აკაკი გვიმრაძე
(03.03.2022)

ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ურთიერთობის და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები იხსნება - ის, რომ ამის სურვილი დიდია ორივე მხრიდან, ნათლად გამოჩნდა იმ 5-დღიანი გაცნობითი ხასიათის ტურის დროს, რომელიც საქართველოში თურქეთის საელჩოს, თურქეთის ჟურნალისტიკის გლობალური საბჭოსა (GJC) და იუნუს ემრეს ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული ქართველი ჟურნალისტებისათვის.

ამ მეტად დატვირთული და ემოციებით აღსავსე დღეების განმავლობაში შესაძლებლობა მოგვეცა მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს თურქ კოლეგებთან სხვადასხვა ფორმატში (მათ შორის არაფორმალური) და უამრავი საინტერესო სიახლე გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, გაგვეცვალა აზრები, შთაბეჭდილებები, შეხედულებები, გამოგვეხატა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სურვილი და უბრალოდ ის, რომ კონტაქტი შეგვენარჩუნებინა, რათა ეს ძალისხმევა და შესანიშნავი გაცნობითი სტარტი ეფექტურ კომუნიკაციაში გადავზარდოთ.

სხვადასხვა მედიასაშუალებებში (TRT, Global Haber), სამინისტროებსა (თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო) და ასოციაციებში (DEIK) ვიზიტისას იგრძნობოდა განსაკუთრებული კეთილგანწყობა და ინტერესი საქართველოს მიმართ და რაც მთავარია, დიდი სურვილი, რომ ის საკითხები, რომლებიც არსებობს ორ სტრატეგიულ პარტნიორ და მეზობელ ქვეყანას შორის მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდეს მეგობრობის საფუძველზე.

მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ახლო მეზობლები და მეგობრები ვართ, თურმე რამდენი რამ არ გვცოდნია ერთმანეთის შესახებ, რამდენი ხელშესახები წერტილი გვქონია და რაოდენ დიდი ყოფილა ინტერესი ერთმანეთის მიმართ.

ზუსტად ასეთი უშუალი და არა ვირტუალური ურთიერთობა იძლევა შესაძლებლობას, რომ რეალური კავშირები დამყარდეს და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები წარმოიშვას.

ქართველი და თურქი ჟურნალისტები შევთანხმდით, რომ ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უნდა გახდეს მყარი საფუძველი, რომ მომავალში კავშირს არ გავწყვეტთ და სხვადასხვა ფორმატში გავაგრძელებთ კომუნიკაციას.

საქმიანი შეხვედრების პარალელურად შესაძლებლობა მოგვეცა უდიდესი სიამოვნება მიგვეღო თურქეთის მდიდარი, კულტურულ-ისტორიული ძეგლების გაცნობით და უგემრიელესი თურქული სამზარეულოს დაგემოვნებით - ჩვენმა თურქმა კოლეგებმა სტუმართმოყვარეობის მწვერვალები აჩვენეს, მათგან მთელი ტურის განმავლობაში განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სითბოს ვგრძნობდით, რაც არასოდეს დაგვავიწყდება. თურქეთის ჟურნალისტიკის გლობალური საბჭოს (GJC) მიერ ტური უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

ვფიქრობ, რომ სტარტი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა და ახლა თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ იმ კომუნიკაციას რომელიც ამ 5 დღის განმავლობაში გვქონდა - შევძლებთ თუ არა, რომ ეს ყოველივე გრძელვადიან თანამშრომლობასა და მეგობრობაში გადავზარდოთ - ამ ტურის მიზანიც ხომ ეს იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე