ია აბულაშვილი
(14.08.2019)

 "დარწმუნებული ვარ, "რუსთავი 2"-ს ვიღაც იყიდის და ეს მოხდება ხელისუფლებასთან შეთანხმებით. რა თქმა უნდა, ადგილი ექნება გარიგებას და მყიდველს თავიდანვე ეცოდინება ხელისუფლება ვალების რესტრუქტურიზაციას როგორ გაუკეთებს.

"გარეგნულად გაყიდვას სრულიად გამჭვირვალე კანონიერი სახე ექნება, მყიდველი ამ ყიდვით კაპიკს არ წააგებს, პირიქით, მოიგებს ფინანსური შემოსავლებით და ხელისუფლების გულსაც მოიგებს"- აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, ვისაც "რეზონანსი" ქართულ მედიაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე არსებობს და ეხება ტელევიზიების დაგროვილ ვალებს უნდა დასრულდეს და მოუწოდებს ტელევიზიებს გადასახადი გადაიხადონ. "რუსთავი 2"-ს ბიუჯეტის 28 მილიონი აქვს ვალი, "იმედს"- 19, "მაესტროს"- 8. გამოსავალს ამ სიტუაციიდან რაში ხედავთ?

პეტრე მამრაძე: ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივანიშვილმა თავის ცნობილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ი საერთოდ არ იხდის გადასახადს და ამას პრინციპულად აკეთებს, ჩვენ კი არა გვაქვს რესურსი გადავახდევინოთო.

ასევე ა.წ. აპრილში პრესაში იყო ოფიციალური ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიები - "რუსთავი 2"-ი და "იმედი" არ იხდიან გადასახადს ბიუჯეტში და აქვთ 33 მილიონზე მეტი დავალიანება, არადა მოიხმარენ სარეკლამო ბაზრის 70%-ზე მეტს.

აქვე აღნიშნული იყო, რომ საქართველოში მოქმედებს გადასახადის აკრეფის ავტომატური სისტემა, ამიტომ ნებსიმიერ სხვა ტელეკომპანიას 400 ლარიც რომ დაუგროვდეს, დავალიანება, მაშინვე ყადაღა ედება.

ანუ, გამოდის, რომ არსებობდა ხელისუფლების უკანონო, დანაშაულებრივი მითითება, რომ ამ ორ კომპანიას არ დაედოს ინკასო და ეს სრულდება. ეს არის დანაშაული და მე მაქვს კითხვა, ვისი უკანონო მითითებებით დაგროვდა ეს ვალები, რატომ არ იძიებს ხელისუფლება ამ უკანონობას. ვინ აგებს პასუხს ამაზე ხელისუფლებიდან და ა.შ. ხაზს ვუსვამ რომ ამით ხელისუფლება უსპობს საქართველოში არსებულ 250 ტელევიზიას განვითარების საშუალებას, ვინაიდან 2-3 ტელევიზიას აძლევს პრივილეგიას, რომელთაც მიაქვთ სარეკლამო დროის 70%-ი და ბუნებრივია, სხვა ვერ განვითარდება.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს ხელისუფლების უპირველსი მოვალეობაა. თუ შეღავათის მიცემაა საჭირო, ყველას თანაბრად უნდა მიეცეს თანაც კანონიერად. დავალინების რესტრუქტურიზაცია, თუ არის საჭირო ესეც კანონიერად უნდა მოხდეს.

"რ": ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყიდვის სურვილი ამდრომდე არავის გამოუთქვამს, რაც ხალვაშმა არხის გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა. ოპოზიცია ამ გადაწყვტილებას დადგმულ სპექტაკლს უწოდებს და ამბობს, რომ ამ სპექტაკლის რეჟისორი არის ივანიშვილი. ექსპერთა აზრით, კი "რუსთავი 2"-ს , თანაც დავალინების ასეთ პირობებეში არავინ იყიდის.

პ.მ: არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს წინასწარ შემუშავებული სქემა. ხალვაშიც ისეთივე ცრუმაგიერი მთლობელი იყო "რუსთავი 2"-ის, როგორც მას შემდეგ ყველა სხვა მფლობელი. დარწმუნებული ვარ რომ არხს ვიღაც იყიდის და ეს მოხდება ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა ადგილი ექნება გარიგებას და მყიდველს თავიდანვე ეცოდინება ვალების რესტრუქტურიზაციას როგორ გაუკეთებს ხელისუფლება.

გარეგნულად გაყიდვას სრულიად გამჭვირვალე კანონიერი სახე ექნება. მყიდველი კაპიკსაც არ წააგებს, პირიქით, ამ ყიდვით მეტსაც მოიგებს ფინანსური შემოსავლებით და ხელისუფლების გულსაც მოიგებს.

"რ": არჩევნებმადე, სავარაუდოდ ახალი ტელევიზიები გაიხსნება. ახალ ტელევიზიას ქმნის ნიკა გვარამია და დავით კეზერაშვილი, მათ რა პერსპექტივა აქვთ?

პ.მ: გახსნის თუ არა ტელევიზიას კეზერაშვილი, ჩადებს თუ არა ფულს ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებებია, გვარამიაც მყავს მხედველობაში, მაგრამ მოჰყვება თუ არა ამ ზეპირ განხადებებს რეალური საქმე ეს არის მთავარი, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

 

ჩაწერა სახელი