
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას გეგმავს, რათა ქართულ პოლიტიკაში ღიად დაბრუნდეს და „ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალურად ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიანიშნა, რომელიც ამჟამად სააკაშვილის მთავარი ფავორიტია და ენმ-ის მომავალ ლიდერად განიხილება.
5 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაა დაგეგმილი. პარტიის ლიდერთა განცხადებით, ეს იქნება ტექნიკური ყრილობა, რომელიც გარდამავალ პერიოდსა და პარტიის მმართველი დროებითი ორგანოს შექმნაზე იმსჯელებს. ეს გარდამავალი პერიოდი დაახლოებით 6 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც პარტიის ახალი თავმჯდომარეს აირჩევენ. სააკაშვილის გეგმები, შესაძლოა, პირდაპირ იყოს ამასთან დაკავშირებული.
ჟორჟოლიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში როგორც „ქართველი პოლიტიკოსი" დაბრუნდეს და პარტიის ლიდერის სტატუსისთვის იბრძოლოს. მან გაიხსენა სააკაშვილის განცხადება, რომ ის ციხიდან ნელსონ მანდელასავით გამოვა.
„იცით, რამდენი შრომა და მოლაპარაკება უძღვის წინ ამ განცხადებას? ეს არ იყო მარტივი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მიერ გაკეთებული სხვა შინაარსის განცხადება. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს ქართველი პოლიტიკოსი. მან მოითხოვოს ქართული პასპორტი, მიცემენ თუ არა, ეს მაინც უნდა დადგეს დღის წესრიგში. მან უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ პარტიაში იყოს ლიდერი და შემდეგ წარმდგენი ამ პარტიის", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „მე არ ვუშვებ იმის ალბათობას, რომ „ქართული ოცნება" დათანხმდება სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს, რადგან, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ეს მისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნება."
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. მას უკრაინის მოქალაქეობა პირველად 2015 წელს მიენიჭა, რის გამოც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
2017 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. თუმცა, 2019 წლის 28 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
მოთხოვნა მოქალაქეობაზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი მოქალაქეობის მოთხოვნით, სავარაუდოდ, პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართავს, თუმცა საეჭვოა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.
„რადგანაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს გაახმაურა, სავარაუდოდ, სააკაშვილთან შეთანხმებული იყო. ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, შეიძლება სულაც ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ინიციატივაა, მაგრამ უფრო ვიხრები იმისკენ, რომ ალბათ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, რომელსაც კანონით არ აქვს საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, უკვე საქართველოს მოქალაქის სტატუსით ეცდება ჩაებას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შუამდგომლობით პირადად მან მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. თუმცა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება" მას მოქალაქეობას არ აღუდგენს იქიდან გამომდინარე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას პირადად სააკაშვილის მიმართ და თუ რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად „ქართული ოცნებასთვის" - ანუ სააკაშვილის ლეგალურად, როგორც საქართველოს მოქალაქის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. მთელი რიგი ფაქტორები მეტყველებენ იმაზე, რომ დიდი ალბათობით, მმართველი პარტია მის ამ თხოვნას, თუკი ეს თხოვნა იქნება შემოსული, არ დააკმაყოფილებს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
- დავით ზურაბიშვილი: „სააკაშვილის სავარაუდო პრემიერობის კანდიდატურას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყვება. არ მგონია „ნაციონალური მოძრაობა" ის პოლიტიკური ძალა იყოს, რომელსაც შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი".
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ სააკაშვილი მოქალაქეობას მოითხოვს, მაგრამ უარს მიიღებს: „სააკაშვილი მოთხოვნით კი მოითხოვს ალბათ, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება არის, არ მისცემენ. რა თქმა უნდა, გამორიცხულია".
რა შეიცვლება, თუ სააკაშვილი ენმ-ს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ-ში სააკაშვილის ოფიციალურად გალიდერებას და პრემიერობის კანდიდატად დასახელებას მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყვება.
„სააკაშვილი აქამდე უბრალოდ კულუარებში იყო, თუმცა რეალურად ის იყო ლიდერი. ახლა უფრო ღიად ჩანს და მხოლოდ ესაა განსხვავება. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სააკაშვილია.
„არ მგონია მისმა ოფიციალურად გალიდერებამ დიდი განხეთქილება გამოიწვიოს პარტიაში. ვინც წასასვლელი იყო და ვისაც სააკაშვილთან ჰქონდა პიროვნული რაღაც შეუთავსებლობა, ძირითადად უკვე წასულია. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი პარტიაა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ - გიორგი ვაშაძის პარტია, ელენე ხოშტარიას, ასევე „ფედერალისტები", გვარამიას და მელიას პარტია „ახალი". „გირჩიც" კი „ნაციონალური მოძრაობიდანაა" მოსული. ასე რომ, ვინც წასასვლელი იყო, წასულია უკვე. შეიძლება წავიდეს კიდევ ერთი-ორი კაცი, მაგრამ ძირითადად დარჩენილები არიან.
„ვინც პარტიის ლიდერია, პრემიერის კანდიდატიც ის იქნება. სააკაშვილის სავარაუდო პრემიერობის კანდიდატურას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყვება. არ მგონია „ნაციონალური მოძრაობა" ის პოლიტიკური ძალა იყოს, რომელსაც შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, თუკი „ოცნება" სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, რაც თითქმის გამორიცხულია, ესეც კი არაფერს შეცვლის.
„მე არ ვუშვებ იმის ალბათობას, რომ „ქართული ოცნება" დათანხმდება სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს, რადგან, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ეს მისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნება. შესაბამისად, მე არ განვიხილავ იმას, რომ სააკაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობას" დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსში და ისევ ჩაიგდოს ხელში ამ პარტიის ლიდერის სადავეები.
„თუმცა, ზოგადად, სააკაშვილი უკვე იმდენად არის დისკრედიტირებული, თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ მას მოქალაქეობა აღუდგინეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სააკაშვილი, რომელიც იყო და ახსოვს ხალხს 2003 წელს. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა, შეიძლება მისდა უნებლიედ, რომ საკუთარი პოლიტიკური და მორალური რეპუტაცია გაენადგურებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომც მოხდეს ასეთი რამ, ამას მაინცდამაინც დიდი ეფექტი პოლიტიკურად არ ექნება.
„მეორე საკითხი არის ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიდის სასამართლო პროცესები, შესაბამისად, ის ვერ გამოვა გარეთ და ვერ უხელმძღვანელებს პარტიას. ის აგრძელებს ციხეში ყოფნას და უნდა მოიხადოს მისთვის მისჯილი სასჯელი. ამიტომ ამ ხნის განმავლობაში იგი რანაირად შეძლებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, საერთოდ რთული წარმოსადგენია.
„პრემიერობის კანდიდატად დასახელება, რაზეც ჟორჟოლიანი საუბრობს, სრული აბსურდია. ეს მეტყველებს ამ განცხადების ავტორის პოლიტიკურ არაკომპეტენტურობაზე და უმეცრებაზე, პირდაპირ ასე ვიტყვი. თვითონ ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და წამოსწიეს წინ პარტიის ლიდერად, ესეც არის ერთ-ერთი მარკერი იმისა, თუ როგორ უჭირს „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



