ია აბულაშვილი
(26.08.2019)

 "28 წელია მთავრობაში სულ ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე სახეებია, ისე ვარ შეჩვეული, რომ ჩემი ოჯახის წევრები მგონია"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.

"ვფიქრობდი, ამ ჯერზე მაინც იქნებოდა რაიმე სიახლე და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალ გვარებს გავიგებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიწა მრგვალია და რითაც ვიწყებთ, იმითვე ვამთავრებთ.

"28 წელია ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები. ისე ვარ შეჩვეული, რომ ჩემი ოჯახის წევრები მგონია. აქეთ გადავრთავ, ტელევიზორს, თუ იქით გადავრთავ, სულ ჩემთან არიან, მარტო არასდროს მტოვებენ. ქვეყანაში კი არაფერი იცვლება, არც პოლიტიკა და არც მიდგომები. ეს ხალხი ცოტახნით წავა, დაისვენებს, მერე ისევ ბრუნდებიან.

"არადა, რამდენი ნიჭიერი, პროფესიონალი და სამშობლოზე გულანთებული ადამიანია მარტო ჩემს გვერდით, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს და ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

"მესმის, რომ კადრებს ერთგულების მიხედვით არჩევენ, შეიძლება ეს ხალხი მათ რაიმე სარგებელს აძლევს, მაგრამ საზოგადოებას რა, ყველაფერი ხომ ისევ ისეა?

"უფრო საინტერსო არ იქნება ახალი ხალხი მოვიდეს, ახალი ხედვებით და ახალი პროგრამებით. მართლაც გულით მინდა და ღმერთმა ქნას, რომ რამე გვეშველოს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს შემოდგომაც მოვა, მერე არჩევნები დაინიშნება და ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

ჩაწერა სახელი