რეზონანსი
(01.09.2026)

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, 60 წლის ქალის, მარგო ზოიძე-გიორგაძის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ გარდაცვლილის მეზობელი დააკავა. გ. ე-ძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ და მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოს ავრცელებენ.

„სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აუღწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე. ჩვენ მწუხარება ცოტათი შემსუბუქება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება. კიდე ერთხელ მადლობა შსს-ს, აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლის სული. მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი“, _ ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე.

„ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიცის თანამშრომლებს“ - წერს მანანა გირკელიძე.

საზარელი მკველობა სოფელ ნასაკირალში 28 აგვისტოს მოხდა - მარგო ზოიძე-გიორგაძე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს, მას ცივი იარაღით 60 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დაბა ნასაკირალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გურიანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე