"საქართველოში ბევრი უცხოელი სტუდენტის სტატუსს არალეგალურად იყენებს, უნივერსიტეტების უმეტესობა კი ფულის შოვნა არიან გადასულნი"
ირმა ჩიტაია
(09.06.2026)

საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების ლიმიტს განუსაზღვრავს. აღნიშნულის ახალ კანონპროექტშია საუბარი, რომელიც შსს-მ მოამზადა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ამ ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს, ნაწილი კი ახალ ინიციატივას მიესალმება, რადგან უცხოელი სტუდენტის სტატუსს ბევრი საეჭვო პიროვნებაა ამოფარებული.

ახალი კანონმდებლობით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობას საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს მთავრობა დაუდგენს. კვოტები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია მთავრობა რა მოცულობის ლიმიტს დაუწესებს თითოეულ საგნამანთლებლო დაწესებულებას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება გავლენას მოახდენს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღებაზე:

"წარმოდგენილ კანონის პროექტს გავლენა ექნება როგორც საჯარო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩარიცხვის ზღვრული რაოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრამ შესაძლოა, გამოიწვიოს უცხოელი სტუდენტების მიღების რაოდენობის რეგულირება, რაც პირდაპირ აისახება უნივერსიტეტების შემოსავლებზე, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უცხოელი სტუდენტები მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 2024/2025 წლებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტებში (საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურზე და პროფესიულ კოლეჯებში) ჯამში შეადგენს 37 125 უცხოელ სტუდენტს. 

დასახელებული საერთო რაოდენობიდან 5 621 უცხოელი სტუდენტი ჩარიცხულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამავე წლებში, 31 486 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა მაგისტრატურის პროგრამებზე, ხოლო პროფესიულ პროგრამებზე მიღებულია 18 უცხოელი სტუდენტი", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მთავრობა შესაბამის კვოტებს დაადგენს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ. 

აკადემიკოსი ზურა ვახანია ახალი კანონმდებლობის შემოტანას ეჭვის თვალით უყურებს. მისთვის უცნობია ის დამატებითი მხარეები, რის გამოც საჭირო გახდა უცხოელ სტუდენტებზე ლიმიტის შემოღება. 

,,როცა რაღაც ახალი შემოდის, სამოტივაციო ნაწილი უნდა ახლდეს. შესაძლოა ამ შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ პირადად მე დამატებითი ინფორმაცია არ მინახავს. თუ მთავარი არგუმენტი რიცხობრივად ბევრი უცხოელი სტუდენტის არსებობაა, მაშინ კანონპროექტი მცდარია. მათ ქვეყნისთვის შემოსვალი მოაქვთ. რაც მთავარია, ისინი ჩვენთან საცხოვრებლად არ რჩებიან. თუ ასე არაა, უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომ შემოსული სტუდენტების საშუალდ რამდენი პროცენტი რჩება აქ. ამ ეტაპისთვის მსგავს საკითხზე არანაირი კვლევა არ მინახავს. ჩემი  შთაბეჭდილებით კი, მათი უდიდესი ნაწილი უკან, თავიანთ ქვეყანაში ბრუნდება. ვფიქრობ, მათი მიზანია დიპლომი აიღონ და თავიანთ ქვეყანაში დასაქმდნენ. 

ერთი რამ ცხადია, ჩვენ ხელს გვიშლის უცხოელთა უკონტროლო შემოდინება, მაგრამ მაინცდამაინც სტუდენტები? ვფიქრობ, ყველაზე მატად სახიფათო ის ადამიანებია, ვინც შერმოდის და უძრავი ქონების შეძენითაა დაინტერესებული. სწორედ ისინი ფიქრობენ მეტწილად აქ დარჩენასა და დამკვიდრებაზე. ამიტომაც, თუ გვინდა მეტი სიფრტხილე, უნდა შეიზღუდოს უცხოელების მიერ პირველ რიგში მიწის ნაკვეთებისა და შემდეგ ბინების შეძენა. ზოგადად, აკრძალვის მომხრე არა ვარ, მაგრამ გონივრული რამე უნდა შემოვიღოთ თუ უცხოელთა წინააღმდეგ რამე ზომები მიღება გვინდა", - განუცხადა ,,რეზონანსს" ზურა ვახანიამ.

როგორც აკადემიკოსი ამბობს, შემცირებული ლიმიტები ყველაზე მეტად სამედიცინო პროფილის სასწავლებლებს დააზარალებს, რადგან უცხოელი სტუდენტები უმეტესობა სწორედ ამ სფეროში სწავლობს. 

,,ზოგადად, ადგილობრივი სასწავლებლის ლიმიტების შემცირებას  ყველანმაირად მივესალმები. არაერთხელ განმიცხადებია, რომ ამდენი სტუდენტი  საქართველოს ეკონომიკისთვის, ოჯახებისთვის და ზოგადად, ყველაფრისთვის დამღუპველია. ჩვენთვის ლიმიტები სულ სხვაა და უცხოელების სულ სხვა. სანამ არ დამისაბუთებენ ვის რაში უშლიან უცხოელი სტუდენტები ხელს, მანამ ასეთი კანონმდებლობის შემოღება მართებულად არ მიმაჩნია.

მართალია, შესაძლოა  სტუდენტის სტატუსს ამოფარებულები სხვა მიზნითაც იყვნენ შემოსულები, მაგრამ ლიმიტის დაწესებით ეს პრობელმა არ გვარდება. ვინც ბოროტი განზრახვითაა შემოსული, ის მაინც მოახერხებს ყველანაირი ლიმიტის გვერდის ავლას," - განუცხადა ,,რეზონანსს" ვახანიამ.

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს განათლების სფეროს სპეციალისტ მუხრან გულიაშვილს. ის ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას მიესალმება და ფიქრობს, რომ ბევრი სტუდენტის სტატუსს ამოფარებული უცხოელი, სამუშაოს დაკარგავს. 

,,კანონის გამკაცრება კარგი ინიციატივაა. საქართველოში ბევრი უცხოელი  სტუდენტის სტატუსს არალეგალურად იყენებს. ცდილობდნენ უკანონოდ იმუშაონ  და ქართველებს სერიოზული კონკურენციას გაუწიონ. ეს პრობლემის მოგვარებას მცირედით მაინც შეუწყობს ხელს. ჩვენთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. 

დაუფარავად უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანებში სასწავლებლების უმეტესობა, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები ფულის შოვნაზე გადავიდნენ და სწავლის ხარისხს არავინ ამოწმებს. ეს კანონი კი ბევრს შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ის რაც კეთდება, სახელმწიფოსთვის კარგია. 

მათთვის, ვისაც საქართველოში სწავლა ნამდვილად უნდა, შეზღუდვა არ უნდა შეეხოს. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ რაც დღეს აშკარა თვალში საცემია და რასაც ყველა ცხადად ხედავს. ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების გადაჭარბებული რაოდენობაა. ამიტომაც მივესალმები აღნიშნული კანონის შემოღებას. ეს გამკაცრება დროულია", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას მუხრან გულიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე