
ის, რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოსლოს თავისუფლების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ალბათ ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ. გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. მეზობელ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებში ლიდერი იყო. ის რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მოდელი იყო. 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიუხედავად, მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ სუვერენიტეტის შენარჩუნება შეძლო. მაგრამ ძალიან სწრაფად, ის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა. ეს მოსახლეობის გაუცხოება და დამორჩილებაა. ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ. სამწუხაროდ, დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში ვხედავთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, „საქართველო იმ მონეტის მეორე მხარეს წარმოადგენს, რომლის ერთ მხარესაც უკრაინა იარაღით იბრძვის“.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰიბრიდული ომის მეთოდებით სახელმწიფოს ჩუმად ხელში ჩაგდებას. მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების, არჩევნების, სოციალური ქსელების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ეს ყველაფერი კი გეოგრაფიული საზღვრებით არ შემოიფარგლება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



