მარიამ ვეკუა
(26.08.2026)

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი თბილისს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობის მოწესრიგება თვით საქართველოს ინტერესებში შედის.

ქართულ მხარეს, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია.

"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარება თვით საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება" - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

„საქართველო ჯერ კიდევ ვერ ეგუება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორ ახალ სახელმწიფოსთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის აწყობა და მათი აღიარება მის ინტერესებშიც შედის", -აღნიშნა ჯიოევმა.

მისივე თქმით, ქართული მხარისგან, დროდადრო დეკლარირებული მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საპირისპირო და ხშირად პროვოკაციული რიტორიკა ისმის.

თანასწორუფლებიანი დიალოგი

ჯიოევმა აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ ეტაპზე ერთადერთი ფორმატია, სადაც პირდაპირი დიალოგი მიმდინარეობს. მისი თქმით, შეხვედრების მთავარი ამოცანა რეგიონში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამორიცხვაა.

"ჩვენთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე.

აშკარაა, რომ ქართული მხარის ეს პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენასა და სტაბილურობას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანასწორუფლებიან დიალოგს და ვდილობთ კონკრეტული შედეგების მიღწევას", განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რუსეთს და დე ფაქტო რეჟიმებს სურთ, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, სადაც აიღებს ვალდებულებას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო ძალის გამოყენებით არასოდეს შეეცდება.

ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველო მათ დამოუკიდებელ მხარეებად/სახელმწიფოებად ცნობს.

მსგავსი შინაარსის გზავნილები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წლების განმავლობაში პერიოდულად გაჟღერებულა: თბილისს „ახალი რეალობის" აღიარების, „სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის ცნობასა და პირდაპირი/თანასწორუფლებიანი დიალოგისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი განცხადება არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის მხრიდან, მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას" და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან „ძალის გამოუყენებლობის" შესახებ შეთანხმებების გაფორმებას ელოდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 18 წლისთავს აღნიშნავენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა" 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე