„ოპოზიციური პარტიების რეიტინგებსა და მმართველი პარტიის რეიტინგს შორის განსხვავება მაინც საკმაოდ დიდია და არ მგონია, რომ ამ განსხვავების გადასაფარად ასეთი ხერხის გამოყენება საკმარისი აღმოჩნდეს", - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრება იმ დეკლარაციის შესახებ, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების ურთიერთდაცვის მიზნით მიიღეს.
ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაციას ხელს 30 ოპოზიციური პარტია აწერს. ოპოზიცია ამ ფაქტს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ პარტიებს შორის კონსულტაციები რთული და დაძაბული იყო, თუმცა შედეგიანი.
საყვარელიძის შეფასებით, ეს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე მნიშვნელოვან შედეგს არ მოუტანს, თუმცა ელექტორატს ოპტიმისტურად განაწყობს.
„ეს ფაქტი უპირველეს ყოვლისა ოპოზიციის ამომრჩეველს (სულერთია რომელი პარტიის იქნება) ოპტიმიზმით განაწყობს - რომ მათ კოორდინაცია მოახერხეს და ამ დონეზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთლიანობა აღადგინეს. მეორეს მხრივ, პარტიებს შორის ნებისმიერი შეთანხმება და შეთანხმების უნარის გამოვლენა პოლიტიკაში ყოველთვის პროგრესული ნაბიჯია.
„ამით ერთობის შენარჩუნების დემონსტრაცია მოხდა, მაგრამ კიდევ არის კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა - არჩევნები. არ მგონია, რომ ამ შეთანხმებამ არჩევნებში დიდი შედეგი გამოიღოს. თუმცა განსხვავებული მდგომარეობა იქნება, ვიდრე ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
„შეთანხმება რომ არ ყოფილიყო, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ერთმანეთის ხმებს წაიღებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „გირჩი" და ა.შ. ერთი და იგივე ელექტორატზე გადიან და ერთმანეთის ხმებს გაყოფდნენ. ახლა ჩნდება შანსი, რომ ეს ხმები შეიკრიბოს და ერთ კანდიდატთან მივიდეს, მაგრამ ამ უდაოდ მათთვის ხელსაყრელ ნაბიჯით მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ზოგადად არჩევნებისა და მაჟორიტარულ არჩევნების შედეგებში კარდინალური ცვლილება მოახერხოს.
„იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგებსა და მმართველი პარტიის რეიტინგს შორის განსხვავება მაინც საკმაოდ დიდია და არ მგონია, რომ ამ განსხვავების გადასაფარად ასეთი ხერხის გამოყენება საკმარისი აღმოჩნდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე