თამთა ჩაჩანიძე
(28.07.2020)

სამშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც სახელმწიფო დეპარტამენტისგან ორი მთავარი გზავნილი გაჟღერდა: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება.

გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოსთან გამართულ სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერზე" დაწერა.

"სასიამოვნო იყო საუბარი მაიკ პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გარდა ორი მთავარი გზავნილისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მათ ასევე ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და შეერთებული შტატების მიერ, კორონავირუსის საპასუხოდ მჭიდრო კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია „კოვიდ-19"-ის პანდემიის საპასუხოდ.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით იმპლემენტაციის აუცილებლობას.

„სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, როგორც გადამწყვეტი ნაბიჯი უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და გაფრთხილება გააკეთა საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების წინააღმდეგ.

„სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აშშ-ის დეპარტამენტის არჩევნებსა და სასამართლოს შესახებ ორი მთავარი გზავნილი ერთგავრი გაფრთხილებაა, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს და გაძლიერდეს.

"ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა, ბუნებრივია, რომ აშშ როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს და გაძლიერდეს.

„შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ყურადღებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ამახვილებს, იმიტომ, რომ ეს საკითხები ერთ-ერთი ყველზე სუსტი წერტილია, ანუ ითვლება, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი პროკურატურა არ ჰყავს და 20018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კი გვაჩვენა, რომ ის მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა აშშ ცდილობს რომ კარგი გაგებით საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს, რომ აქ შესაბამისი რეფორმები იქნეს განხორციელებული, სასამართლო დამოუკიდებლობა კი კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იქნება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

„აშშ მნიშვნელოვანწილად ყურადღებას არჩევნებზე ამახვილებს, ეს მხოლოდ 2020 წლის 31 ოქტომბერს არ უკავშირდება, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას უკავშირდება იმიტომ, რომ სამწუხაროდ როდესაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდენენ, ადგილი ჰქონდა რიგ თავდასხმებს.

„გარდა ამისა ზეწოლა ბიზნესმენებზეც ხდება, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

"აშშ ამ შემთხვევაში ცდილობს, რომ შესაბამისი ბერკეტები გამოიყენოს, რომ საქართველოში როგორც მის პარტნიორ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცების გზით მშვიდობამ დაისადგუროს."- განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე