
ნავთობის საგრძნობი გაიაფება უკვე 10 დღეა გრძელდება. გლობალურ ბაზრებზე ამის მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივი გახსნა, რამაც ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საერთაშორისო ტენდენცია ქართულ ბაზარზე დაახლოებით ივნისის ბოლომდე აისახება, როგორც კი ახალი შესყიდვა განხორციელდება. სექტორში აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან შეკვეთები დაიწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდება ფასების კლების დინამიკა.
რაც შეეხება ფასს, ამ დროისთვის „პლატცის“ მიხედვით ბენზინისა და დიზელის ღირებულება დაახლოებით თანაბარია და 1 ტონაზე 1000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
კომპანია „სენტას“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, საცალო ქსელში ფასი დაკორექტირდება როგორც კი ახალი შესყიდვა დაიწყება. თუმცა კონკრეტულად რამდენით შეიძლება გაიაფდეს საწვავი, პროგნოზი ნაადრევია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაგრძელდება ტენდენცია საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანია ისიც, არსებული დინამიკა რა პერიოდით შენარჩუნდება.
„ცნობილია, რომ „პლატცის“ ფასი შემცირდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ ცვლილება ჩვენთანაც აისახება. თუკი არსებული ტრენდი შენარჩუნდება, შემდეგი შემოტანილი საქონელი უკვე უნდა იყოს იაფი. გაიაფებული საწვავი ჯერ არ არის საქართველოში, ამიტომ არსებულ ფასს ვინარჩუნებთ. ჯერჯერობით ვერ გავაიაფებთ.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოხერხდება ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმება და ეს საწვავის შესასყიდ ფასს დაეტყობა. დღესდღეობით ჰორმუზის სრუტიდან ტანკერებმა ასე თუ ისე დაიწყო გამოსვლა, ესეც დადებითი ტენდენციაა.
ახალი შეკვეთა იქნება, შესაძლოა, მომავალი კვირიდანაც და ივნისში უკვე მომხმარებელს ახალ ფასს შევთავაზებთ. სავარაუდოდ, 3 კვირაში ან ერთი თვის ფარგლებში იქნება ცვლილება. თუმცა რა მოხდება ხვალ და როგორ გაგრძელდება სამომავლოდ, რთულია თქმა. ჯერ შესყიდვის ახალი ფასი უნდა დადგინდეს და შესაბამისად, შეიცვლება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულება.
მართალია, სტაბილურობა არის, მაგრამ გარანტირებულად რაიმეს თქმა ჯერ კიდევ გვიჭირს, არ ვიცით, როდის როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება. ამჟამინდელი ტენდენცია საიმედოა და ვფიქრობთ, ეს მოცემულობა შენარჩუნდება. ცხადია, როცა მცდელობაა, რომ ეკონომიკა დალაგდეს, ეს ბიზნესზეც აისახება. თუ მშვიდობა იქნება, აუცილებლად დასტაბილურდება ფასი, რაც მერე მომხმარებლისთვის უფრო თვალსაჩინო იქნება", - უთხრა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ დინამიკა დადებითია, ფასის მასშტაბური კლების წინაპირობა მაინც არ ჩანს და ტენდენცია შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს.
თავისუფალი ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ დაფიქსირებული 3-4%-იანი კლება დროებითია და სისტემურად საკითხს ვერ მოაგვარებს.
„გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია საკმაოდ სენსიტიურია. არ არის ისეთი მოცემულობა, რომ ფასის შეუქცევადი კლება განაპირობოს. მთავარი პრობლემა, ირან-ამერიკის კონფლიქტის სახით, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. სულ ახლახან ამერიკამ ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. აქედან გამომდინარე, დაძაბულობა ჯერ კიდევ მაღალია. შესაბამისად, ესაა საკითხი, რაც ნავთობის გლობალურ ფასზე გავლენას ახდენს.
ნავთობპროდუქტების გაიაფების შეუქცევადი ნიშნები ამ ეტაპზე არ იკვეთება. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში არსებითად არ ველოდებით ფასების კლებას, 3%-იანი კლება დადებითი ფაქტია, მაგრამ საკითხს სისტემურად ვერ გადაწყვეტს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაშია“, - აღნიშნა ბაირახტარმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ეკონომისტის აზრით, მიმდინარე თვეში რაიმე თვალსაჩინო შედეგი არ არის მოსალოდნელი და მაღალი ფასი, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.
„ადგილობრივი იმპორტიორები საერთაშორისო ტენდენციებს აკვირდებიან. რა მონაცემებიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია, გაუმჯობესების საფუძველს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, დროის მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი გაიაფებას არ უნდა ველოდოთ რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. მით უფორ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ღირებულების შემცირება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
ზაფხულის სეზონია და მაღალმა მოთხოვნამ შეიძლება ისევ გააძვიროს. თუმცა ფასების კონტრიბუცია იმდენად მაღალი არ არის, რომ ბაზარზე რაღაც რეალური გავლენა მოახდინოს. საწვავის ფასზე უფრო მნიშვნელოვანი მდგენელები და ცვლადები მოქმედებენ, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარეობენ. ამდენად, სხვა ფაქტორების გავლენა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სეზონური ცვლილება. დადებითი დინამიკის შენარჩუნება გაჭირდება და არ გამოვრიცხავ, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალოს, სწორედ არსებული არასტაბილურობის გამო“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმების შესახებ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომ ტანკერებმა სრუტის დატოვება დაიწყეს, ბაზარზე მიწოდების რისკების შემცირების სიგნალად აღიქმება.
ანალიტიკოსების შეფასებით, მთავარი ფაქტორები ამ ეტაპზე უფრო დადებითი მოლოდინია, რომ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება და რეგიონში გადაადგილება სრულად აღდგება. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული ბაზრები შეიძლება გადავიდეს შედარებით სტაბილურ ფაზაში, რაც პირდაპირ შეამცირებს საწვავის ღირებულებას საერთაშორის მასშტაბით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



