ენერგეტიკოსებმა უკანონო მაინინგის წინააღმდეგ მამუკა მდინარაძის ინიციატივა მოიწონეს და მკაცრ კონტროლსაც ითხოვენ
ქეთო გოგოხია
(01.06.2026)

კრიპტომაინინგის პროცესი სვანეთში მკაცრად გაკონტროლდება. სპეციალურად ამ მიზნით მთავრობა გამრიცხველიანებას იწყებს. ბოლო წლების განმავლობაში პრობლემებზე სექტორში მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ახლა იწყება. სპეციალისტების შეფასებით, ახლო მომავალში გამოჩნდება, როგორ დარეგულირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის შემოსავალი და რა დონეზე შემცირდება მოხმარება.

თავის მხრივ, მთავრობა ირწმუნება, რომ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების პროცესი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც სამართალდამცველებს უკვე დაევალათ დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. გამრიცხველიანების სისტემა სვანეთის ყველა სოფელსა და დაბაში დაინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მანვე მიანიშნა, რომ ელექტროენერგია გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.

„ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის მოსახლეობას და კერძო სექტორს. უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, რატომაც გახშირდა ავარიული შემთხვევები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უარყოფითად აისახება ტურიზმზეც“, - განაცხადა მდინარაძემ.

ელექტროენერგიის მოხმარება სვანეთის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მლნ კვტ/სთ შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარება არ აღემატება 10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემის ფინანსურ ზარალს მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს.

„პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ პროცესს, ნებისმიერ ხელის შეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტომაინინგი ენერგეტიკის სექტორისთვის დიდი პრობლემაა, სპეციალისტები ცვლილებას დადებითად აფასებენ, თუმცა აღმოფხვრის მოაგვარებს იგი პრობლემას, ჯერჯერობით პროგნოზი უჭირთ.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორის, მურმან მარგველაშვილის შეფასებით, მაინინგთან დაკავშირებით პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რადგან არანაირი ეკონომიკური სარგებელი ამისგან სახელმწიფოს არ აქვს, ხოლო ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება უფრო მეტად იზრდება და ხალხი ზარალდება.

„კარგია, რომ მთავრობა პრობლემის მოგვარებას იწყებს. უკანონო მაინინგი ენერგეტიკის სექტორისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა, რადგან ჭარბ მოხმარებას იწვევს და კანონდარღვევაა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში და „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, სვანეთის არანორმალურად დიდი ენერგომოხმარება სერიოზულ გამოწვევად მიიჩნეოდა, მაგრამ აქამდე ვერაფერი გაკეთდა. დღეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. 

მთავარია, პროცესი ქმედითი იყოს. შედეგი გამოჩნდება იმის მიხედვით, როგორ დარეგულირდება „ენერგო პრო ჯორჯიას“ შემოსავლები და როგორ შემცირდება დენის მოხმარება. ფაქტია, რომ არანაირი ეკონომიკური სარგებელი მაინინგისგან ქვეყანას არ აქვს. მისი არსებობა რეალურად დიდი ტვირთია ეკონომიკისთვის და სექტორისთვისაც. არ მესმის, ჩვენი რესურსი რატომ უნდა მოიხმარონ, ეს ცოტა გაუგებარია. სადაც ელექტროობაა, ყველაფერი აღრიცხული უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა სვანეთში დენის ჭარბი მოხმარებაა, რაც დარგს საფრთხეს უქმნის. 

ენერგოპოლიტიკაშიც წერია, რომ უნდა მოგვარდეს განაწილების პრობლემა, სადაც სვანეთიც არის ნახსენები და აფხაზეთიც. შესაბამისად, კარგია, რომ მესტიისვის დაწესდება მიჯნა, რომლის მიღმაც აბონენტს თანხების გადახდა მოუწევს, მოსახლეობასაც დიდი შეღავათი ექნება და ბიუჯეტსაც დაეტყობა“, - უთხრა „ბიზნეს-რეზონანსს“ მურმან მარგველაშვილმა.

მაინინგის პროცესის გაკონტროლებას დადებითად აფასებს ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანიც, თუმცა ეჭვი ეპარება ამით ენერგეტიკულ სექტორს ეშველოს, სანამ სისტემური ცვლილება არ განხორციელდება.

„სვანეთი ელექტროენერგიის გადასახადისგან აქამდე განთავისუფლებული იყო. გამრიცხველიანების პროცესის დაწყება კარგია იმ კუთხით, რომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოგებას გაზრდის, მაგრამ ენერგოდამოკიდებულების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ცვლილება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ელექტროენერგიის გარკვეული მოცულობა მოსახლეობას უფასოდ დაუტოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სვანეთის მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. სწორად უნდა განისაზღვროს ის მინიმუმი, რაც ჩვეულებრივ მოსახლეს სჭირდება. დღეს სვანეთში ძალიან ბევრი მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას, რაც ნამდვილად არ სჭირდება და ეს სწორედ მაინინგის გამო ხდება. 

ის, რომ ქვეყანა ჭარბი მოხმარების გამო მძიმე დღეშია, სხვა კუთხითაც საჭიროებს მიდგომის შეცვლას. მმართველობის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად. ენერგეტიკა, როგორც დარგი, გააუქმეს და ეკონომიკის სამინისტროს მიუერთეს, რაც დიდი შეცდომაა. კადრები რომ ავიღოთ, მმართველობაშიც, ძირითადად, არაპროფესიონალები არიან, სადგურები და ქვესადგურები, გარდა „ენგურჰესისას“ გაყიდულია. ლევან მებონია და „ენგურის“ კოლექტივი რომ არა, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უარეს დღეში იქნებოდა. 

პრობლემაც ვერ გვარდება. სექტორში პროფესიონალიზმის დიდი დეფიციტია. ამიტომ გვაქვს სისტემაში ხარვეზი და თუ ეს ოფიციოზმა სერიოზულად არ მიიღო, მუდმივად პრობლემურ წრეზე ვიტრიალებთ“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" მირონ ფირცხელანმა.

დღემდე სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

სვანეთში ჭარბი ელექტრომოხმარების გამო შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე სულ ცოტა ხნის წინ მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ე.წ. ბიტკოინის აპარატების მიერ გაზრდილი ენერგომოხმარება. ამიტომ, აუცილებელია, ბიზნესმა და მათ, ვისაც მაინერის დადგმა სურს, დენის საფასურის გადახდა დაიწყონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე