
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში „რევოლუციურ ცვლილებებს" აანონსებს. იგი ფუნდამენტურ განახლებაზე, პარტიაში ახალი ენერგიის შეტანასა და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობაზე საუბრობს, ამ კონტექსტში კი განიხილავს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის ოფიციალურად გაწევრიანებას პარტიაში. ჟორჟოლიანი კიაცხადებს, რომ „საინტერესოს" წინადადება მიიღო და ახლა პარტიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა.
ჟორჟოლიანი, სავარაუდოდ, პარტიაში დაიკავებს იმ ნიშას, რომელიც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პატიმრობის გამო შეუვსებელი დარჩა. უფრო კონკრეტულად კი, ენმ გარე ველზე კვლავ წარმოადგენს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, შიდა ველზე კი პარტიის მთავარი სახე ჟორჟოლიანი იქნება. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა მედიასთან და თქვა, რომ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზეც კი მიიღო შეთავაზება, მაგრამ უარი განაცხადა.
ეს სააკაშვილის მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობის" რებრენდინგისა და სტრუქტურული თუ საკადრო ცვლილებების პირველი მცდელობა არაა. ის სხვადასხვა ფორმით პარტიას პერიოდულად მოუწოდებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ - ხან ქვეყნის გარედან, ხან საპატიმროდან, თუმცა, პარტიის ხელმძღვანელობა ძირითადად მოწოდებების იგნორირებას ახდენდა. ახლი კი „ნაცმოძრაობის" რეაქცია რადიკალურად განსხვავებულია.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილი პარტიაზე გავლენას იბრუნებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ენმ რამდენიმე გავლენიანმა ლიდერმა დატოვა. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პარტიაში მალე ახალი თავმჯდომარის არჩევნებიც ვიხილოთ.
სააკაშვილის განცხადება და ჟორჟოლიანის პასუხი
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს სჭირდება „გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება" და ამ მიზნით „ერთობლივი შეთანხმებაა" პარტიაში, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი შეუერთდნენ.
„ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.
„პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა", - წერს სააკაშვილი.
თავად ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი თქვა, რადგან, როგორც ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან" განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.
„მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია. უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის, რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არის მეორე - მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი ციხეშია, ეს ძალიან მტკივნეულია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო, მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი.
„მე ჩემ თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას.
„(მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება) იყო, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და ამაზე, რა თქმა უნდა უარი ვთქვი", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
რა შეიცვლება პარტიაში
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ ენმ-ში თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რადგან ბოკუჩავას გადაყენებით უკმაყოფილების ტალღა წამოვა უშუალოდ სააკაშვილის მიმართ და მას წესით არ უნდა აწყობდეს უკმაყოფილო ადამიანები პარტიაში.
„გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ჟორჟოლიანის პარტიაში შეყვანით, მის თავმჯდომარეობას გულისხმობდა. ჟორჟოლიანის თავმდომარედ შემოყვანით, წესით უნდა გაანაწყენოს ბოკუჩავა, რომელიც ამჟამად ამ ფუნქციას ასრულებს. არ ვიცი ბოკუჩავა სააკაშვილისთვის ახლა რამდენად სახიფათო ფიგურაა, მაგრამ წესით სააკაშვილი თავის გარშემო უკმაყოფილო ადამიანების გამრავლებას არ უნდა ცდილობდეს.
„ჯერჯერობით მეეჭვება, რომ პარტიაში არჩევნები ჩატარდეს. ჟორჟოლიანს კი ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ხაბეიშვილს თავმჯდომარეობის მერე ერთ-ერთი ლიდერის ფუნქცია დარჩა, აქაც შეიძლება რაღაც ანალოგიური ჩატარდეს, ჟორჟოლიანი დარჩეს, როგორც უფრო ძლიერი ფიგურა პარტიისთვის. ახლა ფაქტიურად პარტიის ნებაყოფლობითი დამხმარეა და მერე შეიძლება ოფიციალური სტატუსი მიიღოს და მეეჭვება, რომ ეს იყოს თავმჯდომარეიბის სტატუსი", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ვარაუდობს, რომ ჟორჟოლიანის დამატებით ენმ-ს რეიტინგი მოემატება.
„ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მისი წევრი იქნება, ეს პარტიის რეიტინგს ალბათ მნიშვნელოვნად აამაღლებს. ნანუკა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ბევრი კეთილი საქმე გააკეთა - ჯარიმების გადახდა იქნება ეს, პატიმრების დახმარება, თუ საქველმოქმედო საქმიანობა. ბევრი ადამიანი, ვისაც ნანუკა დაეხმარა, შესაძლოა „ნაცმოძრაობის" მომხრეც არაა", - განაცხადა ჩიტაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „შესაძლოა ნანუკამ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. არ ვგულისხმობ, რომ პარტიების ლიდერი იყოს, მაგრამ ის ბზარი და პრობლემები, რომელიც ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის გაჩნდა, შეიძლება მან მოაგვაროს".
კითხვაზე, რანდენად შეიძლება უახლოეს მომავალში ენმ-ში არჩევნების ჩატარდეს, რის შემდეგადც შეიცვლება პარტიის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც, ჩიტაძემ გვითხრა:
„ყველაფერი შეიძლება, შეიძლება არჩევნებიც ჩატარდეს და გამორიცხული არაა პოლიტსაბჭპოს შემადგენლობაც შეიცვალოს. ასევე, შესაძლოა ნანუკამ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. არ ვგულისხმობ, რომ პარტიების ლიდერი იყოს, მაგრამ ის ბზარი და პრობლემები, რომელიც ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის გაჩნდა, შეიძლება ჟორჟოლიანმა ეს მოაგვაროს".
დამატებით კითხვაზე, ენმ-ს ახლანდელ თავმჯდომარეზე უკმაყოფილო ხომ არაა სააკაშვილი, ანალიტიკოსმა გვიპასუხა:
„არ მგონია უკმაყოფილო იყოს. უბრალოდ ალბათ პარტიის რეიტინგის მომატების მიზნით სურს ეს ცვლილებები სააკაშვილს, თორემ ბოკუჩავა ძალიან ჭკვიანი ქალბატონია. ალბათ ჟორჟოლიანი უფრო ერთ-ერთი ლიდერი იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.
იბრუნებს თუ არა სააკაშვილი პარტიაზე გავლენას
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ სააკაშვილს პარტიაზე კონტროლი ენდომება და თავად პარტიაშიც იძულებულები არიან საჯაროდ არ დაუპირისპირდნენ, რადგან მას გარკვეული რეიტინგი ისევ აქვს.
„სააკაშვილს პარტიაზე კონტროლი ენდომება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მისი ფიგურა აღმოჩნდა მელიას, აჩერგოლეიშვილის და სხვათა დარტყმის ქვეშ. სააკაშვილი არათუ ენმ-ს, არამედ მთელი ოპიზიციის მარცხის სიმბოლო გახდა, ყოფილი თანამებრძოლები უკვე მასაც ებრძვიან და თავისი როლისა და წონის განახლებისთვის ალბათ რაღაც ნაბიჯებს დგამს.
„სააკაშვილის ფიგურას თან ახლავს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი - 10-დან, 20%-მდე და ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ პროცენტის ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ თუკი სააკაშვილზე უარს იტყვიან, შეიძლება ეს პროცენტებიც დაკარგონ. ამის კარგი მაგალითია „ევროპული საქართველო" და დღეს უკვე „ფედერალისტები", რომლებმაც ენმ-ში საკმაოდ მაღალი სტატუსი მიატოვეს, გავიდნენ გვერდზე, მაგრამ სტატუსი აღარ გაჰყვათ, რადგან მათი რეიტინგი სააკაშვილს უკავშირდებოდა. ეს გამოცდილება მიუთითებს, რომ სააკაშვილის ჩამოშორება თვითონ პოლიტიკოსებისთვის შეიძლება სასარგებლო არ იყოს და მასთან საჯარო დაპირისპირება უჭირთ", - განაცხადა საყვარელიძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „სააკაშვილის ფიგურას თან ახლავს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი - 10-დან, 20%-მდე და ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ პროცენტის ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ თუკი სააკაშვილზე უარს იტყვიან, შეიძლება ეს პროცენტებიც დაკარგონ."
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ სააკაშვილს ენმ-ზე გავლენა ისედაც ჰქონდა, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხები, სადაც თანხმობა არ იყო პარტიაში, დღეს კი მისი პოზიციები „უფრო მტკიცდება".
„სააკაშვილს გავლენა ისედაც გააჩნდა, ოღონდ არა ისეთი, როგორც ბიძინა ივანიშვილს აქვს „ოცნებაზე" - ყველა თავს რომ უხრის. ის პარტიის ლიდერი იყო, მაგრამ რაღაც სხვადსხვა საკითხები იყო, სადაც თანხმობა არ იყო პარტიაში. დღეს მისი პოზიციები უფრო მტკიცდება, თუმცა დაკარგული არც ჰქონდა.
„პარტიაში არასდროს განსაკუთრებით არ უთქვამთ, რომ სააკაშვილის რომელიმე განცხადებას ემიჯნებიან. შეიძლება განსხავებული აზრი გაუტარებიათ, მაგრამ კონფრონტაციამდე არ მისულან. როცა კონფრონტაციამდე მივიდა საქმე, გვახსოვს, რომ ენმ-ს გამოეყო ჯერ „ევროპული საქართველო" და მერე ცალკეულმა პოლიტიკოსებმა დატოვეს პარტია.
„ვიღაცას შეიძლება სააკაშვილის რაღაც პოზიცია არ მოსწონდა, ცალკე პარტია შექმნეს და ახლა პარტიაში ის ხალხია, ვისაც სააკაშვილის მიმღებლობა აქვს, ოღონდ აქ არავინ მას „გროსმაისტერს" არ უწოდებს, ის ლიდერია და არა ბოსი", - განაცხადა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



