თამთა ჩაჩანიძე
(09.06.2026)

სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ის კონგრესი კავკასიის რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენაზე შეშფოთებას აფიქსირებდა და შესაბამისი აქტიც მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა. ეს დამთხვევა, თუ დემონსტრაციულად გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას - რამდენად თავსებადია „ქართული ოცნების" ჩინური ვექტორის გაძლიერება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის განცხადებულ მიზანთან.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი" 9 ივნისს მიიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს.

ამავე დღეს სპეციალური ბრიფინგით პრემიერნმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დააანონსა.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, „ოცნების" ნაბიჯი დემონსტრაციულია და ეს ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაში კარგს არაფერს მოიტანს; ნაწილი კი ამბობს, რომ აშშ-მა თავად გადადგა ამ აქტის მიღებით ქართული მხარისთვის მიუღებელი ნაბიჯი.

„ქართულ ოცნებაშიც" მიიჩნევენ, რომ ეს აქტი ორმხრივი სტრადარტის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც თავად აშშ ესწრაფვის ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას.

„ვინც უყურებს ამერიკა-ჩინეთის, ჩინეთ-ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას, ჩახუტებას, სტრატეგიულ პარტნიორობებს, ახალ სავაჭრო თუ სატარიფო და სხვადასხვა სფეროებში ახალ შეთანხმებებს, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება?" - ეს სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვა იქნება", - აცხადებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

აქტის მიღება და შეთანხმება ჩინეთთან

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ აქტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი. პროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო შეტანილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.

კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს: ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ ანგარიში, რომელიც: შეისწავლის რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში; შეაფასებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას საქართველოში;

ასევე, კანონპროექტი ითხოვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიან სტრატეგიას.

კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს; შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მა საქართველოსთვის; დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის; შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

„არალეგიტიმური „ქართული ოცნების" რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის - ქართველი ხალხის სურვილისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩინეთთან ურთიერთობა ის საკითხია, რომელიც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს".

მისი თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პერტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის.

„ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული. მათ შორის იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები.

„ეს მოიტანა სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე - ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი", - განაცხადა კობახიძემ.

უბრალო დამთხვევა, თუ დემონსტრაციული ნაბიჯი

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის" თავად არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რაც აშშ-ს დღეს აქვს საქართველოსთან.

„თავად აშშ-ის დღევანდელ პოლიტიკაში რამდენად ჯდება ის საკითხი, რომელიც დასამტკიცებლადაა გატანილი - აქედან დავიწყოთ. ბრიფინგზეც ითქვა საკითხის ეს მხარე, რომ ტრამპი ჩინეთის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მიდის, მას „მეგობარს" უწოდებს და ამ დროს საკითხის ამ კუთხით ამოტივტივება საეჭვოა, რომ ამერიკული პოლიტიკის გამოვლინება იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

  • რამაზ საყვარელიძე: „დღეს მიმდინარე ამერიკულ ხაზს საქართველოსა და კავკასიის მიმართ დროებითი ხასიათი არ აქვს და ცალკეული დადგენილებების მიხედვით არ შეიცვლება... ეს საკითხი ამოტივტივებულია არა აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო დონეზე".

კითხვაზე, თუ რატომ დაემთხვა დროში ერთმანეთს კონგრესში ამ აქტის მიღება და საქართველო-ჩინეთს შორის ახალი შეთანხმების ხელმოწერა, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ერთის მხრივ ეს შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯად ჩაითვალოს, თუმცა ეეჭვება, რომ აქტს ქართული მხარე „დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს".

„ქართული მხარის მხრიდანაა საპასუხო ნაბიჯი, მით უმეტეს, რომ ამ აქტის ავტორი ჯო უილსონი კობახიძემ ისედაც მოიხსენია, როგორც არასერიოზული ფიგურა...

„აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და შეიძლება სენატშიც გავიდეს. მოგეხსენებათ, ბევრი პოლიტიკური ძალა მოქმედებს იმ სივრცეში და უილსონის პოზიცია ძალიან ეხმიანებოდა არა იმდენად რესპუბლიკელების, რამდენადაც დემოკრატების პოლიტიკას მათ შორის საქართველოს მიმართ. თუმცა, მეეჭვება, რომ ამ აქტს ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს". - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩინეთთან დაახლოებაზე განცხადება „ოცნების" მხრიდან დემონსტრაციული ნაბიჯი იყო.

„ქართულმა ოცნებამ" ნიადაგი მოსინჯა - შეძლებდა თუ არა აშშ-სთან დალაგებას იმ პოლიტიკით, რასაც თავად ახორციელებდა. როგორც რუბიოს განცხადებიდან ირკვევა, ისინი პირველ რიგში საგარეო ვექტორის შეცვლას ითხოვენ, რომ „ოცნება" დასავლურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს და „ოცნება" არჩევანის წინაშე დადგა.

„ის, რომ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ხელი იმის პარალელურად მოეწერა, რაც აშშ-ის კონგრესში ხდება, ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ძველ პოზიციაზე ვჩებით მიუხედავად იმისა, თუ რა უნდა აშშ-ს", - განაცხადა ძაბირაძემ.

მოსალოდნელი სცენარები

რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შედეგად აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდება.

„არ მგონია, რომ გაუარესდეს, რადგან დღეს მიმდინარე ამერიკულ ხაზს საქართველოსა და კავკასიის მიმართ დროებითი ხასიათი არ აქვს და ცალკეული დადგენილებების მიხედვით არ შეიცვლება. ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე ამის ნიშნები არ ჩანს - არც ტრამპთან, არც რუბიოსთან, ვენსი ხომ საერთოდ არ ლაპარაკობს ამ თემებზე.

„ეს საკითხი ამოტივტივებულია არა აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო დონეზე და ქართულ პარლამენტში რამდენი განცხადებაც გაკეთდება, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა დიდი პოლიტიკისთვის", - განაცხადა საყვარელიძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ეს ხომ დემარში იყო. ხვალ რომ მოეწერათ ხელი, ვითომ რა იქნებოდა?.. ასეთ რამეს, როგორც წესი, არ პატიობენ".

ვახტანგ ძაბირაძე ელის, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანაზე ზეწოლა გაძლიერდება ვაშინგტონის მხრიდან, ურთიერთობების გადატვირთვაზე კი ზედმეტია საუბარი.

„ქართულ ოცნებასა" და ზოგადად საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება. ჩვენ ჩვენ საკმაოდ რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, არა მარტო ხელისუფლება, არამედ ალბათ მთლიანად ქვეყანაც, რადგან ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისადმი დამოკიდებულებაც.

„გადატვირთვაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი. ეს ხომ დემარში იყო. ხვალ რომ მოეწერათ ხელი, ვითომ რა იქნებოდა? არც არაფერი, მაგრამ საწინააღმდეგო ნაბიჯი იმავე წუთში იქნა გადადგმული დემინსტრაციულად და ასეთ რამეს, როგორც წესი, არ პატიობენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე