
ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროზე მეტყველებს. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან 52 953 პირი შემოვიდა. გავიდა უფრო მეტი, 61 691 ვიზიტორი.
სახელმწიფო უწყებებში ადასტურებენ, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ეს ტურისტულ სეზონს უკავშირდება. გარკვეული ძალები კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ციფრებით მანიპულირებას ცდილობენ.
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი თამთა ფეტვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები ყველასთვის თანაბარია და ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ვრცელდება ერთნაირი ნორმები.
„კერძოდ, ამ პირებს აუცილებლად უნდა უდასტურდებოდეთ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულები, ასევე სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირები, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველოსთან აღიდგინონ სამართლებრივი კავშირი.
პირებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, აუცილებლად მოეთხოვებათ ცოდნის დონის შემოწმების გავლა. რაც შეეხება მომართვიანობას - წინა წლებთან შედარებით, საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა შემცირებულია, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მხრიდან, და ამ ეტაპზე არ შეინიშნება მომართვიანობის განსაკუთრებული მატება“, - აცხადებს თამთა ფეტვიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



