მარიამ ვეკუა
(01.06.2026)

ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის: გასულ უქმეებზე ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ იერიშების მესამე ტალღა დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ახალი მოთხოვნების გამო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა. სანამ აშშ ირანის სამხედრო ობიექტებზე „თავდაცვით დარტყმებს" აანონსებს, თეირანი ამერიკულ ბაზებზე საპასუხო თავდასხმებით იმუქრება, რაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს.

აშშ-ის განცხადებით, გასულ უქმეებზე ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, მეორეს მხრივ, თეირანი ირწმუნება, რომ საპასუხოდ ამერიკულ ბაზას დაესხა თავს. ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე ესკალაციის მესამე შემთხვევაა.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის „აგრესიული ქმედებების" საპასუხოდ მათ „თავდაცვითი დარტყმები" განახორციელეს, რაც საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებასაც მოიცავდა.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ის ავიაბაზა წარმოადგენდა, რომელსაც ამერიკული ძალები ირანზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.

Centcom-ის ინფორმაციით, ქუვეითში მყოფი ამერიკელი სამხედროების მიმართულებით გაშვებული ორი ირანული ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება მოხერხდა და „ამერიკელი პერსონალიდან არავინ დაშავებულა". მანამდე ქუვეითის მხარემაც განაცხადა, რომ მათმა ძალებმა „მტრული" რაკეტებისა და დრონების იერიში მოიგერიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს დილით, პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კრიტიკოსებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება". მისივე თქმით, ირანს „ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა, რაც აშშ-ისთვის ხელსაყრელი იქნება"."

ეს დარტყმები ორ მხარეს შორის დაპირისპირების უახლესი ეპიზოდია მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე, თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი დონალდ ტრამპის მოთხოვნა გახდა, რომელიც შეთანხმების პირობების შეცვლას ითვალისწინებს.

CBS News-ი იტყობინება, რომ ცვლილებები ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის მარშრუტსა და ირანიდან მაღალგამდიდრებული ურანის გატანას ეხება. თეთრ სახლში ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ „მუდმივად ცვლის პოზიციას და ახალ, ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს აყენებს", რაც, მისივე თქმით, ბუნებრივია, „მოლაპარაკებების პროცესს გააჭიანურებს"."

ქვეყნის მთავარმა მომლაპარაკებელმა კვირას განაცხადა, რომ თეირანი არანაირ შეთანხმებას არ დასთანხმდება, სანამ ირანის უფლებები სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი.

აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, მათ შაბათსა და კვირას „თავდაცვითი დარტყმები განახორციელეს ირანის რადარებზე, ასევე დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრებზე". იერიშის სამიზნე ობიექტები ირანის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე ქალაქ გორუკსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე მდებარეობდა

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Centcom-ი აღნიშნავს, რომ ამერიკულმა გამანადგურებლებმა ირანის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე,სახმელეთო მართვის სადგურსა და ორ დრონზე მიიტანეს იერიში, რომლებიც, უწყების ცნობით, „აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში მავალ გემებს". მათივე ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ამერიკელი პერსონალიდან არავინ დაშავებულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ის ბაზა წარმოადგენდა, საიდანაც აშშ-მა სპარსეთის ყურეში, ირანის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარე კუნძულ სირიკზე საკომუნიკაციო კოშკზე მიიტანა იერიში.

CBS News-ის ინფორმაციით, უახლესი შეთანხმების პირობები ძალადობის 60 დღით შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. აღნიშნულ საზღვაო მარშრუტზე გლობალური ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი მოდის, მისი ფაქტობრივი ჩაკეტვის გამო კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, დოკუმენტი ასევე მოიცავს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების ჩარჩო შეთანხმებას - ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ უარყო, რომ აღნიშნული თემა განხილვის საგანს წარმოადგენდა."

ბირთვული დოკუმენტის დეტალებზე არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ომის დასრულებაა", - განაცხადა ბაღაიმ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ ლიბანში კონფლიქტის დასრულება ნებისმიერი შეთანხმების „აუცილებელ პირობად" რჩება და ვაშინგტონსა და თეირანს ჯერჯერობით „საბოლოო დასკვნამდე" არ მიუღწევიათ..

ლიბანი აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში 2 მარტს ჩაერთო.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით რაკეტები იმ იერიშის საპასუხოდ გაუშვა, რომელსაც ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი ემსხვერპლა. ისრაელმა კი აღნიშნულს ლიბანისფრ მასშტაბით საჰაერო კამპანიითა და სახმელეთო შეჭრით უპასუხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე