რეზონანსი
(06.07.2026)

მაშინ, როდესაც მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, პრეზიდენტ მაია სანდუს ნათესავებთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალმა თანამდებობიდან გადადგომების ტალღა გამოიწვია, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.

გამოცემის ინფორმაციით, ამ საქმის ცენტრშია ბრალდებები სავარაუდოდ გაყალბებული რეზიუმეების (CV) და სახელმწიფო საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტო MoldATSA-ში არაპროპორციულად მაღალი ხელფასების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ უშუალოდ სკანდალში არ ფიგურირებს, მასზე პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქმეში მისი ორი ნათესავი აღმოჩნდა ჩართული. ეს მოვლენები იმ პერიოდში განვითარდა, როდესაც მოლდოვამ ევროკავშირთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო.

18 ივნისს გაზეთმა Ziarul de Gardă-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუმიტრუ ვანგელი, რომელიც იმ დროს MoldATSA-ის დირექტორი იყო, სამსახურში განაცხადის შეტანისას, სავარაუდოდ, ყალბ მონაცემებს უთითებდა საკუთარ ბიოგრაფიაში. ის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად 2025 წელს დაინიშნა. ამავე გამოძიების ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა ანასტასია ტაბურჩეანუ, MoldATSA-ის პრესსპიკერი და პრეზიდენტ სანდუს ბიძაშვილი.

ხუთი დღის შემდეგ საგამოძიებო ორგანიზაცია RISE Moldova-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ტაბურჩეანუს საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტოში პრესსპიკერად მუშაობის პერიოდში, ერთ წელზე ნაკლებ დროში, თვეში დაახლოებით 6 000 ევრო ჰქონდა მიღებული. ეს თანხა მოლდოვაში საშუალო თვიურ ხელფასს დაახლოებით რვაჯერ აღემატებოდა. ამის შემდეგ ტაბურჩეანუმ Facebook-ზე საკუთარი გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ორი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა სანდუს კიდევ ერთმა ბიძაშვილმა, ტატიანა ბატინმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს ადმინისტრაციის უფროსი იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე, კონსტანტინ ბატინი, ლატვიელი ბიზნესმენის, მარკს ბლატსის, ბიზნესპარტნიორი იყო. ბლატსი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და მას ბრალად ედება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიას მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით ამარაგებდა.

მაია სანდუმ გაოცება გამოთქვა ტაბურჩეანუს ხელფასითა და პრემიებით და მოითხოვა ვანგელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამოძიება.

ვანგელის გათავისუფლების შემდეგ თანამდებობა დატოვა რომან კოჯუხარიმ, საჯარო ქონების სააგენტოს (APP) გენერალურმა დირექტორმაც. სწორედ ეს უწყება ზედამხედველობს MoldATSA-ის საქმიანობას. კოჯუხარიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს სააგენტოს წინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების არასაკმარის კონტროლზე.

ასევე გადადგა რადუ მარიანი, პარლამენტის ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, სწორედ მან გაუწია ვანგელის რეკომენდაცია MoldATSA-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რის გამოც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა, აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევების შესახებ არაფერი იცოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ასევე დაადასტურა თავისი ადმინისტრაციის უფროსის, ტატიანა ბატინის გადადგომა და ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ღირსეული გადადგომა“, რომელიც MoldATSA-ის სკანდალს უკავშირდებოდა და არა მოგვიანებით გავრცელებულ ცნობებს მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ.

„მაისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ მაია სანდუს ევროპული ღირსების ორდენი გადასცა. ეს ახალი ჯილდოა, რომელიც შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი თავები სასამართლო სისტემის რეფორმაზე, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა ორიენტირებული. ამიტომ, მოლდოვის ხელისუფლების რეაგირება MoldATSA-ის სკანდალზე, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღებით შეფასდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპებზეც," - წერს Berliner Zeitung-ი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე