
დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის და შუა დერეფნის მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში რეგიონულ თანამშრომლობასა და იმ მსხვილ, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთთან და ყაზახეთთან კონტეინერული გადაზიდვები 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზე.
„ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრმა დავით ხუდატიანმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



