ანუ, როგორ გავამდიდროთ ხალხი და ქვეყანა
მოსაზრება
(12.02.2018)

გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა, აკადემიური დოქტორი

საიდან მოდის სიღარიბე, ვისი და რისი ბრალია, რომ მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, რატომაა დოვლათი ასე უთანაბროდ განაწილებული, როგორ უნდა გადანაწილდეს ქონება სამართლიანად, რომელი ეკონომიკური სისტემაა ხალხისთვის უკეთესი, უნდა ჩაერიოს თუ არა მთავრობა ეკონომიკის მართვაში, რას გვიქადის მომავალი და სხვა ასეთ საინტერესო თემებზეა საუბარი წინამდებარე მანიფესტში.

"მანიფესტი" საყურადღებოა იმითაც, რომ მასში შემოთავაზებულია საშუალო ფენის შექმნისა და სიღარიბისგან თავის დაღწევის გზა. როგორც დრომ დაგვანახვა, კომუნიზმის ლამაზი, მაგრამ უტოპიური იდეის მარცხის შემდეგ არც კაპიტალისტური სისტემის გადასარჩენად შემოგდებული ფუკუიამას ლიბერალური დემოკრატია აღმოჩნდა "ისტორიის დასასრული".

ისტორია გრძელდება და თუ რა სისტემა უნდა მოვიდეს კაპიტალისტური და სოციალისტუ-რი სისტემების მემკვიდრედ, ამაზეცაა პასუხი გაცემული. არ არის გამორიცხული, რომ თვალსაწიერ მომავალში ავტორის მიერ სახელდებული ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკუ-რი ფორმაციის - დემოკრატიული სოციალიზმის (სოლიდარიზმის) სამშობლოდ ჩვენი ქვეყანა იქცეს.

მდიდარი ქვეყანა, ღარიბი სახელმწიფო

ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვების ოცდამეშვიდე წელს ჩვენი სამშობლო ისევ მდიდარ ქვეყნად (საქართველოს ეროვნული სიმდიდრე 750 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული), მაგრამ ღარიბ სახელმწიფოდ რჩება (მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 14,2 მილიარდი დოლარია, როცა დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში - დანიასა და ისრაელში ის 300 მილიარდის, ხოლო ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში სულაც 470 მილიარდი დოლარის ტოლია), რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად შესაცვლელია.

სტატისტიკის ექსპერტების ემპირიული შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტი მდიდარია, 7-8% - შეძლებული, 8-10% საშუალო ფენას შეიძლება მიეკუთვნოს, ხოლო 80% - ღარიბს, რომელთაგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს (საკვების, ტანსაცმლისა და საცხოვრებლის სერიოზული პრობლემები აქვთ), ხოლო დანარჩენები ფარდობით სიღარიბეში იმყოფებიან.

თომას ჰობსის მიერ "სახელმწიფოს საშინელ მტრად" შერაცხული სიღარიბე მართლაც საშინელი რამეა. იგი დამბლას სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ააქტიურებს კორუფციულ, კრიმინალურ და დესტრუქციულ ძალებს, დიდ გასაქანს აძლევს პოპულისტურ და რადიკალურ რიტორიკას, რაც ძაბავს პოლიტიკურ ველს და შინააშლილობის გამოწვევის წინაპირობაა. პასკალის აზრით კი, "შინააშლილობაზე უფრო დიდი უბედურება არ არსებობს" - "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ დაყოფილი, გაუდაბურდება", ამიტომ, სანამ ყველაფერი ზემოთქმული სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, იმავე ჰობსის მიხედვით, ხელისუფლება ვალდებულია, დაამყაროს მშვიდობა ქვეყნის შიგნით და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების გამდიდრებისთვის.

სიღარიბის მანკიერი წრე

დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორია ქვეყანაში სიღარიბის წარმოშობის პირველადი მიზეზები, რადგან წარმოიშვება, სიღარიბე თავისთავის კვლავწარმოებას ახდენს და ქვეყანა სიღარიბის მანკიერ წრეში ექცევა. როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული მსყიდველობითი უნარიანობის გამო ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის საქონლის შეძენას, ქვეყანაში არასაკმარისად შემოდის საწარმოო ინვესტიციები, რაც შეუძლებელს ხდის ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. იქმნება მანკიერი წრე: არაა საკმარისი რაოდენობის ფული - არ იყიდება და არ იწარმოება საკმარისი რაოდენობის საქონელი. არ იწარმოება საქონელი (იმიტომ, რომ არ იყიდება) - არაა სამუშაო ადგილები, დასაქმება და ფული. ამასთან, რაც უფრო მეტია სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, მით უფრო რთულია ქვეყნისთვის სიღარიბის მანკიერი წრისგან თავის დაღწევა.

