
მკვლელობა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში. შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი მოკლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივებმა "ამბებს" განუცხადეს, ქალს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ქალი თეა ხარგელიაა.
"მკვლელი დაკავებულია. ის ვიცით, რომ მივიდა მასთან სახლში, მიაკაკუნა, კარი გააღო თუ არა თეამ, პირდაპირ ესროლა. არავინ იცის რაზე ჰქონდათ კონფლიქტი. გარდაცვლილი 45 წლამდე იყო. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით, ველოდებით გამოძიებას" - თქვეს ადგილობრივებმა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მაც გაავრცელა განცხადება. უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



