რეზონანსი
(12.08.2020)

ისტორიაში არის გადამწყვეტი მომენტები, რომლებიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავენ. პოლონეთისა და ევროპისთვის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ასეთი დღე 1920 წლის 15 აგვისტო იყო.

სწორედ მაშინ, 1918 წელს თავიდან დაბადებულმა პოლონეთმა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ბრძოლა გამართა იმ ბოლშევიკურ ძალებთან, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კომუნისტური ხანძრის გავრცელებას დიდი მსხვერპლითა და მატერიალური სიდუხჭირით დასუსტებულ ომისშემდგომ დასავლეთ ევროპაში.

ბრიტანელი დიპლომატის, ედგარ ვინსენტ დ აბერნონის თქმით, ეს იყო მეთვრამეტე გადამწყვეტი ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში. ვარშავის ბრძოლა იმსახურებს ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ნუსხაში შეტანას, როგორიცაა თუნდაც "ოპერაცია ნეპტუნი" (D-Day), როგორც ევროპაში ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ტერმინი.

იმის გამო, რომ რკინის ფარდა, რომელმაც იალტის კონფერენციის შედეგად ევროპა დაყო, ამ კონკრეტული მოვლენის მნიშვნელობა ევროპის ისტორიაში არ იქნა აღბეჭდილი იმ მნიშვნელობით, რასაც იმსახურებს. ეს ეხება როგორც მასობრივი კულტურის, ისე ისტორიის სახელმძღვანელოებს. დროა, საბოლოოდ გამოვასწოროთ ეს ხარვეზები ევროპულ კოლექტიურ მეხსიერებაში.

ვარშავის ბრძოლის წლისთავი უნდა აღინიშნოს არამარტო ვარშავაში ან პოლონეთში, არამედ მთელ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა გამარჯვება მდინარე ვისლაზე მოიპოვა, ეს სამხედრო ტრიუმფი დიდწილად ეხებოდა ევროპული ერების თავისუფლებას - მათ თავისუფლებას კომუნიზმის ტოტალიტარული სიბნელისაგან.

ისტორიული გადმოსახედიდან, 1920 წელი ხურავს მოვლენათა ციკლს, რომელიც დაიწყო მე-18 საუკუნის ბოლოს პრუსიის, რუსეთისა და ავსტრიის მიერ პოლონეთის დანაწევრებით. ვარშავის ბრძოლა ევროპული და გლობალური ისტორიის თანამედროვე ერის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდის კულმინაციაა.

ერი სახელმწიფოს გარეშე, რომელიც სამხედრო და პოლიტიკური დამარცხების ნანგრევებზე წარმოიშვა (პოლონელთა მრავალრიცხოვანი აჯანყებები, სახელმწიფოებრიობის ელემენტების თანმიმდევრული კოლაფსი) იმ დროს, როდესაც პოლონეთი გამქრალი იყო ევროპის რუკიდან, მე-18 საუკუნის ბოლოდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე.

უმთავრესი პოლონური ფენომენი ჩვენი საზოგადოების გარდაქმნის მასშტაბებია - ფეოდალური წყობიდან ევროპის ერთ-ერთ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებამდე (ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე).

სოციალური, კულტურული და სპორტული დაწესებულებების უზარმაზარი ქსელი, მაგალითად, "Sokół", ფინანსური გაერთიანებები, სამეცნიერო საზოგადოებები და სასკოლო თვითგანათლების ასოციაციები, შეიძლება შევადაროთ მხოლოდ მეიძის პერიოდის იაპონიაში ძლიერი ცენტრალიზებული ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. XIX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი პოლონური რევოლუცია ქვეყნის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პოლონელებმა შეძლეს გაკვეთილი მიეღოთ საკუთარი ისტორიიდან და გაეერთიანებინათ ყველაზე თანამედროვე კონცეფციები - პოზიტივიზმი, დემოკრატიული რეფორმები, ქალთა და სოციალური მასების გაძლიერება. რომ არ არა წარმატება განათლების, მეცნიერებისა და სოციალური აზრის ფრონტებზე, არ იქნებოდა სამხედრო გამარჯვებაც.

სამწუხაროდ, პოლონეთის პირველი დემოკრატიული რევოლუციის შესანიშნავი ისტორია ევროპაში ბევრისთვის არ არის ცნობილი, რადგან ეს არის ზღაპარი, რომელიც უთანაბრდება ლიტერატურის ისეთ შედევრს, როგორიცაა ალექსის დე ტოკვილის წიგნი - "დემოკრატია ამერიკაში".

1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პოლონეთმა მიიღო დასავლური სამყაროს გარკვეული თანამედროვე სოციალური და საარჩევნო კანონმდებლობა. აღდგენილი თავისუფლების გრძნობა აღემატებოდა ცრურწმენებსა და საზოგადოების ფართო სეგმენტების დისკრიმინაციის ცდუნებას. პოლონეთს მოუწია მთელი ერის ერთიანობისა აშენება. მე-19 საუკუნის ბოლოს განხორციელებულმა ინტელექტუალურმა ღვაწლმა მას შემდეგ გამოიღო მასშტაბური შედეგები, რაც საზოგადოებრივი ინსტიტუტები აღდგა 1918 წელს.

ამრიგად, პოლონეთის დემოკრატიზაციის ფენომენი დასავლეთ ევროპის ისტორიული მოდელისგან განსხვავებულია. ეს არის დემოკრატიზაციის ამბავი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენასთან და სოციალურ-პოლიტიკური ერთეულის აღდგენის პროცესთან ერთად მიმდინარეობდა.

ეს არის თანამედროვეობის ისტორია, რომელიც იქმნება იმპერიალიზმის, აბსოლუტიზმისა და ძალაუფლების დესპოტიზმის წინააღმდეგ. ისტორია, რომელმაც კულმინაციას მიაღწია სიმწიფის ძალიან მძიმე გამოცდის ჩაბარებით, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის ორ წელიწადში პოლონეთს ბოლშევიკების მხრიდან ტოტალიტარული საფრთხე დაემუქრა.

ბოლშევიკებთან ომი პოლონური ერის პოლიტიკური ერთიანობის იშვიათი დემონსტრაცია იყო. 1920 წლის ივლისში შეიქმნა ეროვნული თავდაცვის მთავრობა, გლეხთა მოძრაობის ლიდერი ვინცენტი ვიტოსი პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო პოლონელ მემარცხენეთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იგნაცი დასიცკი - ვიცე-პრემიერი.

ახლად დაბრუნებული დამოუკიდებლობის დასაცავად, პოლონეთის დამოუკიდებლობის მამებმა პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე გადადეს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ სიმწიფის ტესტი ჩააბარა. პოლონელი ხალხი მასობრივად უჭერდა მხარს საომარ მოქმედებას, კათოლიკური ეკლესიის უზარმაზარი ხელშეწყობით. ბოლშევიკური ჯარები უნდა დაპირისპირებულიყვნენ იმ ერს, რომელიც არ აპირებდა საოცნებო დამოუკიდებლობის დათმობას.

პოლონურ-ბოლშევიკური ომის მთავარი წერტილი ვარშავის ბრძოლა იყო, გაბედული კონტრშეტევა ბოლშევიკურ ძალებზე, რომლებიც პოლონეთის შუაგულისკენ მიემართებოდნენ. ჯარებს მარშალი იუზეფ პიუსუდსკი, შტაბის უფროსი ტადეუშ როზვადოვსკი, და ოპერაციული მეთაურები - გენერალი ვუადისუავ შიკორსკი და ედუარდ შმიგუი-რიძი ხელმძღვანელობდნენ.

ცნობილმა ფრანმა სამხედრო ისტორიკოსმა ჰუბერტ კემონმა ის გარდამტეხი მანევრი შეამჩნია, რომელმაც პოლონელებს გამარჯვება მოუპოვა ვარშავის ბრძოლაში. მინიმალური დანაკარგებით პოლონელებმა უზარმაზარი ბოლშევიკური არმია დაამარცხეს, რომელსაც გეზი დასავლეთ ევროპისკენ ჰქონდა აღებული. აღსანიშნავია პოლონური საზოგადოების სამხედრო მზაობა იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი იყო I მსოფლიო ომით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა. ხაზგასასმელია პოლონელების სწრაფი მობილიზებაც, რაც დასტურდება იმით, თუ რამდენად ოპერატიულად შეიქმნა გენერალ ჰალერის 100 000-იანი მოხალისეთა არმია.

პრესამ ამ დიდ გამარჯვებას უწოდა "სასწაული ვისლაზე" და შედარებულია I მსოფლიო ომის "მარნის ბრძოლის" მანევრთან, რის შედეგადაც ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა გერმანიის ჯარები შეაჩერეს.

