - დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით,“ - აცხადებს ზელენსკი. 

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი პესკოვმაც გაავრცელა,როგორც კრემლის სპიკერი აცხადებს რუსეთი უარს არ ამბობს პუტინის შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ აქვე აღნიშნავს რომ მოლაპარაკებების ჩატარება მომზადების გარეშე შეუძლებელია. 

ამავე დროს, ზელენსკი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონის შუამავლობა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება იმისა, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მაკრონს სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობით, ვერ მიიღო და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ, ვინმესთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო,“ - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.  

უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში. თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც.

„ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.   

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პუტინისთვის  ომის მეორე ფაზაც წარუმატებელი აღმჩნდა, ამიტომ ახლა მისთვის ნიშვნელოვანია მთელი კონცეტრაცია ლუგანსკსა და დონეცკზე მოახდინოს. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს, რომ შავი ზღვის აკვატორიუმში უკრაინის იზოლაცია მოახდინოს. 

„პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას 9 მაისამდე აპირებდა, თუმცა, როცა რუსეთმა საბედნიეროდ წარუმატებლობა განიცადა, ლავროვმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაცია და მისი შედეგები კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდებაო. ამიტომაც პირველ რიგში კონცენტრაცია ისევ და ისევ დონეცკისა და ლუგანსის ოლქებზე იქნება გადატანილი. რუსები ასევე ცდილობენ ოდესის დაბომბვას, რათა შვი ზღვის აკვატორია ხელში ჩაიგდონ და ზღვას უკრაინელები სრულლად მოწყვიტონ. თუმცა მათ წარუმატებლობები აქვთ ხარკოვის მიმართულებით. უკრაინის ჯარებმა წინ საკმაოდ კარგად წაიწიეს და რუსეთის საზღვრამდეც კი მივიდნენ. 

ჯერჯერობით პუტინს მეორე ფაზაც ჩაუვარდა, ამიტომ არაა გამორიცხული მესამე ფაზისთვისაც მოემზადოს. მას ჯერ ხელში არაფერი უჭირავს, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებს, სანამ ყველა რესურს არ გამოლევს. ამის რესურსი  კი მას ჯერ კიდევ აქვს. არც ისაა გამორიცხული, რომ გამწარებულმა ქიმიური იარაღიც კი გამოიყენოს. 

უკრაინის ტერიტორიაზე თეთრი ფოსფორი უკვე გამოყენებულ იქნა კიდეც.  რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევაში ესეც არაა გამორიცხული. მან უკვე იმდენად შეტოპა, რომ ყველაფერს იკადრებს,“ - აცხადებს  ჩიტაძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ ჯარისკაცებს, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ სიტუაცია სავალალოა. უკრაინის ხელისუფლება ყველა ხერხს ხმარობს იმისთვის, რომ ისინი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით დაიხსნას. თუმცა პუტინი კვლავ უარზეა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა სამხედრო გზით მისი დებლოკირება შეუძლებელია, რადგანაც უკრაინულმა ჯარმა 100-კილომეტრზე მეტი რუსებით გამაგრებული ფარი უნდა გაარღვიოს, რომ მარიუპოლამდე მიაღწიოს. ეს კი წარმოუდგენელია, რადგანაც ისინი რუსებისთვის ცოცხალ სამიზნედ იქცევიან.  

„სამწუხაროდ მარიუპოლის და აზოვის პოლკის ირგვლივ ბევრი გაუთვალისწინებელი შეცდომა მოხდა. ჯერჯერობით კონკრეტულად საუბარი რა და როგორ, ადრეა. მთავარია ახლა ეს ხალხი გადარჩეს. ერთი ისაა, როდესაც უკრაინის სამხედრო ხელმძღვანლეობამ დაინახა, რომ მარიუპოლის ირგვლივ ალყა კეთდებოდა, რუსებისთვის ამ რკალის შეკვრის უფლება არ უნდა მიეცა. როგორც მაგალითად ოდესის დაცვისას მოხდა და რუსებმა იქ ეს ვერ შეძლეს. მარიუპოლი კი ყველა მხრიდან რუსების ხელშია. ბრძოლები უკვე „აზოვსტალის“ ქარხნის შიგნით მიდის.  

როგორც აზოვის პოლკის ხელმძღვანელები ამბობენ, პრეზიდენტის მხრიდან უკან დახევის ბრძანება არ გაცემულა. მათ ისევ ბრძოლის ბრძანება აქვთ მიცემული. კი ბატონო, გასაგებია ამ ადამიანების დანიშნულება რაც იყო, მაგრამ სულელები რუსებიც არ არიან. ომი მათაც იციან და კარგად მიხვდნენ, რომ აზოვის პოლკის დანიშნულება იყო მარიუპოლის გარეშემო რაც შეიძლება მეტი რესურსის და ჯარის მობილიზება მომხდარიყო. თუმცა არ ელოდნენ, რომ მარიუპოლი ასე მალე დანებდებოდა. ქარხნის ტერიტორიას ბირთვული თავდასხმის გაძლებაც კი შეუძლია. თუმცა რუსები უფრო მალე მივიდნენ, ვიდრე მათ აზოვის პოლკის მებრძოლები ელოდნენ. ახლა მათ სასწაული თუ იხსნის“, - ამბობს მაისაია.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე