
"საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ", - განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტო მაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.
გადაწყვეტილებას აფასებენ ენერგოსექტორში. "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლის, ავთო დვალიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ რთული მდგომარეობა, პრობლემის მოგვარების გზა კი კომპლექსურია.
"მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ რომ რთული მდგომარეობა იყო, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. გამოსავალი არის ის, რომ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, საბოლოო ჯამში, ანალიზი უნდა მოხდეს აღრიცხვის ინდივიდუალური საშუალებებით.
პირველ რიგში კი უნდა მოწესრიგდეს საბალანსო აღრიცხვიანობა. ეს კომპლექსური სამუშაოები, რაც ჩამოგითვალეთ, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ელექტროენერგიით მომარაგებას მესტიაში, როგორც საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის, ისე კომერციული აბონენტებისთვისაც", - განაცხადა ავთო დვალიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