პოლონურ-ბოლშევიკური ომი არ ეხებოდა მხოლოდ უზარმაზარი არმიების შეტაკებებს, მთელი საზოგადოების თვალსაჩინო ძალისხმევას ან სარდლების სტრატეგიულ შესაძლებლობებს, არამედ ეს იყო ბრძოლა სადაზვერვო სამსახურებს შორის - მშიფრავები, გონება და ინტელექტები. ვარშავის ბრძოლის ფარული გმირი იყო იან კოვალევსკი - პოლონეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი - რომელმაც საბჭოთა შიფრები გაშიფრა. მისი წყალობით, პოლონეთმა ოპერაციული სტრატეგიის შესაქმნელად საჭირო ინფორმაცია მიიღო. ამ ადამიანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1920 წელს ევროპის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის შეჩერებაში. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო Tripod Action-ის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც დევნილობაში მყოფმა პოლონეთის ხელისუფლებამ შექმნა და მიზნად ისახავდა მოკავშირეთა მიერ ბალკანეთის გათავისუფლებას იტალიის, რუმინეთისა და უნგრეთისაგან. სამწუხაროდ, სტალინის ზეწოლის შედეგად, რუზველტმა უარი თქვა ბალკანეთის გათავისუფლების გეგმაზე. ისტორიას სხვა მიმდინარეობა რომ მიეღო, იან კოვალევსკის შესაძლოა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა ორჯერ გადაერჩინა საბჭოთა ტოტალიტარული ბატონობისაგან.

ვარშავის ბრძოლის მეასე წლისთავი დღევანდელი თავისუფალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. პოლონელებმა დასავლეთი იმ ტოტალიტარული გენოციდისგან დაიცვეს, რაც გამოჩენილმა ფრანგმა ისტორიკოსებმა ნათლად აღწერეს "კომუნიზმის შავი წიგნში".

კომუნიზმის გამოცდილება თავისი ტრაგიკული და გრძელვადიანი შედეგებით ხშირად არასწორად არის გაგებული. კომუნიზმის მემკვიდრეობა რეალური პრობლემაა, რომელიც ამახინჯებს იმ სახელმწიფოების სოციალურ და ინსტიტუციურ რეალობას, რომელთაც განიცადეს დემოკრატიული ტრანსფორმაცია. ვლადისლავ რეიმონტი, დიდი პოლონელი რომანისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, თავის რომანში "აჯანყება" (პოლონურად: "Bunt"), რომელიც მან ვარშავის ბრძოლის შემდეგ დაწერა, ალეგორიულად ადამიანის წინააღმდეგ ცხოველთა აჯანყებას აღწერს და, პარალელურად ტოტალიტარულ მექანიზმებს ასახავს. მან ეს ნაშრომი ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმის" გამოცემამდე 20 წლით ადრე შექმნა. რეიმონტს შეეძლო ამ წიგნის დაეწერა, რადგან პოლონელებმა კომუნიზმი გაცილებით ადრე გამოსცადეს, ვიდრე დასავლეთმა. ვარშავის ბრძოლა იყო პოლონეთის თითქმის 50-წლიანი დემოკრატიული რევოლუციის კულმინაციაც, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ისტორია. ეს არის დიდი პატრიოტიზმის, რელიგიური ერთგულების, სამხედრო გამჭრიახობისა და შიფრების მნიშვნელობის ამბავი.

პოლონურ-ბოლშევიკური ომი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო თანამედროვე პოლონეთისა და მთელი ევროპისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიული ფაქტის ცნობადობა შესაძლოა არასაკმარისად მაღალია. ეს იყო ორი განსხვავებული ცივილიზაციის შეჯახების წერტილი და არავინ იცოდა ეს უკეთ, ვიდრე 1920 წელს დაბადებულმა კაროლ ვოიტილამ, რომელიც მოგვიანებით იოანე პავლე II გახდა: "დაბადებიდან, ვალში ვარ მათ მიმართ, ვინც დამპყრობლის წინააღმდეგ ხელში იარაღი აიღო, გაიმარჯვა და ამისთვის უდიდესი მსხვერპლი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო". ამ ვალის დაბრუნება თითოეული ჩვენგანს ვალდებულებაა. დღეს, ვარშავის ბრძოლიდან 100 წლის შემდეგ, შესანიშნავი შესაძლებლობაა შევახსენოთ საკუთარ თავს და მთელ ევროპას ეს ამბავი.

ავტორი: მატეუშ მორავიეცკი (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი)

 

ჩაწერა სახელი