
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის მფლობელი, პორტში შექმნილი ტერმინალები კი იჯარით გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს.
ქვრივიშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით დაინტერესება დასავლეთის არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოს აქვს, თუმცა მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, მან ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„დღეიდან ვიწყებთ ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში გვყავდეს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი, სახელმწიფოს წარმომადგენლობით იქნება ეს თუ კერძო კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირების, რომელსაც, ან უკვე აქვს საკუთარი ტვირთნაკადი, ან აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს დამატებითი ტვირთნაკადი და ასევე, კომპანია, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მოაწყოს საპორტო ანუ სატერმინალო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა ღირსეული ოპერირების თვალსაზრისით. წილები არ გაიყიდება, ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი, სხვა არავინ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი. ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, ისინი ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან. ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთვისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. დასავლური ქვეყნებიდან არაერთი და არა მხოლოდ ერთი დაინტერესებაა, კონკრეტულად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს არის მიმდინარე მოლაპარაკებები.“- განაცხადა ქვრივიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



