თამთა ჩაჩანიძე
(13.05.2022)

ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მან მოსახლეობას გარანტია მისცა იმისა, რომ საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება.

გარდა ამისა, პრემიერმა საზოგადოებაში ბოლო დროს დაგროვილ კითხებსაც უპასუხა, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

ღარიბაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით აღარ აინტერესებს, არჩევნები კი 2024 წელს ჩატარდება.

„არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა სპეკულაციაა და ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამბობს, რომ სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად, დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს.

„პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა. ვიფიქროთ განვითარებაზე და შენებაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია და საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება.

„ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი იმეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 191 ქვეყანას შორის საქართველო არის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი 550 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინის მოსახლეობისთვის, ამასთანავე, ყველა იმ უკრაინელ მოქალაქეს, ვინც ჩამოსულია საქართველოში, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვცებს სასამართლოზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

„რა ხდება სასამართლოში? - გეტყვით, რომ რაც ხდებოდა 2012 წელს, როცა ჩავიბარეთ, კარგად გვახსოვს, მას შემდეგ 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების. რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, მეგობრებისგან, ყველაფერი თითქმის გავითვალისწინეთ პირველივე წლებში.

„მათი რეკომენდაცია იყო, რომ უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და რეალური დამოუკიდებლობა, მათი პირველი რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, სამი-ოთხი ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის სასამართლო სისტემას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტს კითხვაზე: კარგია ლევან მურუსიძის სასამართლო? - ღარიბაშვილმა უპასუხა: „ეს არის შეურაცხყოფა".

„თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ. რას ნიშნავს მუსურიძის სასამართლო? ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ილაპარაკეთ ყველა ინსტიტუტზე!

„სასამართლო რეალურად იყო ნოტარიუსის ოფისი. მუსურიძე არავინ არ იყო მაგ დროს, იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი. ეს რეალობა იყო. ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მაშინ მსხვერპლი იყო. ასეულობით მოსამართლე იყო მაგ დროს მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, ათასობით პოლიციელი, კეთილსინდისიერი ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ მსხვერპლი სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის. მაგაზე საუბარი აღარ მინდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოებამ მოისმინა ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვებთან და სხვა აქტივობებთან დაკავშირებით შეექმნა და ამდენად, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი უკვე ცნობილია.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაური შეეხო ტურიზმს და ქვეყნის ეკონოიკურ მდგომარეობასაც. ღარიბაშვილის თქმით, ტურიზმის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს და „თითქმის 70%-ით არის აღდგენილი" , ასევე მისი თქმით, ქვეყანას „ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე