ელზა პაპოშვილი
(21.10.2020)

ზუგდიდში, სადაც “საქართველოს ბანკში“ 19 მძევალი ისევ დამნაშავის ხელში რჩება, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ზუგდიდის ცენტრში გასროლის რამდენიმე ხმა 14:20 საათზე გაისმა. ქალაქის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი მამაკაცი შეიჭრა. ამ დროს ბანკში 30-მდე მომხმარებელი და 10-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ბანკში მყოფ პირებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვა. პარალელურად, ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო და განგაშის ღილაკს ხელი დააჭირა. მალევე ზუგდიდის ცენტრში ათეულობით სამართალდამცველი გამოჩნდა. 

ბოროტმოქმედი მძევლების გათავისუფლების მიზნით ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. თანხის მიღების შემდეგ კი - ვერტმფრენს, ან ავტომობილს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 19 ადამიანი ამ დრომდე მძევლად რჩება. კადრების მიხედვით, არცერთ მათგანი დაჭრილი არ არის. დაახლოებით 20-მდე ადამიანმა კი, სახურავზე ასვლა მოახერხა. ისინი სამართალდამცველებმა ამწის გამოყენებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოიყვანეს.

მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება დამნაშავის შესახებ წერს, რითიც ოფიციალური უწყების დონეზე დასტურდება, რომ ბოროტმოქმედი ერთია.

სამართალდამცველმა უწყებამ მედიას მოუწოდა, პირდაპირ ეთერში არ გადასცეს მიმდინარე სპეცოპერაცია, რასაც პრემიერიც შეურთდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.  

ზუგდიდში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და მძიმე ტექნიკა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას და მობილურ ოპერატორებს კატეგორიულად მოუწოდებს, გათიშონ, ან შეზღუდონ ლაივსიგნალი ზუგდიდიდან - უწყებაში საგანგებო განცხადება მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გააკეთა. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კეთდება მოქალაქეთა და პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს," - განაცხადა საბანაძემ.  

ადგილზე კი უკვე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც საკორდინაციო საბჭოს ესწრება და იქ უნდა გადაწყდეს, როგორ გადაარჩინონ 19 ადამიანის სიცოცხლე. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, ფილიალში მეორე პიროვნებამ მიიყვანა. 

"ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც, თავდასხმასთან, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა ამ პირთან სამართალდამცავები მუშაობენ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს დეტალურად," - განაცხადა მალხაზ თორიამ. 

ბანკთან მძევლად აყვანილი ადამიანების ახლობლები იმყოფებიან. მათ არა აქვთ არანაიირ ინფორმაცია რა ხდება ბანკში და საკუთარი ახლობლების ბედზე დარდობენ. 

ერთ-ერთი ახალგაზრდას დედა კი რომლის შვილიც ამ დრომდე ბანკში ტყვედ რჩება „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მან შვილი კადრებში იცნო. ის ბანკში კომუნალური გადასახადის გამო შევიდა. მედიით გავრცელებულ კადრებში ის  კუთხეში მჯდომი ამოიცნო. ქალი  ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

„ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. ჩემი შვილია იქ და დამნაშავე გამოსასყიდ ფულს ითხოვს. ხელისუფლებას ვთხოვ ბავშვები გაათავისუფლონ, მეც არც ვიცი რას ვამბობ. ჩემს ბიჭს შუქის ფული ჰქონდა გადასახდელი და მოჰყვა შიგნით. საავადმყოფოში ვმუშაობ  და როცა ეს ინფორმაცია მოვისმინე გამოვიქეცი.  

“ვიცოდი იქ იყო და კადრებშიც ამოვიცანი,  კუთხეში იჯდა. მისცენ გამოსასყიდი და გაათავისუფლონ ბავშვები. ხელისუფლების წარმომადგენელებს აქაც ვერ ვხედავ. მედიით ვიგებ ყველაფერს“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ტყვედ აყავანილი ახალგაზრდის დედა.  

უსაფრთხოების სპეციალისტები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ბანკში შეჭრილი დამნაშავე სამხედრო ან სპეცრაზმელი უნდა იყოს. ის მოქმედებს მიზანმიმართულად და სპეციალურად ცდილობს, რომ ყურადღება მიიქციოს. ასევე, აყენებს სრულიად აბსურდულ მოთხოვნებს და იცის რომ ამას არავინ შესრულებს. ამიტომაც რჩებათ შთაბეჭდილება, რომ მას შესაძლაო ფულის მაგივრად სრულიად სხვა ინტერესები ამოძრავებდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე