
თბილისში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებს აჯამებს. საელჩოს განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თბილისთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, ინკლუზიური დემოკრატიული პროცესი და ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა.
განცხადებაში ასევე საუბარია ოპოზიციის როლზე და ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია უნდა ურთიერთობდეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან „იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს".
აშშ-ის სახდეპის დელეგაცია 25-29 მაისს იმყოფებოდა საქართველოში. მის შემადგენლობაში იყვნენ სახელმწიფო მდივნის აპარატის წარმომადგენელი ჩარლს იოქი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.
გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. თუმცა, დელეგაციის წევრები არ შეხვედრიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ზოგადად პრეზიდენტ დონალდ ტრაპის ადმინისტრაციის იმ პოლიტიკის გამოძახილია, რაც ქვეყნის შიგნით აქვს არასამთავრობოებთან.
„ქართულ ოცნებაში" ვიზიტს დადებითად აფასებენ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით გამოყო ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება. მისი თქმით, „აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა მანდატებით, ახალი ადმინისტრაციის მიდგომა კი განსხვავებულია - რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ, ეს არის ჩვენი მოწოდება".
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ეს არის ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული სურვილი და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ, არის ის, რომ ეს ურთიერთობების განახლება-გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს", - ამბობს კობახიძე.
„ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი კი ამბობს, რომ „ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მზადაა რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ რეალური, ხელშესახები, თუნდაც ეკონომიკის სფეროში, არ იყო. ახლა უკვე ამ სფეროებზეც, ინვესტიციებზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და ეს არ შეიძლება დადებით ემოციებს არ იწვევდეს ნებისმიერ ჩვენგანში".
ოპოზიციაში აშშ-ის საელჩოს განცხადება სხვადასხვანაირად წაიკითხეს. ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე დადგეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციაში ოპოზიციის დიდი ნაწილსაც მიუძღვის ბრალი.
„წარმოუდგენელი ამბავია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია პარლამენტის მანდატებზეც უარს ამბობდეს, არჩევნებშიც არ მონაწილეობდეს. ასეთ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური პარტია კი არ არის, რაღაც გაურკვეველი კლუბური წარმონაქმნია, ეს წერია სწორედ ამ განცხადებაში. ეს იცით რისი შედეგია? სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი", - ამბობს პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური.
საელჩოს განცხადება
აშშ-ის საელჩომ საქართველოში სახდეპის დელეგაციის ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება ვიზიტის დასრულოებიდან 3 დღეში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს „ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად".
დელეგაციამ საქართველოს მთავრობას „კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ".
განცხადების მიხედვით, მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის „ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის".
„დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე საუბარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც:
„დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ.
„დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
„შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსალოდნელი შედეგები
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" ამბობს, საელჩოს განცხადებაში ენიშნა, რომ ამერიკელები სიტუაციას კვლავ აკვირდებიან და ელოდებიან საქართველოს ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადადგამს პარტნიორობის განახლებისთვის.
„მენიშნა - იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკელები დავაკვირდეთ ეს სიტუაცია როგორ განვითარდებაო, რაც უსამართლობაა. პარტნიორობა ბაიდენის დროს შეწყდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე ფაქტოდ უარი თქვა რუსეთთან ომში ჩართვაზე, რადგან აშშ-ს მოთხოვნა, რომ უკრაინას ახლავე გადაეცით „ჯაველინები", „ბუკ"-ები და ა.შ. - ეს ნიშნავდა, რომ რუსული ტანკები პირდაპირ თბილისისკენ დაიძვრებოდა.
- პეტრე მამრაძე: „კარგია, რომ რაღაც დაძრეს, მაგრამ მაინც ეს ის ტონი არაა, რომელიც სამართლიანი იქნებოდა. აშკარად კიდევ ელოდებიან რა ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან."
„კარგი იქნებოდა ეთქვათ, რომ გადავხედეთ რაც იყო და მზად ვართ პარტნიორობის განახლებისთვის, რადგან დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა.
„დასავლეთში საქართველოს არაკეთილმოსურნეების პოლიტიკა ორ დიდ ტყუილზეა აგებული: რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და მეორე - თურმე ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის წინააღმდეგ ასობით რეზოლუციას შეუერთდა, მათ შორის იმ დოკუმენტებსაც, სადაც აშშ-მა თავი შეიკავა.
„საელჩოს განცხადება წავიკითხე. კარგია, რომ რაღაც დაძრეს, მაგრამ მაინც ეს ის ტონი არაა, რომელიც სამართლიანი იქნებოდა. აშკარად კიდევ ელოდებიან რა ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ისეთს არაფერ არ მოითხოვენ, რაც საქართველოსთვის საზიანოა, ძალიან საფრთხილო საკითხია.
„კარგია, რომ საუბრები მიმდინარეობს, დელეგაციები ჩამოდის. ხალხის ნაწილი განიცდის იმას, რომ როგორ კონტაქტები აღარაა ყველაზე მოწინავე ქვეყნებთან. კონტაქტები არის, დელეგაციები ჩამოდის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას, რადგან არსად არ წასულან სააკაშვილისა და მისი ბიძის მიერ მოყვანილი რუსული ბაზები.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ისე არ მოიქცევა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო, როცა ფოტოს გადაღებისა და ხელის ჩამორთმევის სანაცვლოდ, ნებისმიერ ეროვნულ ინტერესს თმობ", - განაცხადა მამრაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არასამთავრობოებთან არშეხვედრა აშშ-ის დელეგაციის მხრიდან იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის შიგნით ატარებს. ურთიერთობის აღდგენა კი აშშ-ს მხრიდან უპირობო არ იქნება.
„აშშ-ს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ისაა, რომ თავად ამერიკაშიც მაინცდამაინც არ წყალობს არასამთავრობოებს. როგორც ჩანს, ამის გავლენაა, რომ საქართველოში არსებულ არასამთავრობოებს არ შეხვდა.
„თავიდანვე ერთი რამ ცხადი იყო - რომ თუ აშშ-ის ინტერესებში იქნებოდა, ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ითანამშრომლებდნენ. დღეს აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონი და საქართველო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სერიოზული შედეგები იყოს არა მარტო განცხადების დონეზე, არამედ პარტნიორობა გარკვეულწილად აღდგეს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ ყველაფერზე დახუჭავს თვალს და საქართველოში არსებულ ვითარებას არ გაითვალისწინებს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ სერიოზული შედეგები იყოს არა მარტო განცხადების დონეზე, არამედ პარტნიორობა გარკვეულწილად აღდგეს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ ყველაფერზე დახუჭავს თვალს".
„ირანთან ომი რომც დასრულდეს, ირანში დღეს არსებული რეჟიმი დარჩება. აშშ-სთვის კი, სულერთი არაა კავკასიაში რა ვითარება იქნება. ცხადია, „ქართული ოცნება" ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რომ მან ურთიერთობების აღდგენა შეძლოს, ეს ძალიან სჭირდება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს აღდგენა უპირობო იყოს აშშ-ის მხრიდან. უნდა ვინმეს თუ არა, ისინი აუცილებლად მოითხოვენ იმ რეპრესიული კანონების გაუქმებას, რაც „ოცნებამ" მიიღო.
„ისინი საბოლოო ჯამში ღირებულებებზე უარს ვერ იტყვიან, რადგან ეს ღირებულებებია იმის გარანტია, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება იქნება და დღეს ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ფაქტიურად სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია და ფეთქებადსაშიში ვითარებაა, აშშ ეცდება, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



