
უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები შფოთავენ. მათი ნაწილის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთში გამოცხადებული მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოს მიგრანტების ახალი ტალღა მოაწყდეს და შედეგად, ბინები გაძვირდეს. ექსპერტები და დარგის სპეციალისტები უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ამ შფოთვას უსაფუძვლოს უწოდებენ, რადგან ინფორმაცია მოსალოდნელი მობილიზაციის შესახებ არ დასტურდება. მეტიც, ექსპერტები ფიქრობენ, რომ განცხადება ბინების გაძვირების შესახებ იმ მიზანმიმართული ანტიპიარის გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ბოლო პერიოდში, რუსი ტურისტების „გასაშავებლად“ წამოიწყეს.
შპს „ჯი მილერ ინტერნეშენალ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ურუშაძე აცხადებს, რომ რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა სრულიად რეალურია, რაც პირდაპირ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე. მისივე თქმით, მოლოდინები რეალურია, რადგან გაუთავებელი საუბრები მიდის მობილიზაციაზე. სულ რომ არაფერი გამოაცხადოს რუსეთმა, ადამიანებზე ეს მაინც მოქმედებს.
„საქართველო რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული, რომ როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას. იმიგრაციას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. უარყოფით მხარეებზე რომ ვისაუბროთ, საქართველო ისეა მოწყობილი, რომ როდესაც ასეთი დიდი ნაკადი შემოდის ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, მით უმეტეს რუსეთიდან, ეს ხალხი ჩვენი ეკონომიკის ნაწილი კი არ ხდება, ფაქტობრივად, ეკონომიკაში ქმნის თავის ავტონომიურ ეკონომიკას“, - აცხადებს ნიკოლოზ ურუშაძე.
მისი თქმით, ისინი ქმნიან მოთხოვნას, რომელიც სწრაფად იზრდება. როდესაც მოთხოვნა იზრდება და მიწოდება ვერ ეწევა, ფასები მკვეთრად ავარდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, მერე კი დაკორექტირდება ხოლმე.
ასე არ ფიქრობს და სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელ დირექტორს, მაია გამზარდიას, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მოლოდინზე განცხადებას არ გააკეთებს. მიზეზი მარტივია - გამზარდიას განცხადებით, პოლიტიკური პროგნოზი არცერთი რეალტორის თუ ბროკერის კომპეტენცია არ არის.
„საუბარს პოლიტიკური მოლოდინებით ვერ დავიწყებ, რადგან პოლიტიკური პროგნოზი არცერთი რეალტორის თუ ბროკერის კომპეტენცია არ არის და ვერც იქნება. მე არ ველოდები რუსი მოქალაქეების დიდ ტალღას, რადგან რუსეთის მოქალაქეებზე არ ვმუშაობ, საერთოდ. თუმცა, თუ რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვა, ეს ბინების გაქირავებას შეეხება და არა ყიდვას. სავარაუდოდ, უფრო გასაქირავებელ ბინებზე გაიზრდება მოთხოვნა. რა კატეგორიის რუსეთის მოქალაქეებიც შემოვლენ საქართველოში, იმ მოცემულობის შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა სხვადასხვა სეგმენტზე. თუ საკმაოდ შემოსავლიანი ადამიანები შემოვლენ, რომლებსაც დიდი თანხები აქვთ, მაშინ მოთხოვნა უფრო მაღალი კლასის, პრემიუმ-ხაზის ბინებზე გაიზრდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ მაია გამზარდიამ,
მისი თქმით, ახლა შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები შემოვლენ, თუ პირიქით - დაბალშემოსავლიანები, რის გამოც მოთხოვნა ბიუჯეტურ ბინებზე გაიზრდება.
„თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფასი აიწევს ბინების გაქირავებასა და კომერციულ იჯარებზე. თუ რუსეთის მოქალაქეები ჩამოვლენ გრძელვადიანი პერსპექტივით, ალბათ, უნდა დასაქმდნენ კიდეც და გარკვეულ ბიზნესსაც მოაყოლებენ, რისთვისაც ოფისები დასჭირდებათ. თუმცა, განცხადებას, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი მოაწყდება ვერ გავაკეთებ, რადგან ეს პოლიტიკური პროგნოზია, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შედის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ მაია გამზარდიამ.
თითქმის იგივე პოზიციას იზიარებს ეკონომისტი, პარტია „ხალხის ძალა“ წარმომადგენელი, დავით ჩიხელიძე, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ განცხადება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასა და ბინების გაძვირებაზე წმინდა წყლის სპეკულაციაა და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
„ის, რომ „შესაძლოა, ჩამოვიდნენ“, ან „შესაძლოა, გაძვირდეს“ - სერიოზული საუბრის საგანი არ არის. ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანი დაინტერესებულია უძრავი ქონებით, რომელსაც თვითონ სურს ფასების ზრდა და ცდილობს, ეს რუსების შემოსვლით გაამართლოს. მეორე მხრივ, იგივე აგვისტოსა და ივლისის ბოლოს, საქართველოში არა მარტო რუსების შემოდინება იზრდება, სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც შემოდიან, რაც ტურისტულ სეზონს უკავშირდება.
გარდა ამისა, ვიცით, რომ რუსებიც და უკრაინელებიც ადრეც იყვნენ შემოსულები, თუნდაც როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, მაგრამ ფასები დიდად არ გაზრდილა. შესაბამისად, ეს განცხადება არის პანიკისა და შიშის დათესვის მცდელობა და ნეგატივის გაღვივება მოსახლეობაში რუსების მიმართ. რაც მთავარია, არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება არ აქვთ, რომ რუსეთში მობილიზება გამოცხადდება, რის გამოც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოაწყდებიან, რადგან თუ მობილიზება გამოცხადდება, მერწმუნეთ, საზღვრები ისე დაიკეტება, რუსები ვერ გადმოვლენ და არც რუსები გამოუშვებენ მათ, ვინც ჯარში უნდა წავიდეს. შესაბამისად, ეს განცხადება შიშის დათესვას ემსახურება, სპეკულაციის მცდელობაა და რეალობას არ უკავშირდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ.
მისივე თქმით, განცხადება რუსი მოქალაქეების შემოსვლასა და ბინების გაძვირებაზე იმ მიზანმიმართული კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, რუსი ტურისტების გასაშავებლად გააქტიურდა.
„არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, რუსულ ბიზნესს და აცხადებდნენ, რომ ფულს წარმომავლობა არ აქვს. თუმცა, დღეს მათი მთავარი მიზანია, რომ როგორმე, ქვეყანაში არ შემოვიდეს ფინანსები და არ შემოვიდეს ტურისტი, რაც საბოლოოდ, ქვეყანას დააზარალებს. მათ იმედი აქვთ, რომ თუ ქვეყანა დაზიანდება და ფასები მოიმატებს, მოსახლეობა გაბრაზდება და შედეგად, ხელისუფლებას გადააგდებენ, რაც მათი დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც არ და ვერ ასრულდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დავით ჩიხელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



