
ევროკავშირში მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დამტკიცდა. 12 ივნისიდან, ძალაში შევა შეთანხება, რომლის მიხედვით, ორწლიანი დაკავება მუდმივი აკრძალვა ელის პირს, რომელიც მიგრაციის შესახებ კანონს დაარღვევს. ეს გადაწყვეტილება ააჩქარებს ევროკავშირიდან დეპორტაცვიის პროცესს და დეპორტირებულთა რაოდენობასაც გაზრდის. საინტერესოა, რა მოჰყვება ახალ რეგულაციას და როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე. აქ ქართველი სპეციალისტების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია უმუშევრობას გაზრდის, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯია.
ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა დაამტკიცეს შეთანხმების ახალი ტექსტი, რომელიც ევროკავშირიდან დეპორტაციის პროცესს აჩქარებს და დეპორტირებულთა რაოდენობას ზრდის. გამოცემის ცნობით, შეთანხმება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ რატიფიცირებას ელოდება, ხოლო ახალი წესები მიგრაციის მასშტაბური რეფორმის ნაწილი გახდება, რომელიც 12 ივნისს შევა ძალაში. „ევროსტატის“ მონაცემებით, ამჟამად თავშესაფარზე მიგრანტების მხოლოდ 27% იღებს უარს.
დოკუმენტის ძირითადი პუნქტი ბლოკის არაწევრ რვიდან ათამდე ქვეყანაში გახსნილ სპეციალურ ცენტრებში მიგრანტების დეპორტაციას ითვალისწინებს. ეს ევროკავშირის ამ არაწევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მოხდება, რაზეც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ახალი კანონი დაკავების მაქსიმალურ ვადას ორ წლამდე ზრდის და დაბრუნებული პირებისთვის ევროკავშირში შესვლაზე, პრაქტიკულად, შეუზღუდავ აკრძალვებს აწესებს.
საქართველო, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, ქვეყნების წამყვან ოცეულშია. 2025 წელს, ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე, საქართველოდან მიგრაცია აქტუალობას არ კარგავს. საინტერესოა, როგორ აისახება ეს ახალი რეგულაცია, სწორედ ამ კატეგორიაზე.
სოციოლოგი პაატა აროშიძე „რეზონანსთან“აცხადებს, რომ ევროკავშირის ამ ახალ რეგულაციას "მუშახელის გაძვირება" მოჰყვება. როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების დასაქმებას ბევრი ერიდება, თუმცა იმის გამო, რომ სწორედ არალეგალი მიგრანტებისთვის გადახდილი ანაზღაურება არ იბეგრება, არიან დამსაქმებლები, რომლებიც კანონის დარღვევას არ ერიდებიან.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს ორმხრივად ხელსაყრელია, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე - მიგრანტებისთვის, რადგან ოფიციალურად და გამჭვირვალედ დასაქმების პირობებში, ანაზღაურება დაიბეგრებოდა. არალეგალურად დასაქმებულები კი ხელზე იღებენ ხელფასს, თანაც ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და უმეტესობა ბიზნესი ასეთ რისკზე არ მიდის, მაგრამ ისიც ფაქტია, ევროკავშირისკენ იმიტომ ისწრაფვიან და არა მარტო საქართველოდან, სხვა ქვეყნებიდანაც, რომ იქ ცხოვრების უკეთესი პირობებია. ჩასულთა უმეტესობას დასაქმების, ანუ შრომითი ვიზა არ გააჩნია. კანონის გამკაცრება კი მათ მომსახურებასაც გააძვირებს, გარკვეულ პროდუქციასაც და იმ პირებს, რომლებიც ლეგალურად არიან ჩასულები, პრობლემებსაც შეუქმნის“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა აროშიძემ.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს და რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია „ხალხის ძალის“ წევრს, დავით ჩიხელიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია უსაფრთხოების წესების გამკაცრებას უკავშირდება. მიგრანტთა შესახებ კანონის გამკაცრებით, ევროკავშირმა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ესაა წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან განსაკუთრებით ბოლო წლებში, აფრიკის კონტინენტიდან ჩასულმა მიგრანტებმა, ფაქტობრივად, ევროპას დაუკარგეს იდენტობა. შესაბამისად, ის ევროპა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით ათეულობით წლის უკან და რომელიც გამოირჩეოდა თავისი კულტურით, თვითმყოფადობით, დღეს გადაიქცა გარკვეული ჯგუფების სათარეშო ადგილად. ყველა ვხედავთ, რომ იგივე გერმანიაში, გერმანელ მოქალაქეებს ღამით ქუჩაში გადაადგილების ეშინიათ. გარდა ამისა, ბრიტანეთშიც მუსლიმანების დიდი მოზღვავებაა და არა მარტო ქუჩებში, არამედ პოლიტიკაშიც. ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორც ბრიტანეთია, საკანონმდებლო ორგანოში ან თუნდაც მერად რომელიმე ქალაქში, არიან ადამიანები, რომლებმაც ინგლისური წესიერად არ იციან.
ამიტომ, ჩვენ თუ ამოვალთ იქიდან, რას მოუტანს მიგრანტთა შესახებ კანონის გამკაცრება ევროკავშირს და, ზოგადად, დასავლეთს, ეს არის მათთვის საჭირო, აუცილებელი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.
მისი აზრით, ახალი რეგულაცია, რომელიც 12 ივნისს შევა ძალაში, ევროპისთვის თავდაცვისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა, რადგან მიგრანტების პრობლემა დიდ ეკონომიკურ საფრთხეს ქმნის.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია, დაეხმაროს მიგრანტებს, უზრუნველყოს ისინი საცხოვრებლით, მისცეს გარკვეული სამუშაო და ყოველთვიური დახმარება. ამის გამო, მათი მოქალაქეები, პირობითად, ვინც გერმანიაში დაიბადა, გაიზარდა და ბებია-ბაბუაც გერმანელები ჰყავდა, შესაძლოა, დღეს სოციალურად დაუცველები იყვნენ, რადგან მიგრანტთა გამო, ქვეყანა ვეღარ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე წლის უკან ატარებდა.
მეორე საკითხი ისაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ქართველია უცხოეთში წასული და ამ კუთხით მოსალოდნელია, რომ ეს ახალი ინიციატივა გამონაკლისებს არ დაუშვებს და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია მიგრანტი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ეს იმოქმედებს ქართველ მიგრანტებზეც, რადგან მათი დეპორტაციაც მოხდება.
აქ ერთი, მნიშნელოვანი საკითხია, რომ ახალი რეგულაციის მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოების წესების გამკაცრება და კრიმინალთან ბრძოლა. ვფიქრობ, აღნიშნული რეგულაციები შეეხება აფრიკელ მიგრანტებს, რომელთა წილი ბოლო ათი წლის განმავლობაში, ევროპაში ყოველწლიურად იზრდებოდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



