
„ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ და მის წერილებს „ცარიელ სიტყვებს" უწოდებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული ბოლო წერილი, მანამდე გამოქვეყნებული წერილების შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად ცდილობს, პოლიტიკა გამოიყენოს. მას აღიარებული აქვს უმძიმესი დანაშაული - ფულის გათეთრება პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად იგი ბრალდებულია სხვა კორუფციულ დანაშაულში - თანხების მითვისებაში.
ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს. მეორე მხრივ, რა ქართულით არის დაწერილი, ეს კიდევ ცალკე საკითხია", - განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის რიტორიკას აგრძელებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმ ადამიანს მოუწევს კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება, ვინც ბოროტად იყენებდა საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს და საჯარო ფინანსებს.
„მან თავად განმარტოს, რა იცის. მე ერთი რაღაც ვიცი, როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომ საქართველოში კეთილსინდისიერად საქმიანობის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს.
ის ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ საჯარო რესურსებს, პოზიციებს, აბსოლუტურად შეუზღუდავად აქვთ კანონის ფარგლებში საქმიანობის შესაძლებლობა, ხოლო იმ პირებთან, განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს, საჯარო ფინანსებს, ადრე თუ გვიან, კანონი აუცილებლად მივა და მათ მოუწევთ კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ მისი წერილებიდან, ეს არის აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტი. საზოგადოებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს დგას არაერთი მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტი. ის, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე იმგვარად, რომ პრევენციულად თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა.
თუ რამე იცის, მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით. სასამართლოზე შეუძლია რომ მობრძანდეს და წარმოადგინოს. ერთი მხრივ გვესმის მისი ცარიელი სიტყვები, მერე მხრივ არიან კონკრეტული მოწმეები და არის უამრავი კონკრეტული მტკიცებულება," - განაცხადა მახაშვილმა.
ღარიბაშვილის თემაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ.
„ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „მიმაჩნია რომ ჩვენი, როგორც ცივილიზებული საზოგადოების ღირსების საკითხია, რომ ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, სამართლიანად გასამართლდეს და არა მისი პატრონის შურისძიებით.
ივანიშვილის რეჟიმს რომ ჩამოვშლით, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენს მტერსაც სამართლიანად ექცევა. არა იმიტომ რომ მტერი მებრალება (არანაირად), უბრალოდ სწორი მასეა, ჩვენთვის - ყველასთვის. ჩვენ, როგორც ხალხი, რომ კარგად ვიყოთ, მასეა საჭირო",- თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგალითიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არანაირი ერთგულება არ არსებობს და როცა მას დასჭირდება, ნებისმიერს გაწირავს. ამასთან, დოლიძე ყურადღებას ამახვილებს პარტიის შიგნით „ფსევდოერთგულებაზეც" და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში თავად ღარიბაშვილის წვლილიც უდიდესია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



