Resonance
(17.10.2019)

 ბოლო წლების განმავლობაში ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა სიმძლავრეებს კრეფს. დადებითი დინამიკის ბაზისს წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი კავშირების თანმიმდევრული განვითარება, რაც დაფუძნებულია პარტნიორულ და ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობაზე. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ტრადიციულად, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ ხასიათს ატარებს.

მეგობრული და წარმატებული თანამშრომლობის სათავეებთან დგას ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი - ნურსულტან ნაზარბაევი, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ყაზახური მხარე მხარს უჭერს ეკონომიკურ პროექტებს საქართველოში და დებს ინვესტიაციას ქვეყნის განვითარებაში.

ყაზახური ინვესტიციების საერთო მოცულობამ საქართველოს ეკონომიკაში 350 მილიონი დოლარი შეადგინა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ორი ქვეყნის სატრანსპორტო-ტრანზიტულ პოტენციალს, რათა უზრუნველყოფილიყო შეუფერხებელი ტვირთგადაზიდვა ევროპისკენ ქართული პორტების გავლით შავ ზღვაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უკავია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. 2016-2019 წლებში ამ მიმართულებაზე სატრანზიტო გადაზიდვები 13-ჯერ გაიზარდა. ამ წელს მიზნად ისახავენ გადაზიდვების 120 ათას კონტეინერამდე გაზრდას.

თანამშრომლობის წლების განმავლობაში ყაზახეთმა და საქართველომ შექმნეს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სოლიდური ბაზა, რომელიც მოიცავს 70-ზე მეტ შეთანხმებას სახელმწიფოთაშორის ურთიერთქმედებაზე. მრავალვექტორიანი პარტნიორობის განვითარების ერთ-ერთ ასეთ "კატალიზატორს" წარმოადგენს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიური სხდომა, რომელიც ამ წლის აპრილში ნურ-სულტანში გაიმართა.

გასულ წელს ტვირთბრუნვამ 90 მილიონი დოლარი შეადგინა - მიმდინარე წელს კი სახელმწიფოები მიზნად ისახავენ, რომ 100-მილიონიანი ზღვარი გადალახონ. თუმცა, ამ მოცულობის ტვირთბრუნვა არ პასუხობს ორი ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალს, თუ გავითვალისწინებთ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით.

თანამშრომლობის წლების განმავლობაში იყო მრავალი შეხვედრა და ოფიციალური ვიზიტები. თითოეული შეხვედრა შუქდებოდა მედიაში და დადებით გამოხმაურებას ჰპოვებდა მოქალაქეებში. 2019 წელი შეხვედრების ნაკლები პროდუქტიულობით არ გამოირჩევა. მათ შორისაა ა.წ. მაისში ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ვიზიტი ყაზახეთში, სადაც შედგა მოლაპარაკება პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და პრემიერ ასკარ მამინისთან. ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი შეთანხმებების ხელმოწერა იყო სოფლის მეურნეობის, საავტომობილო გადაზიდვების და სოციალურ-შრომით სფეროებში.

ასევე, საერთაშორისო მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა გაეროს 74-ე სესიის ფარგლებში ყაზახეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს, აღნიშნეს რა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში, კონკრეტულად კი, ყაზახური პორტების, აქტაუსა და კურიკის გამოყენება სატვირთო გადაზიდვებისთვის ქვეყნებს შორის.

ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2 სექტემბერს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიმართვა ყაზახ ხალხს - "კონსტრუქციული საზოგადოებრივი დიალოგი - სტაბილური და წარმატებული ყაზახეთის საფუძველი", სადაც ეკონომიკას მთელი ბლოკი ეთმობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები უნდა გახდეს: ეფექტურობა, გაციფრიანება და სამეცნიერო მიმართულების განვითარება. ყურადღებაა გამახვილებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მიმართულებაზეც. დიდი იმედია დამყარებული აგრარულ სექტორზე, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებით, მთელი ეკონომიკის მამოძრავებელი შეიძლება გახდეს. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია პრეზიდენტის აქცენტი კორუფციულ დანაშაულებზე, რადგანაც კორუფციის გამო მნიშვნელოვნად ზარალდება ბიზნესიც და საზოგადოებაც.

რაც შეეხება ბიზნესის განვითარებასა და ზრდას ყაზახეთსა და საქართველოში, ამ მიმართულებით დიდი იმედის მომცემი უნდა გახდეს 27 სექტემბერს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი ყაზახეთის საელჩოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის, აგრეთვე საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა, სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა ყაზახური საინვესტიციო კაპიტალით, აგრეთვე, ადგილობრივმა საქმიანმა წრეებმა. ამ სტრუქტურებთან ურთერთქმედება დაემხარება ყაზახურ და ქართულ ბიზნესს ურთიერთშეხების წერტილები მოძებნონ, აგრეთვე, გაუწიონ საინფორმაციო და სამართლებრივი დახმარება ყაზახურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობენ.

სადღეისოდ საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 110 კომპანია ყაზახური კაპიტალით. თავის მხრივ, ყაზახეთში ფუნქციონირებს 120-მდე ერთობლივი კომპანია ქართული კაპიტალით. ასევე, აღსანიშნავია, რომ განვითარებული ავიაშეტყობინება ორ ქვეყანას შორის, რეგულარული ავიარეისები ხელს უწყობენ ოპერატიულ გადაადგილებას, როგორც საქმიანი წრეების, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეების.

მთლიანობაში, ყაზახეთს და საქართველოს აქვთ ყველა წინაპირობა, რომ სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიდეს, პარალელურად კი განვითარდეს პოლიტიკური დიალოგი და განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომობა.

 

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი

 

ჩაწერა სახელი