გვანცა ღვედაშვილი
(20.10.2016)

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

"ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს," - განაცხადა კვირიკაშვილმა და ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ უკლებლივ ყველა დანაპირებს უცილებლად შეასრულებს.

პრემიერის ინიციატივას ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად უყრებენ.

"ზოგადად ჯგუფის შექმნის შემთხვევაში მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ და ის ინიციატივები, რაც ჩვენ გვექნება და ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, შევთავაზოთ ხელისუფლებას, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს ამას "ქართული ოცნების" ხელისუფლება და რამდენად იქნება ეს ყოველივე რეალური და არ იქნება ფასადური, ამაზე კითხვის ნიშნები არსებობს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.

გჯერათ თუ არა, რომ მმართველი პარტია გაითვალისწინებს საზოგადოების "თითოეული წევრის" აზრს? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): ყველას აზრის გათვალისწინება ნონსენსია, თუმცა იმედი მაქვს, უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იქნება. უბრალოდ ერთს ვიტყვი - არ მეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის, კარგად დაფიქრდნენ ჩვენი ამომრჩევლები და გადაწყვეტილება არსებული რეალობიდან მიიღონ. ძალიან დიდი ძალით მოდის "ნაციონალური მოძრაობა", რომელზეც გვეგონა, რომ დავემშვიდობეთ და 4 წელი წყნარად გვეძინა.

ახლა მთელი პასუხისმგებლობა ექნება მმართველ ძალას და რა თქმა უნდა, ხალხს ჭკუას შეეკითხებიან, თუმცა ყველას აზრს ვერ გაითვალისწინებენ. და თუ არ გაითვალისწინებენ, პასუხიმგებლობა მათზე იქნება და ხელს ვერავისკენ გაიშვერენ.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ამ 4 წლის განმავლობაში "ოცნებას" ხელაღებით ისეთი არაფერი გაუკეთებია და თავი არ მოუჭრია. საზოგადოების აზრის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდნენ. გვჯერა ამ ადამიანების, მივეცით გარკვეული ხმებიც და ახლა ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნას წინ არაფერი უდგას და მე მგონი, ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს.

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქარველო არ იყიდება"):  რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინებს. აქამდეც იშვიათად თუ მიუღია მხედველობაში საზოგადოების აზრი და ახლაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც მომავალში არ აპირებენ მათი აზრის გათავალისწინებას. ისინი ითვალისწინებენ ერთი ადამიანის აზრს და ეს არის ივანიშვილი.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ის, რომ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, არის ტყუილი. კონსტიტუციას სჭირდება ცვლილება და ამ ოთხ წელიწადში, ეს ხელისუფლება არ არის შემჩნეული არც ერთ დარღვევაში და პირიქით, იმ გუნდთან შედარებით, რომელთანაც მუდმივად ხდება მათი შედარება, ნამდვილად კარგად გაუძღვებიან საქმეს.

ჩაწერა სახელი