რეზონანსი
(02.08.2020)

2009 წელს ამოქმედებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის დეკლარირება, რომ საბჭოთა „ინკვიზიციური" მოდელიდან გადავედით „შეჯიბრებით" დასავლურ მოდელზე, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთი ფეხი ე.წ. „ინკვიზიციურ" მოდელში დავტოვეთ. მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება არ გახლავთ ის საკვანძო საკითხი, რომელიც აამაღლებს გამოძიების ორგანოებისა და კონკრეტული საქმის გამომძიებლის საქმიანობის ეფექტიანობას, მათი დამოუკიდებლობის ხარისხისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება უნდა გამხდარიყო სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მათ უნდა შექმნოდათ რეალური განცდა, რომ ემორჩილებიან მხოლოდ და მხოლოდ კანონს და მათ მიერ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა უკანონოდ რევიზირებული, დაბლოკილი და განეიტრალებული სამართალდამცავი სისტემის მაღალჩინოსნის, საზოგადოებაში გავლენის მქონე თუ პოლიტიკურ იერარქიაში მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ.

რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოების კადრებით დაკომპლექტებას, აქ ბევრი ხარვეზია. პირველ რიგში, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი და კრიტერიუმები ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთ საგამოძიებო უწყებაში, მათ შორის - წამყვან შს სისტემაში, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გამომძიებელს არ მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება, მათი თანამდებობაზე დანიშვნის წესი, ხშირ შემთხვევაში, არის ბუნდოვანი და შეიცავს კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკს. ასეთი ქმედების შედეგია ის, რომ როგორც საგამოძიებო სისტემაში, ისევე მთლიანად სამართალდამცავ სისტემაში მრავლად არიან არაკვალიფიციური კადრები, რასაც, რიგ შემთხვევაში, ემატება არაკეთილსინდისიერებაც და ამის შედეგია მოქალაქეების მიერ ისეთი ტერმინების ხშირი ხმარება, როგორებიცაა: „ჩაფარცხვა", „მიჩქმალვა", „ხელის დაფარება", „საქმის თაროზე შემოდება" და ა.შ. სისტემაში, განსაკუთრებით ქვედა და საშუალო დონეზე, არიან ღირსეული, პროფესიონალი და მოტივირებული კადრებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი გავლენას ვერ ახდენდნენ მთლიან სისტემაზე, რადგანაც რეალურ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მათ მაგივრად კი, ხშირ შემთხვევებში, სხვები, ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს. გამოძიების ორგანოების ინსტიტუციური მოწყობა და არსებული სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, ყოველმხრივ ობიექტურ გამოძიებას და პირდაპირ და უარყოფით გავლენას ახდენს მასზე.

საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, და ამაზე ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებიც უთითებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ხდება ე.წ. სტატისტიკის გაფუჭება და არ ხდება დროულად საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება. ამ სფეროში სტატისტიკასთან თამაში ძალიან სახიფათო თამაშია. სტატისტიკის გაუარესების შიშით ვერ ან არ ხდება დროული რეაგირება და სს-ის საქმეების დროულად აღძვრა. დამკვიდრებულია პრაქტიკა, როცა „კარგი სტატისტიკური მონაცემები" სამართალდამცავი სუბიექტების სამსახურებრივ გარანტიად შეიძლება, შეფასდეს. ასეთ პირობებში რთულია, გამოძიების დაწყებაზე უფლებამოსილი პირები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების დაცვით და შესაბამის ინფორმაციაზე ჰქონდეთ არა ე.წ. წინასაგამოძიებო, არამედ უშუალო საგამოძიებო რეაგირება. წინასაგამოძიებო ეტაპზე საპროკურორო და სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება, რაც აიოლებს დანაშაულის მიჩქმალვის რისკს. ამ ეტაპზე, სასამართლოს ეფექტიანი კონტროლი არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზეც. ამ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გიორგი შაქარაშვილის საქმეშიც სწორედ ამ პრობლემას შეეჩეხნენ გამოძიების ორგანოები. დროული და კვალიფიციური გამოძიების წარმოების შემთხვევაში ამ საქმეში ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა.

დაგვიანებულ რეაგირებაზე ლი იაკოკას აქვს გენიალურად ნათქვამი: „დაგვიანებული გადაწყვეტილება არის მცდარი გადაწყვეტილება". საუბედუროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებულია ნიჰილისტური განწყობა, რომ რა აზრი აქვს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას, თუკი ჯერ საქმის აღძვრა დაგვიანდება, ხოლო გამოძიება უსაშველოდ გაიწელება და პროკურორებისა და გამომძიებლებისგან აღნიშნული ფაქტი გამართლდება იმით, რომ უამრავი საქმე „აყრიათ თავზე" და თვეებისა და წლების განმავლობაში ადვოკატები ან დაზარალებულები (თუკი ჩათვალეს პასუხის ღირსად) მიიღებენ შაბლონურ პასუხს, რომ საქმეზე მინდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება გავრცელებულ საუბრებს მორიგი რეფორმირების აუცილებლობაზე, რეფორმით ყველა საკითხი ვერ გადაწყდება, მაგრამ რეფორმის გარეშეც ვერც ერთი საკითხი ვერ გადაწყდება. არსებულმა ხელისუფლებამ განახლების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, მას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი ამისთვის, მაგრამ არ აღმოაჩნდა ნება და ეს დრო გაიფლანგა. დროა, ქართულ პოლიტიკაში წარმმართველ ძალად მოვიდნენ სუფთა წარსულისა და ნათელი გონების ახალი სახეები ახლებური ხედვებით. იმედი ვიქონიოთ, რომ კარზე მომდგარი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტი და განახლებული მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, განახორციელებს მასშტაბურ რეფორმებს, მათ შორის - სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების სფეროშიც. სხვაგვარად, არსებული სისტემისა და მიდგომის შენარჩუნებით, ქვეყანაში როგორც წარსულში იყო გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა საქმეები, ისე მომავალშიც, საუბედუროდ, მრავლად იქნება სარალიძე, შაქარაშვილი და სხვა მსგავსი საქმეები, ჩვენ კი ისევ მოგვიწევს აკუტაგავასეულ უსიერ ტყეში, ილუზორულ გარემოში სამართლის ძიება და ტელეგამოძიების რეჟიმში ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება.

სტატიის ავტორი: ვილენ სერგია

ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

ჩაწერა სახელი