
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს ყოველწლიური წერილობითი ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მთავრობის მთავარ პრიორიტეტებად ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები, უსაფრთხოება და ქვეყნის სტაბილური განვითარება არის დასახელებული. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო მიმართულებაა ქვეყნის განვითარების ახალი, 2026-2035 წლების სტრატეგიის მომზადება, სადაც 10-წლიანი მიზნები და მათი მიღწევის ვადები უნდა განისაზღვროს.
დოკუმენტი ეხება პრაქტიკულად ყველა სფეროს და სავარაუდოდ, ამ მოხსენებით პრემიერი კობახიძე თვის ბოლოს პარლამენტის წინაშე წარსდგება.
თავდაცვა
პრემიერ-მინისტრის საანგარიშო მოხსენების თანახმად, დაიწყო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესი 10-წლიანი (2035 წლამდე) პერსპექტივით. პროცესი მოიცავს, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მომავლის ოპერატიული გარემოს განსაზღვრასა და მასზე დაფუძნებით, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2026-2030" დოკუმენტის შემუშავებას.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით, გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი, მაღალი სიზუსტის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო და შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა შეიქმნა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები, რაც ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამანევრო ქვედანაყოფების სწრაფი გადაადგილებისა და მობილობის შესაძლებლობებს.
პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პარკის აღდგენის პროცესის ფარგლებში, საფრენი აპარატების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მოდერნიზება ჩაუტარდა სასწავლო-სატრანსპორტო საფრენ აპარატებს, ასევე გარემონტა შვეულმფრენები და სხვა საფრენი აპარატები.
განათლება
საანგარიშო დოკუმენტში განათლების სისტემაზეც არის ყურადღება გამახვილებული:
„სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ავტორიზაციის პროცესი გაიარა 104-მა საბავშვო ბაღმა, მათ შორის, 103-მა საჯარო და 1-მა კერძო დაწესებულებამ. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 126 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესი.
- „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო და შესაბამისი სასწავლო-კვლევითი სკოლა."
„რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოსწავლეთა მხარდაჭერის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, 2025 წელს ავტორიზაცია გაიარა 119-მა სკოლამ, ავტორიზებულია 569 და მიმდინარეობს 140 საჯარო სკოლის ეტაპობრივი ავტორიზაცია. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდისთვის ავტორიზებულია 206 კერძო სკოლა.
„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სავალდებულო გახდა პირველივე სასწავლო წელს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა, რომელიც შესული იქნება სახელმწიფოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში", - ნათქვამია დოკუმენტში.
სოციალური მიმართულება
ამასთან, პრემიერის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას იღებს 670 ათასამდე პირი, მათ შორის, 233 880-მდე ბავშვი.
„2026 წლიდან აქტიურად დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, რომლის მიზანია, სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია 670 ათასამდე პირი, მათ შორის, ბავშვის ბენეფიტით სარგებლობს ყოველთვიურად 233 880-ამდე ბავშვი", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს ეკომიგრანტთა განსახლების ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ 2025 წელს უზრუნველყოფილ იქნა 783 ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო 2026 წელს - 451 ოჯახი.
ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ „2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით".
„მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობის, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირების, საგზაო უსაფრთხოების განვითარებისა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2027 წლის 1 მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო ხდება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.
„ასევე, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მიმართულებით, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, 2025 წლის ივნისიდან აქტიურად ხორციელდებოდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი. ასევე, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მოტოციკლები, ტრიციკლები, კვადროციკლები) სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება", - ნათქვამია დოკუმენტში.
საგარეო მიმართულება და ოკუპირებული რეგიონები
დოკუმენტში აღნიენულია, რომ საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას.
„საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. პარალელურად, აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.
„გაგრძელდა სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჰუმანიტარული ჩართულობის პროგრამები.
- „ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, 25 ახალი ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიციირებული, ხოლო ჯამში - 70-ზე მეტი პროექტი განხორციელების პროცესშია".
„თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს გრძელვადიანი ტრანსფორმაცია 2035 წლამდე ხედვით. ვითარდება საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, ინერგება უპილოტო სისტემები და ძლიერდება თანამედროვე მართვისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თანმიმდევრულად გაგრძელდა საქმიანობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კონტექსტში - ეფექტიანად გამოიყენებოდა საერთაშორისო პლატფორმებიც".
„ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება.
„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდებოდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა ყველა არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით. საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, 25 ახალი ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიციირებული, ხოლო ჯამში - 70-ზე მეტი პროექტი განხორციელების პროცესშია", - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, მოხსენების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები განიხილებოდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



