ელზა პაპოშვილი
(17.01.2022)

 "ომიკრონის" გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდეს - ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ და არსებულ ეპიდვითარებას აფასებენ. ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მე-6 ტალღისთვის ემზადება. სასწავლო პროცესის დაწყებას არსებულ ეპიდვითარებაში დამატებით გამოწვევად მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით, “ომიკრონის” გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდეს. სპეციალისტი მსგავს ეპიდთარებაზე ჯანდაცვის სექტორს გამოსავალსაც სთავაზობს.

“არის სხვადასხვა პროგნოზები კვლევებზე დაყრდნობით, რომ დღის განმავლობაში გვქონდეს რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა. როდესაც დღეში რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვექნება, უნდა მოხდეს სწორი ტრიაჟი პაციენტების, რომ მსუბუქ პაციენტებზე გადაიდოს გარკვეულწილად ტესტირება და მათი მართვა ბინაზეც შესაძლებელია ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. 

“ხოლო ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადებები, მათი ტესტირება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა, როდესაც მძიმე პაციენტების დროული გამოვლენა ვერ მოხდება და გაგვეზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და ლეტალობაც," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.  

სპეციალისტები "ომიკრონის" ტალღის შეჩერების მხოლოდ 2 შესაძლო გზაზე საუბრობენ, მთავარი მოწოდება ისევ ვაქცინაცია და რეკომენდაციების მკაცრად დაცვაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ომიკრონის შტამით პანდემია არ დასრულდება, არამედ პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები.

"ომიკრონი არ იქნება არანაირად დასასრული, პირიქით, კიდევ წარმოიშვება ახალი ვირუსები, კიდევ მოხდება მათი გავრცელება და მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ მომზადებული და დავხვდეთ ყველა ახალ ვარიანტს და მუტაციას მომზადებული - ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ. ძალიან მძიმედ განვითარდება რაოდენობრივი თვალსაზრისით და მოიცავს მთელს მოსახლეობას. ყველამ უნდა გადაიტანოს ეს ომიკრონი - ასეთია ე.წ. თამაშის ახალი წესებიდან გამომდინარე ახალი მესიჯი ამ ვირუსთან მიმართებაში," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი აცხადებს, რომ პიკურ სიტუაციაში ქვეყანა თებერვლის თვის დასაწყისში შევა.

"ჩვენ ალბათ პიკური სიტუაცია გვექნება უფრო იანვრის ბოლოსკენ-თებერვლის დასაწყისში. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის დაახლოებით ნახევარი, ქვეყანას შეუძლია მობილიზება. 

“განსაკუთრებით ინტენსიური მობილიზება არის პირველადი რგოლის და ონლაინკლინიკების თვალსაზრისით. 2000-მდე ექიმი მთლიანად საქართველოს მასშტაბით იქნება ჩართული ამ პროცესში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამბულატორიულ სექტორზე მოვა უფრო მეტი დატვირთვა, ადამიანებს სჭირდებათ კომუნიკაცია ექიმთან, ხშირად ამას არამარტო სამედიცინო, არამედ ფსიქოლოგიური დამშვიდების ფუნქცია აქვს. ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რათა ეს საკითხები მაქსიმალური ხელმისაწვდომობის კუთხით იყოს ხელმისაწვდომი," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ამასთანავე, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესის დაწყება არსებულ ეპიდვითარებაში დამატებით პრობლემებს გააჩენს. ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შვილები სკოლაში არ წაიყვანონ და სწრაფ ტესტთან ერთად, ვირუსის გამოსავლენად PCR ტესტი გამოიყენონ. 

როგორც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, აუცილებელია სასწავლო პროცესის რეგულაციების დაცვით განახლება. 

"აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს და მიგვაჩნია, რომ სკოლაც მზად უნდა დახვდეს ბავშვებს. მზაობაში ჩვენ ვგულისხმობთ: პედაგოგების, სასწავლო პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური პერსონალის ვაქცინაციას. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მხარეზე, მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ, არის თუ არა ოჯახი მზად იმისათვის, რომ სახლში შექმნას უსაფრთხო გარემო. ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის წევრების ვაქცინაციას, ვინაიდან ინფიცირების მეორე წყარო, ეს არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი. ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე