
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - საქმე კორუფციულ დანაშაულს და ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.
"საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
2026 წლის 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე მისთვის ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიების გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით მისთვის ჰადაცემა... ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული მილიონ 500 ათასი ლარიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, თანხის მეორე ნახევარი 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად, ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს" - განაცხადეს პროკურატურაში", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



