
პროკურატურა 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ შვიდ პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ სამართლებრივი პროცესის ფარგლებში არ განიხილებოდეს და მას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს. ოპოზიცია კი ამას ხელისუფლების მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს.
ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პერიოდულად კეთდებოდა განცხადება, რომ სხვადსახვა აქციების დროს დაკავებული ხელისუფლების ოპონენტების გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გამცხადრიყო მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება და მონანიება. 4 ოქტომბრის მოვლენებზე საქმის პროკურორმა სამშაბათს განაცხადა, რომ ეს 7 ბრალდებული ინანიებს დანაშაულს. უფრო მეტიც - მისივე ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ბრალდებულს აქვს იგივე პოზიცია და ახლო მომავალში საპროცესო შეთანხმება მათთანაც გაფორმდება.
ანალიტიკოსთა ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესს, რომლის კონტექსტშიც არაერთხელ გაჟღერდა ვარაუდი, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებისგან გარკვეული წინაპირობების შესრულებას ელის და მათ შორისაა პატიმრების გათავისუფლებაც.
ამაზე გარკვეული მინიშნებები იკითხებოდა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაშიც, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. კობახიძის შეფასებით, აშშ-მა განაახლა პარტნიორობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და იქ არავითარი წინაპირობა არ ყოფილა დაყენებული, მათ შორის არც პატიმრების გათავისუფლება.
„აშშ-მა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა. ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა. არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა. არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა. არც ოპოზიციასთან დაკავშირებით.
„როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი. აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიდგომა იქნება არა ასეთი - უსამართლო, არამედ მიდგომა იქნება სამართლიანი. რაც გაფუჭდა უსამართლო მიდგომით, ის შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით", - განაცხადა კობახიძემ.
- თენგიზ შარმანაშვილი: „არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული. რომელიმე პარტიის წინაშე კი არა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე"
დღეს მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორი გადაწყვეტილებაა.
„არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული. რომელიმე პარტიის წინაშე კი არა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე", - აცხადებს „ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი.
ვისთან და რატომ გაფორმდა საპროცესო
როგორც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, ათონელის სასახლესთან მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული 12 ადამიანიდან, საპროცესო შეთანხმება შეეხება შემდეგი პირებს: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე.
როგორც პროკურორი აცხადებს, საქმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ბრალდებულმა მიმართა სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათაც გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება და ამის შესახებ მათ ადვოკატებს ეტაპობრივად ეცნობებათ.
ცქვიტარიას თქმით, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე.
„მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს. სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან. საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე.
„ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ასახულია ვიდეო მასალებში, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ხსენებული პირები მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განხორციელდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღიარება მოხდება ფაქტის დონეზე, რაც მათ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეს", - აღნიშნა პროკურორმა.
რაც შეეხება ამავე ეპიზოდზე დაკავებულ ბრალდებულებს, რომელთაც საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპისთვის არ უფორმდებათ, ესენი არიან: ვახტანგ ფიცხელაური, აბო ნავერიანი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი და მარიამ მეყანწიშვილი.
მოსალოდნელი შედეგები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ პატიმრების გამოშვების საკითხი შეთანხმებების საფუძველზე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის ნაწილიც იყოს.
„ყოველთვის ყველა მხარე შეიძლება უფრო მკაცრ პოზიციას იღებდნენ, რათა შერბილების შემდეგ დათმობის გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ. ეს იმაშიც ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მკაცრ შეფასებას აძლევს ევროპას და თუკი ევროპა რაიმე დათმობაზე წავა, შეიძლება მერე ეს შეფასებები მოხსნან.
„ჩვენ არ ვიცით რა თემები იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში წამოწეული, მაგრამ თუ ამდაგვარი თემა იყო, სრულიად არაა გამორიცხული, რომ ქართულმა მხარემ ნაბიჯი გადადგას ამერიკულის სასარგებლოდ იმისთვის, რომ საპასუხო სასარგებლო ნაბიჯი გადმოდგას ამერიკამ. შესაძლოა ეს ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილი იყოს, რატომაც არა.
- რამაზ საყვარელიძე: „თუკი ეს უკან დახევაა, ასეთ უკან დახევას მივესალმები... „კავკასიური ცარცის წრეში" ბავშვი რომ შუაში ჰყავთ დედებს, უკან რომელი იხევს - რეალური დედა, თუ ყალბი დედა?"
„უკან დახევა" ის ეპითეტია, რომლითაც ერთი მხარე მეორეს აგინებს და არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში უკან დახევა არ შეიძლება, არც ადამიანებთან ურთიერთობაში. თუკი ეს უკან დახევაა, ასეთ უკან დახევას მივესალმები. თუკი „ოცნების" მხარდამჭერს ქვეყანა უყვარს, მაშინ ასე უნდა იფიქროს. „კავკასიური ცარცის წრეში" ბავშვი რომ შუაში ჰყავთ დედებს, უკან რომელი იხევს - რეალური დედა, თუ ყალბი დედა? ასე რომ, უკანდახევის თემა ასეთ ღირებულებებს უკავშირდება ხოლმე", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებზე დაკავებულების შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ამათთან (7 პირთან) უკვე გაფორმდა უფრო რბილი ვარიანტი, მაგრამ როცა ადამიანი დაპატიმრებულია, მისი ვადამდელი გამოშვების საფუძველი მონანიება უნდა იყოს. თუკი ეს ადამიანები იტყვიან, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, მაშინ მათი შეწყალება ბუნებრივია, მაგრამ თუ ადამიანმა არ მოინანია, ეს სხვა საქმეა. თავად ქრისტიანობაშიც დევს ცოდვის მონანიება, როგორც აუცილებელი ელემენტი.
„ამ პირობის გარეშე, რომ თუ არც მონანიება იქნება და არც სხვა რამ საფუძველი, წესით ყაველაშვილმა ეგ ნაბიჯი არ უნდა გადადგას და თუ მაგ ნაბიჯს გადადგამს, პირველი მე ვიქნები, ვინც გავამტყუნებ. მაგრამ, თუ კანონიერ საფუძველს მოიხმარს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



