
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრის, გივი სანიკიძის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება მესტიაში კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას, პრობლემებს აღმოფხვრის, ხოლო მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდას მიეჩვევიან.
როგორც გივი სანიკიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული ინიციატივით „ენერგო პრო ჯორჯიას“ შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგიის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
„ცალსახად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა აუცილებელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება სრულად აღირიცხება. მომხმარებლები მიეჩვევიან ელექტროენერგიის გადახდას და შესაბამისად, "ენერგო პრო ჯორჯიას" შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგიის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტაროს. ასევე ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრება. ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდება, რაც ენერგოკომპანიის მხრიდან ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის აუცილებლობას ნიშნავს.
მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა იქნება, თუ არა რთული სათქმელია, მაგრამ აღნიშნულ პროცესში შესაბამისი სტრუქტურები ჩაერთვებიან, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს პროცესი წარმატებით განხორციელდება“, - აღნიშნავს „სემეკის“ წევრი.
ცნობისთვის, მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