სიღარიბეს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის - სუბიექტურიც (სიზარმაცე, გაუნათლებლობა და ა.შ.), მაგრამ სიღარიბის მხოლოდ პიროვნულ-სუბიექტურ ფაქტორებზე დაბრალება სწორი არ იქნება. უმრავლეს შემთხვევაში დამნაშავე მდიდრების ინტერესებზე მორგებული ეკონომიკური სისტემებია, რომელთა გამოც ადამიანთა უმრავლესობას სამეწარმეო საქმიანობაში (ბიზნესში) ჩართვისა და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების საშუალება არ ეძლევა.

სპეციალისტების ერთი ნაწილი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმას უკავშირებს, ხოლო მეორე - საკუთრებისას. ამ უკანასკნელთა აზრით, იქ, სადაც კერძო საკუთრება და თავისუფალი კონკურენციაა (კაპიტალიზმი) - სიმდიდრეა, ხოლო სადაც სახელმწიფო საკუთრებაზე დაფუძნებული მართული ეკონომიკაა (სოციალიზმი) - სიღარიბე.

სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმა სიმდიდრე-სიღარიბის მიზეზების ასახსნელად ვერ გამოდგება, რადგან მსოფლიოში ისევეა ბევრი მდიდარი საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა და მონარქიული ქვეყანა, როგორც ღარიბი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის ფორმას ფატალური მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

რატომ უნდა გავამდიდროთ ხალხი და ვაქციოთ ისინი მესაკუთრეებად

ანალიზი გვიჩვენებს, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეკონომიკურად განვითარებულია და კეთილდღეობის მაღალი დონე იმ ქვეყნებშია, სადაც მაღალია დემოკრატიის დონე, სადაც თავისუფალი და ობიექტური არჩევნები ტარდება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი კომპეტენტური ხელისუფლების არჩევა, რომელსაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი გააჩნია.

დემოკრატიის საფუძვლის - თავისუფალი და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად კი აუცილებელია ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორის - თავისუფალი ამომრჩევლების ყოლა, რომლებიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, საკუთარი სინდისისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გააკეთებენ თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს.

თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს კი თავისუფალი ადამიანები აკეთებენ. ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში თავისუფალია ადამიანი, თუ ის ეკონომიკურადაა თავისუფალი, თუ მისი კეთილდღეობა სხვის ნებაზე არაა მიბმული და დამოკიდებული. თავისუფლება უფრო ეკონომიკური კატეგორიაა, ვიდრე პოლიტიკური.

ამიტომ, იმისთვის, რომ თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის გამომხატველი ამომრჩეველი გვყავდეს, ის, უპირველესად, ეკონომიკურად თავისუფალი უნდა გავხადოთ!

ეკონომიკურად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ფლობს საკუთრებას, ქონებას, რომელიც მას ნორმალური არსებობისთვის აუცილებელ შემოსავალს აძლევს. სამუელ ჯონსონის თქმით, ადამიანი ყველაზე უფრო მაშინაა თავისუფალი, როდესაც იგი მნიშვნელოვანი ღირებულების აქტივების მფლობელია. "ნამდვილი ინდივიდუალური თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარეშე" - მრავალი წლით ადრე შენიშნა ეს მარქსმა.

შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი: ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია დემოკრატია, დემოკრატიისთვის - თავისუფალი ამომრჩეველი, თავისუფალი ამომრჩევლისთვის - საკუთრება. ე.ი. დემოკრატიის ქვაკუთხედი საკუთრების მქონე ამომრჩეველია.

ამდენად, თუ გვინდა დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ხალხს, ადამიანებს უნდა გავუჩინოთ შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი! საკუთრების განცდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული მდგრადობისთვის.

მაგრამ საიდან და როგორ გავხადოთ ასიათასობით ადამიანი მესაკუთრე და გავუჩინოთ მათ შემოსავალი, როცა ქვეყნის მთელი სიმდიდრე, წარმოების საშუალებების ჩათვლით, უცხოელებისა და ახალგამდიდრებული ქართველების (ნუვორიშების) 5%-ის ხელშია, რომელიც მათ შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდების უსამართლო პრივატიზაციის დროს მოიპოვეს, რის შედეგადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უქონელ-უპოვარია დარჩენილი?!

მატერიალური დოვლათის შემქმნელი ქონების ასეთი არაპროპორციული განაწილება განაპირობებს ასეთივე უთანაბრობას მოსახლეობის შემოსავლებში. ვის ხელშიცაა წარმოების საშუალებები, შემოსავლებიც მის სასარგებლოდ ნაწილდება.

გაგრძელება "მთელი კვირის" შემდეგ ნომერში

ჩაწერა სახელი