
26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. მამა გაბრიელი (გოდერძი ურგებაძე) დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს.
დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას გია ბაქარაშვილის ქუჩაზე). 1954 წელს გოდერძიმ თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის პატივსაცემად გაბრიელი ეწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
ლოცვა, რომელიც ბერის დაბადების დღეს მორწმუნე მრევლმა უნდა წაიკითხოს:
„ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


