ნინო ქეთელაური
(21.10.2016)

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის თქმით, არასწორია საკითხის დასმა ისე, თუ ვისი კანდიდატია ზაზა თავაძე, ვინაიდან ეს მოსამართლეების არჩევანია, რომელშიც ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა.

"ჩვენ არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო უშუალოდ მოსამართლეების არჩევანზე დამოკიდებული," - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირინა იმერლიშვილს აირჩევდნენ, მასაც ასევე მიულოცავდა.

გჯერათ თუ არა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევაში "ქართული ოცნება" არ ჩარეულა? - ამ კითხვით "რეზონანსმა საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ძალიან მალე გამოჩნდება ყველაფერი. იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო ძალიან ბევრი საქმე აქვს განსახილვეველი და გადაწვეტილება მისაღები. აქამდე რაც ხდებოდა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ამაზე არა მარტო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ, არამედ უცხოურ პრესაშიც დაიბეჭდა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს ყურადღება. ერთია, კითხვის ნიშნები არის და მეორეა, რომ მათივე საქმე წარმოაჩენს მათ. ძალიან მალე და ყველაფერი ცხადი გახდება.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ძნელია იმის თქმა, ხელისუფლება ჩაერია თუ არა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ფაქტი სახეზეა, გვინდა არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, არჩეულია ახალი თავმჯდომარე და უნდა მივიღოთ. შეიძლება ჩაერია კიდეც, მაგრამ რომელი ხელისუფლება იცით, რომელიც თავის დროზე არ ჩარეულა იმ სფეროებში, რომელიც მის ინტერესებში შედიოდა?! აქ რომც ჩარეულიყო, არ გამიკვირდება. როგორ გგონიათ, წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ ერევიან? ეს უბრალოდ არ ჩანს. ერევიან ყველგან სადაც ძალაუფლება აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, არ ვიცი შეიძლება არც ჩარეულა, ამას ვერავინ გაიგებს.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მე არ მაქვს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება, რომ ვთქვა, გინდა თუ არა ხელისუფლების ჩარევით მოხდა-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მსგავსი არაფერია ცნობილი.

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): მე პირადად, მჯერა თუ არა, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ არავის აღარ სჯერა ამ ქვეყანაში რამე თუ ხდება ხელისუფლების გარეშე. უფრო სწორად, ხელისუფალის - ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ზოგს ეს მოსწონს და ამას უჭერს მხარს, რომ თავიდან ბოლომდე მან გადაუწყვიტოს ბედი, ზოგს არ მოსწონს და ებრძვის. ახლა კიდევ ერთი მაგალითი გვაქვს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ალბათ, პირადად ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით დაინიშნა.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  ჩვენ ვერავისგან გავიგებთ, ჩაერია თუ არა, მაგრამ, როგორც მე ვუსმინე, ამ კაცმა თქვა - ჩემი საქმიდან გამოჩნდება, რამდენად გავამართლებ ჩემს დანიშვნასო. არავინ იტყვის, რომ ჩევერიეო, ამიტომ საქმეს დაველოდოთ.

ჩაწერა სახელი