რეზონანსი
(05.06.2026)

დღეს ცნობილი გახდება, სულ რამდენი ბრალდებული მიმართავს პროკურატურას 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის. რაც უკვე ცნობილია, საპროცესო შეთანხმება უფორმდება ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, თემურ ქუციკიძესა და ავთანდილ სუმნაიძეს. დღეს კი დამატებით გახდება ცნობილი, რამდენი ბრალდებული დაემატება ამ 7 პირს. 

უკვე ცნობილია, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა ალექსანდრე გოგოლაძემაც. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ბრალდების მხარისგან მათ თანხმობა მიიღეს. 

უფლებადამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც ზუსტად გამოიკვეთება, თუ რამდენი ბრალდებული ითხოვს საპროცესოს გაფორმებას, ყველა ამ პირის სხდომა ერთად გაიმართება და ისინი დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან. 

"ჩვენ მივმართეთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაბამისად მივიღეთ თანხმობა და გავაფორმეთ შემდეგი პირობით - პირობითი სასჯელი 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდების მხარე დააფიქსირებს პოზიციას, რომ გამოეყოს აღნიშნული საქმეები, ვისთანაც შეთანხმებულია საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად შემდეგ ცალკე ჩაინიშნება ეს ჯგუფი და ერთ სხდომაშივე დასრულდება ეს პროცესი და სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან", - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე