მარიამ ვეკუა
(09.06.2026)

„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის" გასვლა უკვე შემდგარი ფაქტია და ახლო მომავლში ალიანსის სიმბოლიკიდან „ნაცების" ლოგოს ამოიღებენ. ენმ-ში ამაზე ჯერ კომენატრს არ აკეთებენ.

ამ ერთობამ დაახლოებით 100 დღე გაძლო. ოპოზიციის ალიანსის შექმნა ოფიციალურად 2 მარტს გამოცხადდა და მასში 9 პარტია იყო გაერთიანებული: „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „ევროპული საქართველო", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფლების მოედანი", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ფედერალისტები".

შექმნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალიანსის შგნით დაპირისპირება დაიწყო, რის შესახებ ინფორმაციაც პერიოდულად მედიაში ჟონავდა. ეს დაპირისპირება კი განსაკუთრებით გამწვავდა მაისის მეორე ნახევარში და საბოლოოდ ასეთი შედეგი დადგა.

„ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ალიანსის ბრიფინგის ჩანაწერი, სადაც ფონზე ჩანდა ალიანსშ შემავალი 9 პარტიის ლოგოები> თავის პოსტს კი ჩერგოლეიშვილმა ასეთი ტექსტი დაურთო:

„ალიანსი. „ნაცების" ლოგოს მალე ამოვიღებთ, ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება".

„ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია ამ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ" თავად დააყენა თავი ალიანსის მიღმა.

„ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ", სააკაშვილმა და მისი გარემოცვის დიდმა ნაწილმა თვითონ დააყენეს ალიანსის მიღმა თავი, როცა გამოაცხადეს, რომ არ ცნობენ იმ შეთანხმებას და სტრატეგიას, რომელსაც შეუერთდნენ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ალიანსის დანარჩენ წევრებს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვთ მისაღები, რადგან გადაწყვეტილება თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღოს.

მანამდე, ოპოზიციის ალიანსის კიდევ ერთი წარმომადგენელი, „ახლების" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებდა, რომ ოპოზიციის ალიანსი აგრძელებს მუშაობას.

„ნებისმიერი გზავნილი, რასაც შეიძლება, ტელევიზიით ვისმენდეთ, საერთო საქმეს აზიანებს. ამიტომ ყურადღებას არც ვაქცევ ამ განცხადებებს. ჩვენი კამპანიაა დასაგეგმი, ამაზე დღესაც იყო კომუნიკაცია. ამ კამპანიას რეგიონებშიც გავაგრძელებთ. ნებისმიერი პარტია, რომელიც, მიიჩნევს, რომ საერთო საქმე და ერთობა მნიშვნელოვანია, ამ საერთო კამპანიაში ჩაერთვება", - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

თვითონ „ნაცმოძრაობაში" ჯერჯერობით, ალიანსიდან გასვლაზე ღიად არ საუბრობენ. 8 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა გამაცხადა, რომ პარტია ალიანსში რჩება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტი, როცა ადამიანები ვერ ეშვებიან „ნაციონალური მოძრაობის" ძაგებას. მათ ვერ ისწავლეს ჭკუა და ვერ მიხვდენენ, რომ ივანიშვილის ოპონენტი ვერ გახდები „ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვით. იმედია, ეს სიტუაცია გამოსწორდება. თუმცა ალიანსში ვართ. თამარ ჩერგოლეიშვილი ბევრ რამეს ამბობს, ხოლმე... ამ ეტაპზე ალიანსში ვრჩებით".

  • ნიკა ჩიტაძე: „გარიცხვით „ნაცმოძრაობა" არ გაურიცხავთ, თუმცა გასვლით, სავარაუდოდ, გავა. ალბათ გავა თავისი ნებით. სამწუხაროდ, არის რაღაც პრობლემები."

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ენმ, სავარაუდოდ, ალიანსიდან თავად გავა.

„გარიცხვით „ნაცმოძრაობა" არ გაურიცხავთ, თუმცა გასვლით, სავარაუდოდ, გავა. ალბათ გავა თავისი ნებით. სამწუხაროდ, არის რაღაც პრობლემები.

„ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. საჭირო იყო ერთიანობა და სამწუხაროდ, თუ ერთიანობა მოიშალა, ცოტა გართულდება ბრძოლა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება ალიანსიდან ენმ-ის გასვლა ზოგადად ოპოზიციაზე, გვპასუხობს, რომ „ნეგატიურად"

„საერთო ჯამში, ენმ-ის გასვლა ალიანსიდან უარყოფითად იმოქმედებს ოპოზიციაზე, რადგან ერთიანობაზე იყო საუბარი. თუმცა, ამ ეტაპზე, რატომ მოხდა გახლეჩვა, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ჩიტაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეც ასევე ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობა" ალიანსს თავად დატოვებს:

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გარიცხავენ, თუ თავად დატოვებენ ალიანსს. მე ვფიქრობ, რომ უბრძანებს მიშა და ალიანსს დატოვებს, დატოვებს თავისი ნებით."

  • ედიშერ გვენეტაძე: „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გარიცხავენ, თუ თავად დატოვებენ ალიანსს. მე ვფიქრობ, რომ უბრძანებს მიშა და ალიანსს დატოვებს, დატოვებს თავისი ნებით."

კითხვაზე, როგორ აისახება ოპოზიციაზე „ნაცმოძრაობის" მიერ ალიანსის დატოვება, გვპასუხობს:

„გინდა „ნაცმოძრაობა" ყოფილა ალიანსში და გინდ ალიანსი ოპოზიციაში, თავად არ იციან. ცნობილი გამოქმაა - ვის ვიოლინო ვის როიალშია. ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არიან, არცერთს მოაკლდება რამე და მოემატება და არც მეორეს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე