რეზონანსი
(23.02.2020)

4 აპრილს (04.04) 4 საათზე „ნაციონალებმა“ საპროტესტო აქცია დაგეგმეს. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, 05.05.05–ში, თბილისის გარეუბანში საქალაქო სასამართლოს შენობა გახსნეს, რომლის სხვენში „სხდომათა დარბაზები“ განათავსეს... „სასამართლო რეფორმის“ მესამე თუ მეოთხე „ტალღაზე“ 5 სართულიან შენობას 3 სართულიანი „ფლიგელი“ დაემატა და მისი სარდაფი „სამართლიანობის აღსადგენად“ გამოიყო... ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის სასამართლოს „ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობისთვის“ მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში შეირჩა...

მოქალაქეების „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დავამკვიროთ” კონსტიტუციის პრეამბულაშია ასახული, ხოლო გარდამავალი დებულება „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ დაემატა. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მესვეურებსაც რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლებას უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები. ევროპელები ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერსახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების... ადამიანი შენობაში შესვლისთანავე უნდა განიმსჭვალოს პატივისცემითა და ნდობით სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი.

ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პრეზიდენტისთვის, საპატრულო პოლიციისთვის, იუსტიციის სამინისტროსა და „იუსტიციის სახლისთვისაც“ კი აიგო ახალი შენობები, ხოლო სამართლის ძიებაში თბილისელმა კაზინო–ტოტალიზატორის უზარმაზარ რეკლამასთან, ფაქტობრივად, შუკაში უნდა ჩაუხვიოს და სასწავლებლისთვის განკუთვნილ „რეკონსტრუირებულ“ შენობას მიადგეს, რომელსაც ჯერ მარცხნიდან მიაშენეს სრულიად სხვა არქიტექტურული სტილის „მისაღები“, მერე კი, მარჯვნიდან „ფლიგელი“... ახლახან კი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში განმარტეს, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობის“ აღმართვასაც ისევ დიღომში, არსებული შენობის მიმდებარედ (საკადასტრო კოდზე 01.72.14.065.022) გეგმავენ, რაც არაგონივრულად მიმაჩნია. 

გარდა იმისა, რომ ცენტრალურ გამზირიდანაც საკმაოდ დაშორებული ტერიტორია 4 მიწის ნაკვეთის გაერთიანების შედეგად არის მიღებული (15 524 კვ. მეტრიდან სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 254 კვ. მეტრი იყო. სამი, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, შპს „იალონმა“ დათმო), ერთ–ერთი მისამართად საჯარო რეესტრში „სოფელი დიღომია“ მითითებული... გამოდის, ნორმალურად ვთვლით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მიერთებული სახელმწიფოს დედაქალაქის სასამართლო სოფელში იყოს განთავსებული... როგორც ჩანს, ეს იდეაც იმ პირს ან პირთა ჯგუფს ეკუთვნის, ვინც ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის შეარჩია ტექნიკუმის შენობა და ელიავას ბაზრობაზე შეძენილი იაფფასიანი მასალებით მოაპირკეთა, მერე კი, მართლმსაჯულების განსახორციელებლად მოსამართლეები სარდაფებში ჩაუშვა... ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ე. წ. ზოგადი უნარების დეფიციტიტთან არ უნდა გვქონდეს საქმე და, თუ მორიგი „დიღმის სასამართლოს“ პროექტიც „წარმატებით“ განხორციელდა, დარწმუნებული ვარ, არა მარტო ევროპელ მეგობრებს გავაოცებთ... 

არადა, შეიძლებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გამორჩეული იერსახის ახალი შენობა მაგ., მეტრო „ისანის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე (ქეთევან წამებულის გამზირი N65) აგებულიყო (ყოფილი ტრამვაი–ტროლეიბუსების პარკი), რისთვისაც სახელმწიფო უძრავი ქონებას მესაკუთრეებისგან გამოისყიდდა (30 000 კვ. მეტრზე მეტია და შპს-ებზეა რეგისტრირებული). ამასთან, შენობის ადგილმდებარეობის შერჩევა და საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული პროექტის განხილვა სრულიად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რაშიც სპეციალისტებთნ ერთად, ადვოკატებმაც და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება შედეგი ისევ არასახარბიელო მივიღოთ და სასამართლოს ახალი შენობისთვისაც დაგვენანოს ბუნებრივი სამშენებლო მასალები ან კიდევ უარესი, სხდომათა დარბაზები შენობის სხვენსა ან/და სარდაფში აღმოჩნდეს დაპროექტებული...

მტკვრის ხეობაში 40–ზე მეტ კმ–ზე გადაჭიმული მილიონნახევრიანი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში და მეტროს სადგურთან სასამართლოს განთავსება მოქალაქეებსაც მოუხსნიდა შეობამდე მიღწევის პრობლემას (მითუმეტეს, გახშირებული საცობების პირობებში) და სამართალდამცავთა დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფუჭად ფლანგვასაც გამორიცხავდა. გაუმართლებელია, როდესაც მაგ., ვარკეთილში, ლილოსა ან ფონიჭალაში დაკავებული პირის დიდ დიღომში გადასაყვანად პოლიციელები რამდენიმე საათს და 10-15 ლარის საწვავს მაინც ხარჯავენ უაზროდ...

სასამართლოსთვის ტერიტორიის გამოყოფამდე, ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თბილისს ერთი და ისიც ქალაქის განაპირას განთავსებული სასამართლო ეყოფა, თუ ქალაქის ცენტრშიც უნდა იყოს მეორე საქალაქო სასამართლო, რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილს მოემსახურება (ადრე 10–ვე რაიონში იყო სასამართლო...). იქნებ მეორე პროკურატურაც გვჭირდება, რომელიც სასამართლოს ახალი შენობის გვერდზე განთავსდება, მაგ., თუნდაც, ყოფილი ისნის რაიონის პროკურატურის შენობაში? არც იმის გამართლება შეიძლება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო ცენტრალური გზის პირას მდგარი პოლიციის მაღლივი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლისთვის გათვალისწინებულ ნაგებობაშია განთავსებული, ხოლო ეზოში შესასვლელი მეორადი საქონლის საწყობებს უფრო შეეფერება. 

დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისა და მატერიალური ბაზის თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. ამასთან, თუ რეალურად ვაპირებთ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებას,, როგორც პატრიარქი გვირჩევს, ქმედებები „ანალიტიკურ აზროვნებაზე უნდა დავაფუძნოთ და არა ემოციებზე“ (ან კიდევ უარესი, მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ ინტერესებზე)...

იმედი მაქვს, მოსამართლეთა კორპუსის გონივრულად (თუნდაც ვენეციის კომისიიის ან ილია ჭავჭავაძის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით... ) დაკომპლექტების შემთხვევაში, ისანში ან სხვა უფრო შესაფერის ადგილზე აღმართულ ახალ შენობაში, მართლაც, ევროსტანდარტების დონეზე განხორციელდება სამართლიანობის აღდგენა, რის გამოც მადლიერი მოქალაქეები მას მართლმსაჯულების „სასახლედ“ ან „ტაძრადაც“ კი მოიხსენიებენ.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ჩაწერა სახელი